ავტორი:

"ჯგუფი "მედგიდი", მიზანმიმართული შეტევის შედეგად, დაბლოკილია..." - რას წერს სოფო ჯაფარიძე

"ჯგუფი "მედგიდი", მიზანმიმართული შეტევის შედეგად, დაბლოკილია..." - რას წერს სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძის ჯგუფი "მედგიდი", რომელიც პანდემიის დროს ხალხის სამედიცინო დახმარების მიზნით შეიქმნა, დაიბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი-სტომატოლოგი, ტელეწამყვანი და "ენმ"-ის წევრი სოფო ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს. როგორც ჯაფარიძე წერს, ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაიბლოკა.

"მეგობრებო, ძალიან სამწუხარო მოცემულობა უნდა გაგაცნოთ - ჯგუფი "მედგიდი", მიზანმიმართული შეტევის შედეგად, დაბლოკილია. ჯგუფი აერთიანებდა 103,000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი - მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი „მედგიდი“ რჩებოდათ, რომელიც ფაქტობრივად დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა).

აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია. ფაქტობრივად, 1 წელია „მედგიდი“ 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო - დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე.ზემოთხსენებულის შედეგად, ჩემთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ადამიანების გარკვეული ჯგუფი მიზნად ისახავდეს ჯგუფის დისფუნქციას.

არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ბოროტი ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომლებიც კეთილ საქმესაც კი ნებისმიერი გზით აფერხებენ. არ მინდა დავიჯერო, რომ ნებისმიერ დარგში ადამიანები პოლარიზებულები არიან!

ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ გამოვკეთო, რომ ეს იყო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სიკეთის კეთებაზე იყო ორიენტირებული, თანაც სრულიად უანგაროდ.

იცოდეთ, რომ თუ რამე გზა არსებობს, რომელიც მედგიდის ფუნქციონირებას აღადგენს, ყველაფერს შევეცდებით. გამაგრდით, მეგობრებო, და გახსოვდეთ მედგიდი ჩემთვის, შენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის! სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს და ჩვენც, საჭიროებისამებრ, კვლავ თქვენი საყრდენი ვიქნებით", - წერს სოფო ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ჯგუფი 2020 წლის ნოემბერში გართულებული ეპიდსიტუაციის დროს შეიქმნა.