ავტორი:

14 წლის გოგონა მშობიარობის დროს გარდაიცვალა - ზიმბაბველი "ბავშვი პატარძლის" შემზარავი ამბავი, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

14 წლის გოგონა მშობიარობის დროს გარდაიცვალა - ზიმბაბველი "ბავშვი პატარძლის" შემზარავი ამბავი, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

ზიმბაბვეს პოლიცია იძიებს 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს. როგორც BBC წერს, მოზარდი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს კი საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

გოგონა გასულ თვეში ეკლესიის სალოცავში გარდაიცვალა, რომელიც მარანჟის რეგიონის აღმოსავლეთით მდებარეობს. როგორც მედია წერს, 14 წლის მაჩაია იძულებული გახდა სკოლაში სიარულზე, განათლების მიღებაზე უარი ეთქვა და დაქორწინებულიყო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ზიმბაბვეს მთავრობას, ბავშვთა ქორწინება დანაშაულად აღიაროს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა შეწყდეს. ორგანიზაცია გამოთქვამს "ღრმა შეშფოთებას და "მკაცრად გმობს“ მომხდარს.

მედიის ცნობით, გოგონა ზიმბაბვეს სამოციქულო ეკლესიაში გარდაიცვალა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, უარყოფს მედიცინას და ჰოსპიტალურ მკურნალობას. ადგილობრივი მედია, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვი გადარჩა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

გარემოებებს, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი, ქვეყნის პოლიცია სწავლობს. მოქალაქეებმა კი ონლაინც პეტიცია შექმნეს, სახელად "სამართლიანობა მაჩაიასთვის“. პეტიციას 57 000-ზ მეტი ხელმოწერა აქვს. ზიმბაბველი ქალების უფლებადამცველები ამბობენ, რომ დროა, ადამიანებმა მოახდინონ ზეწოლა მათზე, ვისაც კანონის დაცვა, ან ახალი კანონების შემოღება ევალება.

მათი განცხადებით, ქვეყანაში ქალებს და გოგონებს სრულფასოვან ადამიანებად არ თვლიან და არ აღიარებენ მათ უფლებებს, არ აძლევენ ნებას თავიანთ სხეულზე თავად ჰქონდეთ კონტროლი.

კანონის თანახმად ზიმბაბვეში გოგონას დაქორწინება18 წლის ასაკიდანაა ნებადართული, თუმცა, ამის მიუხედავად, ოჯახების ნაწილი მათ ადრეულ ასაკში აქორწინებს. ზოგიერთ ოჯახში ბავშვთა ქორწინება ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. ზოგიერთ ბავშვს დაქორწინებამდე ჰპირდებიან, რომ მათ სკოლაში სიარულის შესაძლებლობას მისცემენ, თუმცა გოგონები ორსულდებიან და იძულებულნი ხდებიან, საოჯახო საქმეები შეასრულონ და განათლების მიღებაზე უარი თქვან.

წყარო: BBC.com