ავტორი:

"ტროპიკული ციკლონები ძლიერდება, გვალვები 1.7-ჯერ უფრო ხშირია" - რა წერია კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ საერთაშორისო ანგარიშში

"ტროპიკული ციკლონები ძლიერდება, გვალვები 1.7-ჯერ უფრო ხშირია" - რა წერია კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ საერთაშორისო ანგარიშში

კლიმატის ცვლილება ადამიანის ზემოქმედების შედეგია, - ამის შესახებ „კლიმატის ცვლილების შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

Reuters-ი წერს, რომ ანგარიშის მკაცრი ტონი განსხვავდება კომისიის წინა დოკუმენტისგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ კლიმატის ცვლილება, დიდი ალბათობით, ინდუსტრიული საქმიანობის შედეგია.

„ამ წინადადებაში არ არსებობს გაურკვეველი ენა, რადგან არ არსებობს გაურკვევლობა იმაში, რომ გლობალური დათბობა გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით და წიაღისეული საწვავის წვის შედეგად”, - განაცხადა ანგარიშის თანაავტორმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის კლიმატოლოგმა ფრედერიკო ოტომ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექსტრემალური კლიმატური მოვლენები, რომელიც ოდესღაც იშვიათად ან უპრეცედენტოდ ითვლებოდა, უფრო ხშირი ხდება და ეს ტენდენცია გაგრძელდება მაშინაც კი, თუ მსოფლიო გლობალური დათბობის 1.5C-მდე შეზღუდვა მოხდება.

„ძლიერი სითბური ტალღები, რომლებიც მხოლოდ 50 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა დაახლოებით, ათ წელიწადში ერთხელ ხდება. ტროპიკული ციკლონები ძლიერდება. ძლიერი გვალვები 1.7-ჯერ უფრო ხშირია, ხანძრის სეზონი კი, უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური ხდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ გაგრძელდება ზღვის დონის ზრდა. დაიწყო გარკვეული პროცესები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია. ზღვის დონემ მიმდინარე საუკუნეში, შესაძლოა, 0.5 მეტრზე მეტი მოიმატოს. უკვე დაიწყო სანაპირო წყალდიდობების გაძლიერება და დიდი ალბათობით, გაგრძელდება მომავალშიც. მეცნიერები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ემისიების ძალიან მაღალი დონის პირობებში, 2100 წლისთვის ზღვის დონემ 2 მეტრით, 2150 წლისთვის კი - 5 მეტრით მოიმატოს.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეფასებით, „კლიმატის ცვლილების შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის“ ანგარიში კაცობრიობისთვის „წითელი კოდია.“

„თუ ჩვენ ახლა გავაერთიანებთ ძალებს, შეგვიძლია ავიცილოთ კლიმატის კატასტროფა. როგორც დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს, დაყოვნების დრო არ არის”, - აღნიშნა გუტერეშმა.