სენატორი ჯინ შაჰინი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველი პარტნიორების გვერდით დგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერ საქმეში.
„13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამაც დასაბამი მისცა საქართველოსთან ხანგრძლივ კონფლიქტს. ეს ასევე დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას და ქართველი პარტნიორების გვერდით ვდგავართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერ საქმეში“, - წერს სენატორი „ტვიტერზე“.
შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ენ ლინდემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"დღეს 13 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში", - წერს ლინდე “ტვიტერზე“.
13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, - ამის შესახებ კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა და უნდა გაგრძელდეს ზეწოლა.
"მიზანი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა რუსეთის მიერ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია", - წერს პრემიერი "ტვიტერზე".
აგვისტოს ომის მე-13 წლისთავს "ტვიტერზე" ეხმაურება რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი.
"პუტინი დიდ სიამოვნებას იღებს იმის ცოდნით, რომ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა დაივიწყა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. იგი იმავეს იმედოვნებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით", - წერს ყოფილი ელჩი.
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.