ავტორი:

"სუს-ში ორი რამის გამო მოვედი, სული ტკბილია და ბოდიში, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ცოცხალი ვიქნები თუ არა" - ნიკა გვარამია

"სუს-ში ორი რამის გამო მოვედი, სული ტკბილია და ბოდიში, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ცოცხალი ვიქნები თუ არა" - ნიკა გვარამია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება და დასძენს, რომ თუ მის წინააღმდეგ რამე მოხდება, ეს ქვეყანაში მნიშვენლოვან პრობლემებს გამოიწვევს.

"ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია, ან რაღაც პროვოკაცია, თუმცა, იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია სიმართლე იყოს. ორი რამის გამო მოვედი აქ, სული ტკბილია და ბოდიში, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის ცოცხალი ვიქნები თუ არა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ ერთი სახელმწიფოსთვის, ამ სახელმწიფოს რუსეთი ჰქვია და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რუსულ პოლიტიკას ატარებს. ამ დაწესებულებას ვენდობი თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, სრულად გადავეცი ინფორმაცია, საქმე მათზეა, ან უნდა თქვან ეს მოგონილი ინფორმაციაა, ან უნდა თქვან, რომ რეალური საფრთხეა", - აღნიშნავს ნიკა გვარამია.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თქმით, მას დაცვის ღონისძიებებიც შესთავაზეს, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

"ყველა ინფორმაცია ჩამომართვეს, გააგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ეს შემოთავაზებულია, მაგრამ არ არის ეს ჩემთვის მარტივად გადასაწყვეტი",- აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ მიმართა მის ინფორმატორს აღნიშნულ თემაზე საჯაროდ გააკეთოს განცხადება.

„მინდა მივმართო ინფორმატორს, რომელიც მე არ დავასახელე იმიტომ, რომ ჟურნალისტური პრივილეგია მაქვს. მინდა მივმართო მას, ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ამ შენობაში მოვიდეს, ან როგორი ფორმითაც თვითონ ჩათვლის, მიაწოდოს ოფიციალურად ინფორმაცია. მგონი, მალვის და ასეთ სიტუაციებში გვერდით გაწევის დრო არ არის. სიტუაცია სერიოზულია, რაც არ უნდა იყოს, გინდა მართალი იყოს, გინდა ტყუილი. ტყუილის შემთხვევაშიც სერიოზულია, ეს ტერორის ფორმაა, როდესაც ამგვარი ინფორმაციით, მორალურ წნეხს ახორციელებენ შენზე. ვფიქრობ, მან უნდა გადაწყვიტოს, მოვიდეს და ილაპარაკოს", - დასძენს გვარამია და აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, "ადამიანებმა, რომლებმაც ეს ოპერაცია უნდა განახორციელონ, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან".