ავტორი:

ორთაჭალაში, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე, კულტურის ცენტრი იხსნება

ორთაჭალაში, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე, კულტურის ცენტრი იხსნება

ორთაჭალაში, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც ციხის შენობასა და ტერიტორიაზე კულტურის კერა გაჩნდება და ის ადგილი, რომელიც "ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდათა შეკრების და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური კერა გახდება“.

"მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

"ალტერნატიული კულტურული სივრცე N12“ - ასეთია ამიერიდან ამ სივრცის სახელწოდება. ის 10 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) გაიხსნება. სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან“,- აღნიშნავენ უწყებაში.