ავტორი:

"სააკაშვილმა ჩემი გვარი ახსენა, აცანცარებული ცერცვაძეო... აცანცარება და ცანცარი მე უფრო შემეფერება, თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს" - ცერცვაძე

"სააკაშვილმა ჩემი გვარი ახსენა, აცანცარებული ცერცვაძეო... აცანცარება და ცანცარი მე უფრო შემეფერება, თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს" - ცერცვაძე

მე ერთ რამეს ვიტყოდი ბატონ მიხეილზე, რომ, სამწუხაროდ, ის ჩადგა იმათ რიგებში, ვისაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა და უხარია თუ რამე ცუდი ხდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მის მიერ ნათქვამ ვერც ერთ ტყუილს ვერ დაასახელებს, ხოლო თავად კი იტყუება, როცა ექიმებზე საუბრობს.

"იცით, მე პატივს ვცემ ბატონ მიხეილს, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტს და არ მინდა, რომ არაკორექტულად ვუპასუხო, მაგრამ ყველა ხვდება ალბათ და ყველამ იცის, რომ სიცრუე ის იყო, რაც მან ბრძანა. მან თქვა, რომ ქედს იხრის გმირი ექიმების წინაშე, რომ არ დაეკარგა ამომრჩევლის ხმები, ამავე დროს ამოარჩია სამი ექიმი, პაატა იმნაძე, ლევან რატიანი და მე, რომლებიც პირველივე დღიდან და პირველივე წუთებიდან არა ფრონტის წინა ხაზზე, არამედ წინა ხაზის წინა ხაზზე ვიდექით. ანუ ჩვენ ცუდები ვართ და დანარჩენი კარგები ხალხი განსჯის, რამდენად დაუჯეროს ბატონ მიხეილს, რომ იმნაძემ, რატიანმა და მე ჩვენი პირდაპირი მოვალეობა არ შევასრულეთ და ჩვენი პირდაპირი საექიმო საქმე არ გავაკეთეთ და ვმონაწილეობდით რაღაც შეკრებებში ან სიცრუეს ვეუბნებოდით მოსახლეობას. დამისახელოს ბატონმა მიხეილმა ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ჩემი ნათქვამი, განსაკუთრებით ტელეეკრანებიდან ნათქვამი, გამოდგა სიცრუე. ასეთ ფაქტს ვერავინ ვერ გაიხსენებს.

ჩემი გვარი ახსენა ცოტა შეურაცხმყოფელ ფორმაში - აცანცარებული ცერცვაძე - აცანცარება და ცანცარი, რომელს უფრო შეეფერება, მე თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს.

მან თქვა, რომ ლევან რატიანს როგორ ამოეღება ხმა, როდესაც აქვს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე უარესი მდგომარეობა თავის კლინიკაში. ყველაზე უარესი მდგომარეობა კი არა, ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა აქვს, როგორც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისე საქართველოს სხვა რეანიმაციულ სამსახურებს შორის და დღე და ღამ მუშაობს ლევან რატიანი მუხლჩაუხრელად . როგორ შეიძლება ლევან რატიანზე თქმა, რომ ის ან არასაკმარისად მუშაობს ან ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს.

მე ერთ რამეს ვიტყოდი ბატონ მიხეილზე, რომ, სამწუხაროდ, ის ჩადგა იმათ რიგებში, შეუერთდა იმათ, ვისაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა, ვისაც სწყინს და აღიზიანებს თუ ქვეყანაში კარგი ხდება და უხარია თუ რამე ცუდი ხდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.