ავტორი:

"ფილტვების 22 ბალიან დაზიანებას ვერ გაუძლო... მისი კეთილი და ადამიანური სიკეთით სავსე გული გაჩერდა" - რას წერენ გიორგი სულაკაძეზე, რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

"ფილტვების 22 ბალიან დაზიანებას ვერ გაუძლო... მისი კეთილი და ადამიანური სიკეთით სავსე გული გაჩერდა" - რას წერენ გიორგი სულაკაძეზე, რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ყოველდღიურად საგანგაშო ხდება. მთავრობა და ჯანდაცვის ექსპერტები საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. როგორც ისინი ამბობენ, აცრა კოვიდზე გამარჯვების ერთადერთი საშუალებაა.

ბოლო 24 საათში ვირუსმა კიდევ 54 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორისაა ჟურნალისტ თიკო ბაშარულის მეუღლე, გიორგი სულაკაძე. ის ადვოკატი იყო და როგორც ახლობლები ამბობენ, კლიენტებისგან დაინფიცირდა.

მომხდარ ტრაგედიაზე მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში წერენ მედიის წარმომადგენლები და კოლეგას უსამძიმრებენ:

თეა ადეიშვილი: "40 წლის წინ სკოლაში რომ მიმიყვანეს, ერთი თეთრი ქათქათა, ლურჯთვალება და ქერა ბიჭი დამხვდა კლასში, Giorgi Sulakadze 11 წელი მაოცებდა მისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, 11 წელი ჩვენი კლასის საუკეთესო მოსწავლე იყო, ყველაზე მოწესრიგებული, საოცარი სერიოზულობით და თან საოცარი იუმორით, ყოველთვის ყველა გაკვეთილი იცოდა და თან ყველაზე კარგად და მერე ყველას ეხმარებოდა, რომ იმათაც კარგი ნიშნები მიეღოთ…

ახლაც რო ვფიქრობ, ასეთი არავინ მახსენდება, იცით როგორ გისმენდა? თითქოს იმაზე მნიშვნელოვანი არასდროს არაფერი მოუსმენია, ფიქრიანი, ღრმა, კამკამა და წყლიანი თვალებით… სტუდენტობა ისე გავიარეთ ერთმანეთის ამბები სულ ვიცოდით, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ძალიან მალე “ინტერნიუსმა” იურისტის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა, პატარები ვიყავით, ყველა სამსახურს ვეძებდით, ცხოვრებას ვიწყებდით, გიორგის ვუთხარი თუ მედია-სამართალი გაინტერესებს, იქნებ სცადოთქო, უამრავ კონკურსანტს შორის საუკეთესო ისევ გიორგი აღმოჩნდა, ჩემს ქმარს ლამის ზემოდან ვუყურებდი, რომ ყოველგვარი დახმარების და პროტექციის გარეშე მისი იურისტი ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა. ინტერნიუსში გაიცნო არაჩვეულებრივი თიკა Tika Basharuli, რომელიც მანამდეც სულ მომწონდა და მათი სიყვარულის გულშემატკივარი ვიყავი, კარგად მახსოვს თიკას და გიორგის დაქორწინება სპონტანურად ქობულეთში ზღვის სანაპიროზე აღვნიშნეთ რამდენიმე მეგობარმა…

ღმერთო რა ცინიზმია, ახლაც ქობულეთში ვარ და მომწერეს, გიორგი აღარ არისო!!!… დღეს კოვიდით 54 გარდაცვლილს შორის ჩემი უახლოესი მეგობარია, უბედურების სტატისტიკის ნაწილი გახდა ჩემი ოჯახის უსაყვარლესი მეგობარი, ჩვენი უკარგესი კოლეგის, თიკას ბაშარულის ქმარი და საოცარი შვილების მამა!!! არ ვიცი რას ვწერ, არ ვიცი ამას რა ქვია!!!

ერთი თვე იმედს ვებღაუჭებოდით, ერთმანეთს ვანუგეშებდით, რომ ეს არ მოხდებოდა, 2 კვირის წინ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმთან ნანა გეგეჭკორთან გავიარე კონსულტაციები და მის მკურნალ ექიმს ელაპარაკა, ნანას ხმა არასდროს დამავიწყდება: თეა, ძალიან მძიმე ამბავია, გადარჩენის მინიმალური შანსია, მაგრამ იმდენად ჯანსაღი ორგანიზმი აქვს, შეიძლება სასწაული მოხდეს და გამოძვრესო - მითხრა, მივხვდი, რომ უბრალოდ არ გამწირა სრული სიმართლისთვის… სასწაული არ მოხდა, იმიტომ რომ გიორგიმ ინფიცირებამდე აცრა ვერ მოასწრო, ადვოკატი იყო და ინფიცირებული კლიენტისგან დაავადდა…

არანაირი ქრონიკული ან თანმდევი დაავადება, უჯანმრთელესი ადამიანი იყო, სიგარეტიც კი არ მოუწევია არასდროს და ციტოკინური შტორმის მერე ფილტვების 22 ბალიან დაზიანებას ვეღარ გაუძლო, გუშინ გული გაჩერდა, გიორგის ვეებერთელა, კეთილი და ყველა ადამიანური სიკეთით სავსე გული გაჩერდა!!!! - და ამ ტრაგედიის განსაკუთრებული დრამატიზმი იცით რა არის?! უკანასკნელ გზაზე მისი ოჯახი სრულად ვერ აცილებს, მეუღლე და შვილი კოვიდით კლინიკაში არიან გადაყვანილები, თიკას დას ვერ ვურეკავ, არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა ვანუგეშო არ ვიცი….… აიცერით ხალხნო! წადით, სასწრაფოდ, აიცერით, თქვენი ახლობლები მაინც დაიცავით ამ ბიოლოგიურ ომში!!! უბედურების ზონაში ვართ და იქნებ ჩვენი საკუთარი სიფრთხილით და თავდაცვით მაინც გადავრჩეთ …"

რუსუდან ცხომელიძე, პროდიუსერი: ერთი თვეა გათენების მეშინია... ერთი თვეა, სამი უახლოესი მეგობარი ერთმანეთის ზარზე ტელეფონს ხელს შიშით ვკიდებთ...ერთი თვე 5 საათს ველით, რომ რაღაც დამაიმედებელი გავიგოთ... ერთი თვე შიში და იმედი ერთმანეთს ებრძვის... გუშინ ეს ჯოჯოხეთური ერთი თვე უდიდეს ტრაგედიად იქცა... ვერ ვიჯერებ, რომ სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი, სიცოცხლით სავსე გიორგი აღარ გვყავს...

კორონავირუსმა გაანადგურა ოჯახი, საახლობლო, სამეგობრო... დააობლა ჯაბა და ლიზა, დააქვრივა ჩემი არასისხლისმიერი და, ეულად დატოვა გიორგის და და სიცოცხლე გაუმწარა მის მოხუც დედას... დღევანდელი "სტატისტიკის" მიღმა ეს ცისფერთვალება, მუდამ მომღიმარი, კეთილი, გულიანი, ერთგული, ჭკვიანი ბიჭია... პირველივე დაძახებაზე შენთან რომ ჩნდებოდა, თხოვნა არ სჭირდებოდა, ისე გედგა გვერდში, მხოლოდ სითბოს და სიყვარულს გასცემდა...

ადამიანებო, დაინახეთ ადამიანები რიცხვებს მიღმა, გააცნობიერეთ, რა ალმოკიდებულია დღიურად 40-ზე მეტი ოჯახი და საახლობლო, რამდენი გეგმა და ოცნება ინგრევა, რამდენი გული იფლითება... გიორგიმ აცრა ვერ მოასწრო...

ასე რომ არ ყოფილიყო, გუშინ არაადამიანური ხმით აღმომხდარი "აღარ არის" გულს არ გაგვიგლეჯდა... გაუფრთხილდით ერთმანეთის და სხვის სიცოცხლეს... აიცერით, რომ საკუთარ თავს, ოჯახებს, ახლობლებს ააცილოთ სულიერი განადგურება... აიცერით! ეს ჯოჯოხეთი სხვაგვარად არ დასრულდება! გიორგის ვეღარაფერი დაგვიბრუნებს, მაგრამ სხვები გადავარჩინოთ... გთხოვთ, ნურავის გაწირავთ ამ ჯოჯოხეთისთვის, აიცერით, ატარეთ ნიღაბი, ნუ ივლით თავყრილობებზე, დააფასეთ ერთმანეთის სიცოცხლე! ჩემო კეთილო მეგობარო, მადლობა ყველაფრისთვის ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენს სულს, ოდესმე შევხვდებით...

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი: გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ - კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა... მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს - ვინც ამ თუ იმ მიზეზის გამო ფეხს ითრევს ვაქცინაციაზე. ორი, ძალიან კონკრეტული მაგალითი მაქვს, აცრასთან დაკავშირებით. სახელებს არ დავწერ, მაგრამ მენდეთ - ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ და რეალური ადამიანები არიან. ერთ შემთხვევაში კოვიდით გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა კაცი - ჩვენი მეგობრის მეუღლე, რომელსაც დარჩა შვილები და უამრავი კარგი საქმე, რომელიც წესით ღრმა სიბერემდე უნდა ეკეთებინა. ის არ იყო აცრილი. მეორე შემთხვევა - ასევე ჩემი, მეორე მეგობრის ოჯახს ეხება - დედა, დედამთილი და მამათილი, 80 წელს გადაცილებული ხალხი, ქრონიკული დაავადებების ბუკეტით. მაგრამ ორჯერ აცრილები - სახლის პირობებში ასრულებენ კოვიდს. უსიმპტომოდ, მხოლოდ ალაგ-ალაგ დაბალი სიცხით.

ნუ გადადებთ ხალხო ნურაფრის მიზეზით სიკვდილისგან თავის დაცვას - წადით, აიცერით. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ვაქცინით - აიცერით! მივმართავ ჩემს აცრილ სამეგობროსაც. - ჩვენ უნიათო და უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომელსაც სააგიტაციო კამპანია ჯერაც არ დაუწყია. ამიტომ ჩვენს ახლობლებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ - ველაპარაკოთ, მოვიწოდოთ, დავაჯეროთ, რომ არ ღირს ჯერ სიკვდილი პოსტი გვაფაბლიკე, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს. ანტივაქსერები კომენტარზე ნუ შეწუხდებით. ჭკუა არ მომეკითხება - ჯერ უზრდელობებს მოგწერთ და მერე წაგშლით.