ავტორი:

"წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს" - პრემიერის თქმით, მერების ხელფასები გაორმაგდება

"წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს" - პრემიერის თქმით, მერების ხელფასები გაორმაგდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. როგორც მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტა, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას და წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა.

მისივე თქმით, ასევე გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს.

,,მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე, ერთიანი ხედვა სამინისტროს არ წარუდგენია. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით და განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას, რასაც აუცილებლად მოვაგვარებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.