თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დღეს კომპანიის ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
"გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?! ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! როგორ შეიძლება დედაქალაქს ეძახდე აყროლებულ ქალაქს და ხარობდე ნაგვის გადავსებული ქუჩების ხილვით?!“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ცილისწამება მოიმატებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული საქმეებითა და პროექტებით უპასუხებს.
"ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, არ შევდივარ პოლიტიკურ ოპონენტებთან დავაში პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას პროვოკაცია მოუწყოთ თბილისელებს, შელახოთ და ფეხქვეშ გათელოთ თბილისის იმიჯი. ამ ბრძოლაში ვიყავი და ვარ უკომპრომისო. ნაგვის გატანა ღირსეული საქმეა და ამას აუცილებლად ყოველთვის გავაკეთებთ. ყოველთვის დავუდგებით ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს გვერდით. ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რა თქმა უნდა, არ იქნება ის მეთოდები, რასაც თუნდაც თქვენ ჩვენთან მიმართებაში იყენებთ. ჩვენ დავდგებით ყველაფერზე მაღლა და იმ ბოროტებას, სიბინძურეს და ცილისწამებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო მეტი იქნება, ამ ყველაფერს კონკრეტული საქმეებით - გაკეთებული, განხორციელებული პროექტებით და სამომავლო გეგმებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.