პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებს მოუწოდა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ვაქცინაცია ჩაიტარონ. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტი უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს სიკვდილისგან იცავს. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება აცრილი ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება აბსოლუტურად გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში რამდენიმე მაგალითს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ჩავატაროთ თავისუფალი და კოვიდ უსაფრთხო არჩევნები.
„ჩვენ ახლა არჩევნებს ვუახლოვდებით, აქტიურ ფაზაში შევდივართ. გუშინ, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას ოფიციალურად გავაკეთებთ, უახლოეს დღეებში მინისტრს და ასევე კოლეგებს შეხვედრა ექნებათ ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.
ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩვენები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია.
ვინაიდან, ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მინდა, ჩვენ კანდიდატებს ვთხოვო, ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როდესაც მოსახლეობასთნ შეხვედრები ექნებათ, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ მათაც ანალოგიურად ატარონ აღნიშნულ შეკრებებზე პირბადე“, - აღნიშნავს პრემიერი.