ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთი თავის მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებს. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტმა ცხინვალში განაცხადა, სადაც ე.წ. ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების გადამწყვეტი და დროული ქმედებების დამსახურებით, რუსეთის არმიამ აგრესორი გაანადგურა.
ბჟანიას თქმით, ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ მიუტოვებია აზრი, დაიპყროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ მოუწერია ხელი სამშვიდობო შეთანხებისთვის.
„სწორედ ამიტომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აძლიერებენ თავის შეიარაღებულ ძალებს, ზრდიან რუსეთთან სამხერდო-ტექნიკურ თანამშრომლობას. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამ დიდი ქვეყნის, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მიიღო თამამი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“, - აღნიშნა ბჟანიამ.