ჩვენს ქვეყანაში ჩვენი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას, საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფრის საფუძველი მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარეშეც არ განვითარდება ქვეყანა და მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი იქნება.
„მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგული მხარდაჭერისთვის, ჩვენი გუნდისადმი, პარტიისადმი. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ ბოლო 7 არჩევნებში გაიმარჯვა დამაჯერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად, ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სტაბილურობის და მშვიდობის დამყარება. მოდით, ვთქვათ გულწრფელად, ერთი წამით დავფიქრდეთ, როდის ყოფილა ასეთ ხანგრძლივი სტაბილური და მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს ქვეყანაში? გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. როგორ მოვექეცით ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს როგორ მოვექეცით. გვქონდა ომები, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა - ათასი უბედურება და დესტაბილიზაცია გამოსცადა ჩვენმა ქვეყანამ. შემდეგ, თითქოს დასტაბილურდა ყველაფერი, თითქოს რაღაც ახალი ტალღა დაიწყო მშვიდობის და განვითარების, მაგრამ შემდეგ ფატალურად დასრულდა ესეც, მოჩვენებითი, რაღაც ერთგვარი მშენებლობა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.
ომი არის ყველაზე საშინელება, მეგობრებო და კიდევ ვიმეორებ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას ომს, ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, მმართველი არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებს გაგვიხდა სანატრელი და საოცნებო მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაფრის საწყისი, საფუძველი, საძირკველი არის მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობის გარეშე, მეგობრებო, არ განვითარდება არც ქვეყანა, არც ქალაქი, არც რაიონი, არც სოფელი. იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების შესახებაც ისაუბრა.
„გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც თავის ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გამოდიოდა და ისევ საუბრობდა ომზე. ჟურნალისტი რა თქმა უნდა, ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას, ომი რომ იყოს დღეს, რა მოხდებოდაო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ეს მჩაგვრელი, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა ჩამოაშორა ჩვენს ქვეყანას 8 წლის წინ და დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვართ მართლაც ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის, მოგვდის შეცდომები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შეცდომები. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა. მმართველი არ არის გამონაკლისი და გამორჩეული ადამიანი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველას მოსდის შეცდომაც, ხარვეზები, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებთ. რაც მთავარია, ჩვენ მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.