ავტორი:

"ჯავახეთის ზეგანზე ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრებმა" - რა პროცესზე მიანიშნებს გახშირებული ბიძგები და როგორ პროგნოზს აკეთებენ სეისმოლოგები

"ჯავახეთის ზეგანზე ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრებმა" - რა პროცესზე მიანიშნებს გახშირებული ბიძგები და როგორ პროგნოზს აკეთებენ სეისმოლოგები

ბოლო პერიოდში საქართველოში მიწისძვრების რაოდენობამ მოიმატა. საბედნიეროდ, მხოლოდ დაბალი კლასის, ძირითადად, 3-4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შეინიშნება. სეისმოლოგების განმარტებით, მოხდარი მიწისძვრების აბსოლუტური უმრავლესობა ვულკანური წარმოშობის ჯავახეთის ქედზე მოდის.

არის თუ არა დამაფიქრებელი გახშირებული მიწისქვეშა ბიძგები და რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა არსებული სიტუაციის შეფასება - AMBEBI.GE ილიაუნის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ისნტიტუტის“ სეისმოლოგს, მანანა ძმანაშვილს ესაუბრა.

- შეგვიძლია თუ არა გადაჭრით იმის თქმა, რომ მიწისძვრების რაოდენობამ საქართველოში საგრძნობლად მოიმატა?

- დიახ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში საქართთველოში მიწისძვრები გახშირდა. ეს ძირითადად ხდება ჯავახეთის ზეგანის ხარჯზე, სადაც ივნისი-ივლისის პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრების რაოდენობამ. ხდება ხოლმე ასე პერიოდულად. ხან ერთი რეგიონი აქტიურდება, ხან - მეორე. აი, მაგალითად, ადრე საქართველოში, ამ მხრივ, აქტიური რეგიონი იყო რაჭა. 1991 წელს და 2009 წელს საკმაოდ ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რომლებსაც შემდეგ მოჰყვა საკმაოდ ბევრი მცირე მიწისძვრა და თანდათან მიილია.

- რომლებია სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონები საქართველოში?

- რაჭა და ჯავახეთის ზეგანი. შეიძლება ითქვას, ისინი ენაცვლებიან ერთმანეთს და მორიგეობით აქტიურდებიან. ახლა ჯავახეთია აქტიური.

- ეს გახშირებული მცირე მიწისძვრები ხომ არ არის წინმსწრები, რაიმე უფრო მასშტაბური პროცესის?

- არა, ნამდვილად არ არის ასე! რაც ახლა ხდება, ამაზე ცუდი მოლოდინების დაშენება, არასწორი იქნება. მით უფრო, როცა ამის ობიექტური მიზეზი არ გვაქვს. პირიქით, უფრო კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა მიმდინარე პროცესები. უკეთესიც კი არის, რადგან 3-4 მაგნიტუდის მიწისძვრებით ენერგია გამოთავისუფლდება და გროვდება ერთიანად. ზოგადად, ჯერ დიდი მიწისძვრა ხდება ხოლმე, და მას შემდეგ მოსდევს მცირე კლასის მიწისძვრების კასკადი. მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ სეისმოლოგიაში, რაიმე მტკიცე ვარაუდის გამოთქმა არ ხდება, რადგან არ იძლევა ეს დარგი ამის საშუალებას. რა მოხდება სამომავლოდ არავინ იცის და ვერავინ გათვლის ამას. საბოლოოდ რომ ვთქვათ, გახშირებული მიწისძვრები კანონზომიერების ფარგლებშია და რაიმე ცუდ სცენარზე არ მიუთითებს.

- რაც შეეხება თბილისს, გასულ წლებთან შედარებით ხომ არ გააქტიურებულა სეისმურად?

- თბილისში არანაირი განსაკუთრებული აქტივობა არ შეინიშნება, მხოლოდ ჯავახეთის ზეგანზეა გააქტიურებული პროცესი, რაც, როგორც გითხარით, პოსტ-ვულკანური პროცესით არის განპირობებული. ეს კერა თბილისთან კავშირში არ არის.