ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დაპირისპირება ძიუდოში სავსე იყო უამრავი საინტერესო მომენტით. ჩვენთვის დაუვიწყარი და ემოციური გამოდგა ლაშა ბექაურის ოქროს, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის და ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედლები, თუმცა ქართველი ძიუდოისტების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაგვამახსოვრეს თავი. ზოგიერთმა მათგანმა წარმატებული ასპარეზობით, ზოგმაც უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით, ასევე ოჯახური ტრიუმფით.
იყო სკანდალებიც, მაგალითად, როდესაც ალჟირელმა სპორტსმენმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგანაც მისი პოტენციური მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი იყო. კორეელმა გოგონამ კი იმისათვის, რომ წონით კატეგორიაში "ჩატეულიყო", თმა გადაიპარსა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონელი და-ძმა, ძიუდოისტები, რომლებმაც ოქროს მედლები 30 წუთის სხვაობით მოიგეს.
თავდაპირველად ოქრო 21 წლის გოგონამ, უტა აბემ აიღო, რომელიც 52კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფრანგი ამანდინ ბიუშარი დაამარცხა. ორი ორთაბძოლის შემდეგ კი, ტატამზე უტას ძმა, 23 წლის ხიფუმე აბე გამოვიდა და 66 კმ-მდე წონაში ჩვენებური ვაჟა მარგველაშვილი დაამარცხა.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება ძიუდოში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე. ვაჟა მარგველაშვილის ღირსეული წინააღმდეგობით აღფრთოვანებულმა მაყურებელმა ის ტაშით დააჯილდოვა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ხიფუმე აბე ვაჟასთან, როგორც ღირსეულ მეტოქესთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.
"ჩემმა დამ პირველმა მოიგო ოქრო, მაგრამ ამის გამო არანაირი წნეხი არ მიგრძვნია. ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი!“, - თქვა ხიფუმი აბემ ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ბუდოკანი“ ძიუდოსთვის საუკეთესო ადგილია, ძალიან მინდოდა ტატამიდან ამაყი და თავაწეული წამოვსულიყავი. და ეს გავაკეთე კიდეც. ჩემი ოცნება ახდა. ახლა რაც ჩემს თავს ხდება, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.
როცა მკითხეს, რა იყო უფრო რთული - ჩემი ჭიდაობა, თუ ჩემი ძმის ჭიდაობის ყურება, ალბათ, ჩემს ჭიდაობას ვიტყოდი. ფინალში ორი რამ იყო გადამწყვეტი - მოთმენა და შეცდომის არ დაშვება. ორივე გამომივიდა და ამიტომ მოვიგე", - ამბობს უტა აბე.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა დამ და ძმამ დიდ ტურნირზე ერთსა და იმავე დღეს გაიმარჯვეს. პირველად მათ ეს 2018 წელს, ბაქოში, მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლეს. 2019 წელს ტოკიოში, უტამ ოქრომდე მიაღწია, ხიფუმე კი ½ ფინალში შეაჩერეს.
ხეფუმი და უტა ერთ უბრალო იაპონურ ოჯახში გაიზარდნენ. მათ უფროსი ძმაც ჰყავთ, რომელიც თავადაც ძიუდოთი იყო გატაცებული, საკმაოდ დიდ იმედებს იძლეოდა, თუმცა ერთხელ წყალბურთი ნახა და იმის შემდეგ სპორტის ამ სახეობაში გადავიდა.
უმცროს დას ძიუდოზე სიარული ძმებმა შთააგონეს. გოგონას თქმით, მამას უნდოდა, რომ მუსიკალურ სკოლაში ევლო, ფორტეპიანოზე დაკვრა ესწავლა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მამის სურვილი შეასრულა, თუმცა ძიუდოს სიყვარული უზარმაზარი აღმოჩნდა.
გოგონას ძალიან მოეწონა ჭიდაობა. თანაც, უტა ხედავდა, რომ მის ძმას, ხიფუმის შრომა ფასდებოდა და პატარ-პატარა, მაგრამ რეგულარულ წარმატებებს აღწევდა. საინტერესოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპორტის მიმართ ინტერესი დაკარგა, მაგრამ თანატოლ ნამე ნაბეკრუისთან მარცხმა უსასრულო მოტივაცია მისცა.
ხიფუმი და უტა რადიკალურად შემტევი სტილით გამოირჩევიან. ისინი ჭიდაობის პირველივე წამებიდან იპონით გამარჯვებაზე იწყებენ ნადირობას. უტას თქმით, მისი სტილი "70%-ით ძმის გავლენით ჩამოყალიბდა“. "ჩემს ძმას უნდა ვუმადლოდე. ის რომ არა, არც ვიცი, როდესმე ძიუდოთი თუ დავკავდებოდი“, - ამბობს უტა აბე.
ხიფუმის ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ორი გამარჯვება აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, "დიდი სლემის“ ტურნირი 9-ჯერ მოიგო, ასევე, 2015 წელს ტაშკენტის "გრან-პრის" მფლობელიც გახდა.
უტამ კი ორჯერ იზეიმა მსოფლიო პირველობა, 6-ჯერ დაეუფლა "დიდი სლემის“ ტურნირს, 3 "გრან-პრის“ მოუყარა თავი. თანაც, პირველი "გრან-პრი“ 16 წლის ასაკში მოიგო - რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ავტორი: ანრი კურტანიძე