"საინტერესო არ არის ჩემთვის და არ იქნება სწორი ოპონენტების შეფასება დავიწყო, ან მათი საარჩევნო კამპანიის... მე მაქვს ჩემი გზა, ჩემი ხედვა, ჩემი გეგმები და მაქვს ჩემი კონცეფცია", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის წარადგენს კონცეფციას, თუ რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება დედაქალაქში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
"საარჩევნო კამპანია არის იმისთვის, რომ საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდოს ინფორმაცია იმ პროექტებზე და საკითხებზე, რომლებიც აწუხებთ მათ და რა სამუშაოები, რა პროექტები იქნება განხორციელებული რეგიონში, ასევე, დედაქალაქში. უახლოეს მომავალში პირადად ვაპირებ წარვადგინო ჩემი ხედვა, კონცეფცია თუ რაზე დაეყრდნობა ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ამაზე სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდი დედაქალაქის მოსახლეობას. საინტერესო არ არის ჩემთვის და არ იქნება სწორი ოპონენტების შეფასება დავიწყო ან მათი საარჩევნო კამპანიის, მე მაქვს ჩემი გზა, ჩემი ხედვა, ჩემი გეგმები და მაქვს ჩემი კონცეფცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის გალამაზება და განვითარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა ხელისუფლების კრიტიკას და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივია, რადგან ისინი დღესაც პოლიტიკაში არიან.
„ისინი დღეს პოლიტიკაში არიან და ჩვეულებრივია, როდესაც პარალელს ავლებ რა იყო და რა არის დღეს და რა გინდა იყოს მომავალში“, - აღნიშნა კალაძემ.