ავტორი:

შესაძლებელია თუ არა, მოქმედი კანონით სასჯელის დაკისრება, ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ვისზე ვრცელდება ის - იურისტის განმარტება

შესაძლებელია თუ არა, მოქმედი კანონით სასჯელის დაკისრება, ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ვისზე ვრცელდება ის - იურისტის განმარტება

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში გამოთქვა აზრი, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ ექიმს, რომელიც მედიით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებს. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას არსებული კანონმდებლობა იძლევა. ექიმს მაგალითად მოჰყავს სსკ-ის 247-ე მუხლი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ.

"და მაინც მგონია, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. აღნიშნულის ბერკეტი მას გააჩნია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ. ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ", - წერს კულუმბეგოვი „ფეისბუქში“.

მისივე შეფასებით, თუ აღნიშნული კანონი გაფართოვდება და შეეხება არა მხოლოდ სამინსიტროს თამაშრომლებს, არამედ ნებისმიერ ექიმს, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე გაცილებით გაუმჯობესდება.

რამდენად იძლევა რეალურად სისხლის სამართლის არსებული კანონმდებლობა ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას და რას გულისხმობს, ვისზე ვრცელდება სსკ-ის 247-ე მუხლი - ამ კითხვებით მივმართეთ იურისტ შალვა შავგულიძეს.

"სსკ-ის 247-ე მუხლი მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს არ ეხება. პირველი ნაწილი ეხება, ყველას, ვისაც აქვს ვალდებულება მიეწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია იმ გარემოების შესახებ, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯამნრთელობას სართხეს უქმნის. ეს „ვალდებულება“ შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული პირის სოციალური სტატუსის მიხედვით. მსგავსი ვალდებულება შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ექიმს, რომელსაც მედიამ დაუსვა შეკითხვა ვაქცინის შესახებ და მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. შეიძლება ასეთი პირი იყოს თავად მედიის წარმომადგენელიც, რომელმაც, მაგალითად, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია დაამახინჯა ან არასწორად გაავრცელა, ან ჰქონდა ვალდებულება, მაგრამ არ გაავრცელა.

მოკლედ, პირველი მუხლი ეხება ყველას, ვისაც ევალებოდა მოსახლეობისთვის სწორი ინფრომაციის მიწოდება. რაც შეეხება მუხლის მეორე ნაწილს, ის უკვე ეხება სახელმწიფო მოხელეებს და მუხლში მითითებულია, რომ ეს არის დამამძიმებელი გარემოება. ანუ თუ სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ევალებოდა ინფორმაციის გავრცელება, მაგალითად, ვაქცინის შესახებ და დამალა ეს ინფორმაცია ან არასწორად გაავრცელა, ამ შემთხვევაში სასჯელი კიდევ უფრო მძიმეა.

თუ მუხლის პირველ ნაწილზე თავისუფლბის 2 წალმდე აღკვეთაა განსაზღვრული, მოხელის მიერ ჩადენილზე უკვე 3-7 წლამდე პატიმრობაა მაქსიმალური სასჯელი. ამასთან, მოხელეებში მხოლოდ სამედიცინო სფეროს სახელმწიფო მოხელეები არ იგულისხმება.

ერთი სიტყვით, არსებული კანონმდებლობა, სისხლის სამართლის რეპრესიის კუთხით, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პანდემია იმართოს. ამას ძალიან ფაქიზი მიდგომა სჭირდება.

მე მოვუწოდებდი ექიმებს, მათ შორის ბიძინა კულუმბეგოვსაც, რომელის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არავის ეპარება, სისხლის სამართლებრივი რეპრესიების გამკაცრებამდე, აქცენტი გაკეთონ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები თავიანთი ქმედებებით ხელი შეუწყონ კორონავირუსის გავრცელებას. განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ მაშინ, როდესაც უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები არღვევენ რეგულაციებს და თავად ახალისებენ დანაშაულს. რომელ სისხლის სამართლებრივი რეპრესიის გამკაცრებაზეა საუბარი, როდესაც ვიწრო პარტიული პიარკამპანიის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განკუთვნილი ჯარიმების ამნისტია გამოაცხადეს?!" - ამბობს Ambebi.ge-სთან შალვა შავგულიძე.