ავტორი:

"პირველი შემთხვევაა, რომ ძმათა სასაფლაოზე პატივს ვერ მივაგებ გმირებს..." - რას წერს თინა ხიდაშელი

"პირველი შემთხვევაა, რომ ძმათა სასაფლაოზე პატივს ვერ მივაგებ გმირებს..." - რას წერს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 8 აგვისტოს ომიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"პირველი შემთხვევაა, რომ ძმათა სასაფლაოზე პატივს ვერ მივაგებ გმირებს.

სამწუხაროდ, ჯერ ისევ უძლურება დომინორებს ჩემში, მაგრამ ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა.

იქნებ მოვახერხოთ ერთი დღე მაინც ვიყოთ ერთიანი - ომის შეფასებაში, მტრის დაგმობაში, მოყვარისადმი მადლიერებაში…

ვემსახუროთ საქართველოს!" - წერს თინა ხიდაშელი.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.