ავტორი:

ბავშვობაში ძაღლმა დაგლიჯა, სმენადაქვეითებულმა ოლიმპიადა მოიგო, ხოლო მუსოლინიმ მოღალატე უწოდა - იტალიელი მოკრივის ტრაგიკული ისტორია

ბავშვობაში ძაღლმა დაგლიჯა, სმენადაქვეითებულმა ოლიმპიადა მოიგო, ხოლო მუსოლინიმ მოღალატე უწოდა - იტალიელი მოკრივის ტრაგიკული ისტორია

კრივი მაფიოზების საყვარელი სპორტია. გასულ საუკუნეში კრივზე დიდ გავლენას კრიმინალური ავტორიტეტები ახდენდნენ და ასტრონომიულ თანხებს გამოიმუშავებდნენ. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდი კი ამ სპორტისთვის საიდუმლოებითა და უამრავი შავი ლაქით გამოირჩევა.

ჩვენამდე ზოგიერთი დიდი ბრძოლის ჩანაწერმაც ვერ მოაღწია, თუმცა ერთი ისტორია გამორჩეულია და მისი დავიწყება შეუძლებელია.1928 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული იტალიელი კარლო ორლანდი გახდა.

ორლანდი 1910 წლის 23 აპრილს დაიბადა. ზოგი მონაცემით მილანში, ხოლო ზოგით - სერენიოში. პატარაობაში მას თავს ძაღლი დაესხა და სასტიკად დაგლიჯა. ყელისა და მხრის არეში სერიოზული, ღრმა იარები ჰქონდა. ამის გამო ბიჭუნამ სმენა დაკარგა, ხოლო როცა ლაპარაკს ცდილობდა, ადამიანისთვის უჩვეულო ხმებს გამოსცემდა.

კარლო სულ მარტო იყო - მას აღარ შეეძლო კომუნიკაციის დამყარება გარშემო მყოფებთან და სხვა ბავშვებს თავისი უჩვეულო ხმებით აშინებდა. თუმცა ბიჭუნამ მტკიცე ხასიათი გამოავლინა და რთული პერიოდის დაძლევა შეძლო.

უფრო მეტიც, მოზარდობის პერიოდში თავისი გზა იპოვნა. კინოთეატრში ნახა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, ჯეკ დემფსის ბრძოლა. სეანსის შემდეგ კი იცოდა, რომ მისი ცხოვრების მთავარი საქმე კრივი გახდებოდა.

ჯეკ დემფსი

კარლო კრივის დარბაზში მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ სმენადაქვეითებული იყო, მწვრთნელმა გუნდში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ორლანდი საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა - მალე აითვისა კრივის საფუძვლები, კარგად "კითხულობდა“ მოწინააღმდეგეს და რაც მთავარია, გამოირჩეოდა მებრძოლი სულითა და შეუპოვრობით.

იტალიელი საკმაოდ დაბალი იყო - 1.58 სმ, ჰქონდა გრძელი, განიერი ცხვირი, დიდი ყურები და მუქი ფერის კანი. ის ტიპურ მილანელს საერთოდ არ ჰგავდა. ზედმეტსახელად "ზანგი“ შეარქვეს. დიახ, ეს არ ჟღერს ტოლერანტულად, თუმცა იმ პერიოდისთვის ნორმად ითვლებოდა.

რამდენიმეწლიანი ვარჯიშის შემდეგ, ორლადის გაჩერება შეუძლებელი ხდებოდა. ჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა მოყვარულებში, 18 წლის ასაკში კი 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე მოხვდა. იტალიელი მოკრივეებისთვის ეს ოლიმპიადა უმნიშვნელოვანესი იყო. მუსოლინი განსაკუთრებულ წარმატებებს მოკრივეებისგან ითხოვდა.

მსუბუქ წონაში სამი გამოკვეთილი ფავორიტი სახელდებოდა: გერმანელი ფრანც დუბერსი, ამერიკელი სტივ ჰალაიკო და შვედი გუნარ ბერგგრენი. გერმანელი პირველივე შეხვედრიდან გავარდა, ჰალაიკომ და ბერგგრენმა ½ ფინალამდე მიაღწიეს. ბოლოს, ამერიკელმა შვედს სძლია, რამაც მცირე სკანდალი გამოიწვა და შვედების გუნდმა მუშტი-კრივი მოაწყო, თუმცა გადაწყვეტილება აღარ შეცვლილა.

  • ორლანდიმ ტურნირი ესპანელ რობერტ სანცთან ბრძოლით დაიწყო, მართალია, ამ უკანასკნელმა კარლოს კბილი მოტეხა. თუმცა საბოლოოდ, მაინც დამარცხდა. სანცის შემდეგ კარლომ სამხრეთ როდეზიის წარმომადგენელს აჯობა, ½ ფინალში კი ნორვეგიელი ჰანს ნილსენი დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში ორლანდი და ტურნირის ფავორიტი ამერიკელი სტივ ჰალაიკო დაუპირისპირდნენ. არავინ ელოდა, თუმცა იტალიელმა ამერიკელი ვარსკვალვი ქულებით დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ისე მოხდა, რომ სპორტსმენები სამშობლოში სამი მედლით დაბრუნდნენ, ერმა მოკრივეები შეიყვარა, მუსოლინიმ კი ისინი განადიდა - ის ფიქრობდა, რომ ოქროს მედალი რეჟიმის გამარჯვებას ნიშნავდა.

ტრიუმფის შემდეგ, ორლანდი პროფესიონალურ კრივში გადავიდა, სადაც ასევე წარმატებით ასპარეზობდა. იტალიაში მას 13 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა. შემდეგ კი საზღვარგარეთ წავიდა. თუმცა არგენტინული ტურნე ფიასკოთი დასრულდა - ადგილობრივ ვარსკვლავებთან მან ორი მარცხი იწვნია. მუსოლინიმ ორლანდის მოღალატე უწოდა და წაგებების გამო ჩათვალა, რომ იტალია მსოფლიო დონეზე შეარცხვინა. კარლოს თითქმის ერთი წელი აღარ უბრძოლია, მოგვიანებით კი წარმატებით დაბრუნდა: 1933 წელს იტალიის ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 34-ში ევროპის ჩემპიონატი.

1935 წელს ორლანდი უსასტიკესად დამარცხდა პუერტორიკოელ პედრო მონტანესასთან. მან მძიმე დარტყმები მიიღო და ამის გამო 3 თვე საავადმყოფოში გაატარა. ექიმებმა უთხრეს, რომ მისი ჯანმრთელბა კრივისთვის თავის დანებებას მოითხოვდა.

მოკრივეს დეპრესია დაეწყო, 20 თვით სახლში ჩაიკეტა. თუმცა შემდეგ ისევ დაბრუნდა, მოიგო რამდენიმე შეხვედრა და 1941 წლის იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. საბოლოოდ, მან კარიერია 1944 წელს დაასრულა, მოიგო 98 ბრძოლა და დათმო 19. ცხოვრება სპორტის მერე ბევრად მძიმე აღმოჩნდა.

იმისთვის, რომ კრივში წარმატებისთვის მიეღწია, მას საუბარი და მეტყველება არ სჭირდებოდა, ცხოვრებაში კი ეს აუცილებელი იყო. მეტყველება არ შეეძლო და სმენადაქვეითებული იყო, ამიტომაც მოკრივემ არ იცოდა, რით დაკავებულიყო, მწვრთნელობაც შეუძლებელი იყო საუბრის უნარის გარეშე.

კარლოს ძმამ მას თავისივე საამქროში დააწყებინა მუშაობა და ეს ადგილი ცხოვრების ბოლომდე მის სამსახურად დარჩა. დიდებული ოლიმპიური ჩემპიონი უბრალო, რიგითი მუშა იყო. 1983 წელს ორლანდი გარდაიცვალა: მანამდე კი, ჯერ ძმა მოუკვდა, შემდეგ თვითონ მძიმედ დაავადდა. 73 წლის ასაკში უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა, შემოსავლის ერთადერთი წყარო მოწყალება იყო, რომელსაც მისი ყოფილი მოწინააღმდეგე, სავერიო ტურიელო უგზავნიდა.

ახალგაზრდობაში მოკრივეები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ იტალიელმა მოიგო. ტურიელო აშშ-ში გადაბარგდა, რესტორანი გახსნა და ფინანსურადაც ყველაფერი კარგად ჰქონდა. ორლანდი კი სიკვდილის დროსაც მარტო იყო. მის ახლოს არავინ დარჩა, ოლიმპიური მედალიც კი დაკარგა.

ყოფილი მოწინააღმდეგის ფული კარლოს ცხოვრებაში ეხმარებოდა, თუმცა გულს უმსხვრევდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მან ერთ-ერთ ჟურნალისტს მისწერა: "როცა სიკვდილი მომაკითხავს, ხმამაღლა დავიყვირებ. მას შეეშინდება და გაიქცევა, მე კი ამ მიწაზე კიდევ რამდენიმე წამს გავატარებ.“

ავტორი: ანრი კურტანიძე