"საქართველოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სამართალდამცველების ზეწოლით დასუსტებულმა "კანონიერი ქურდების“ კრიმინალურმა კასტამ (მათ სახელწოდებას რუსული ფესვები აქვს) ისევ წამოსწია თავი და ისევ აბანდებს კაპიტალს თავის მშობლიურ სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში, თან ეკლესიასთან და "ძლიერთა ამა სოფლისა“-ნთან შეთანხმებით“, - ასე იწყება ფრანგულ გაზეთ "ლე მონდ“-ში ("Le Monde") გამოქვეყნებული სტატია სათაურით "კანონიერი ქურდები“, ანუ ოკულტური [ფარული] ხელისუფლების მუდმივობა საქართველოში."
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:
"დმანისი, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალზეა დაშორებული, ბოლო დრომდე ცნობილი იყო როგორც მხოლოდ შუასაუკუნეების ქალაქი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი, თუმცა ამ დასახლებულ პუნქტში ამას წინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყვნენ ჩასულები, რათა ადგილობრივ ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, მოგვიანებით ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დმანისში მომხდარმა კონფლიქტმა საგანგაშო მომენტები გამოავლინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მმართველ პარტიას და მის მთავრობას, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, კავშირი აქვს მაფიასთან, კრიმინალებთან, რომლებიც "კანონიერი ქურდებით“ არიან წარმოდგენილნი.
ოპოზიციონერი ექს-დეპუტატის კახა ოქრიაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ორგანომ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ - დახმარებისთვის მიმართა კრიმინალ მოჰამად ყურბანოვს, მეტსახელად "მაგა რუსტავსკის“ - მაღალი დონის აზერბაიჯანელ "კანონიერ ქურდს“, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. იგი ნადირ სალიფოვის (მეტსახელად "გული“) ნათესავია, რომელიც იმავე თურქეთში 2020 წელს მოკლეს“.
"კანონიერი ქურდების“ როლი დმანისში მომხდარი კონფლიქტის ჩასაწყნარებლად იმის ნიშანია, რომ საქართველოში კვლავ არსებობს ფარული ხელისუფლება, რომელიც ორგანულად არის ჩაწერილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტში. ქართული პოლიტიკური საზოგადოება ამჟამად ორად არის გაყოფილი - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ბანაკად. მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე ომი გამოუცხადა "კანონიერ ქურდებს“ და ისინი, 2005 წელს მიღებული კანონებისა და სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად, ქვეყნიდან გააძევა. ამ ბრძოლას იდეოლოგიური ხასიათიც ჰქონდა - საკითხი ეხებოდა ქართული საზოგადოების ცნობიერებიდან პროსლავური, პრორუსული და პროსაეკლესიო ტენდენციების აღკვეთას.
ოპერაციების წყალობით სახელმწიფომ, სხვა ქონებასთან ერთად, ხელთ იგდო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდის“ ზაქარია (შაქრო) კალაშოვის (მეტსახელად "შაქრო მოლოდოი“) ფეშენებელური ვილა. ამჟამად თვითონ შაქრო კალაშოვი საპყრობილეში ზის. დღეისათვის მისი ვილის ნაწილი პოლიციის განყოფილებას უკავია, ნაწილი კი - ნეოკლასიცისტური სტილით აგებული შენობა, ტყეში მდებარეობს და მაღალი მესერი აქვს შემოვლებული.
მიხეილ სააკაშვილის შეტევის დროს "კანონიერი ქურდების“ უმრავლესობამ მოასწრო და თავს უშველა - ზოგი უკრაინაში, რუსეთში და სომხეთში გაიქცა, ზოგიც - საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საემიროებში და აშშ-შიც კი. თუმცა გაძევების შედეგად ისინი მხოლოდ დასუსტდნენ და არ განადგურებულან.
ხატია დეკანოიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მისი პარტიის, "ერთიანი ნაცმოძრაობის" აქტივისტია, თვლის, რომ საქართველოში "კანონიერი ქურდები“ დაბრუნდნენ, რადგან მმართველი პარტიის ლიდერებს მათი მხარდაჭერა სჭირდებათ, არჩევნების პროცესში. "კანონიერი ქურდები“ საარჩევნო ურნებთან ადამიანების დაშინებას ეწევიან, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოვლინდა.
ხატია დეკანოიძეს, რომელიც 2007-2012 წლებში პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი იყო, არ სჯერა, რომ ამჟამინდელი მთავრობა "კანონიერ ქურდებს“ ებრძვის. "დღევანდელი პოლიცია მათ იჭერს, რადგან არჩევნები ახლოვდება, მაგრამ იმავდროულად პოლიცია მათ ურიგდება პრინციპით - მე დაგეხმარები, თუ შენც დამეხმარები, გავათავისუფლებ ამას და ამას... გარდა ამისა, ბანდიტთა ჯგუფების მეთაურები დღეს ოლიგარქებად იქცნენ, ისინი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ნაწილად ითვლებიან.
როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, "ქართული ოცნების“ მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, ქურდების მიმართ ტაქტიკა შეცვალა. "მთავრობამ შეინარჩუნა "ნაციონალების“ მიერ შემოღებული სამართლებრივი სისტემა, მაგრამ როცა ის "კანონიერ ქურდებს“ იჭერს, მათ მიმართ ნაკლებ სიმკაცრეს იჩენს, მათ მანევრის შესაძლებლობებს უტოვებს, რათა საიდუმლოდ მოელაპარაკოს ქვეყნიდან გაყვანაზე და გარანტიას აძლევს, რომ საზღვარგარეთ მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება“.
სხვათა შორის, გავლენის დაბრუნების მიზნით, "კანონიერ ქურდებს“ საქართველოში კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორის - ეკლესიის მხარდაჭერის იმედიც აქვთ. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი განმარტავს, რომ ეკლესია და კრიმინალები ერთმანეთს კარგად იცნობენ: "სამღვდელოების წარმომადგენლებს საპყრობილეებში შესვლის უფლება აქვთ. ისინი ურთიერთობას ამყარებენ პატიმრებთან. ნამდვილმა "კანონიერმა ქურდმა“ მინიმუმ ორი ეკლესია მაინც უნდა ააშენოს, მათი სახელების წაკითხვა ტაძრების კედლებზეც შეიძლება“.
"2021 წელს თბილისის ეკლესიებში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მოგესმინათ ქადაგება, თუ როგორ ადიდებენ მღვდლები "კანონიერი ქურდების“ ვაჟკაცობას“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი და იხსენებს: "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს (1992-2003 წლებში), "კანონიერ ქურდებს“ უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, ვიდრე ეკლესიას და ამიტომ ეკლესიას მათი დახმარება სჭირდებოდა ქართულ საზოგადოებაში გავლენის დასაბრუნებლად, ახლა კი პირიქითაა - "ქურდებს ეკლესიის თანადგომა ჭირდებათ“.
დამნაშავეობის სამყაროს იდეოლოგია მრავალ რელიგიურ მითს მოიცავს: ქალებისა და მატერიალური სიკეთის გარეშე ცხოვრებას, ტატუირებას ჯვრის გამოსახულებით, ზიარებას, კორონაციას, ცოდვის არსს (თუ ვინმე წესებს არღვევს). გარდა ამისა, ხშირად ქურდების ლიდერს "მღვდელსაც“ უწოდებენ და ა.შ. ასეთი ლეგენდაც კი არსებობს, რომ "ჯვარზე ქრისტეს ფეხები მხოლოდ ერთი ლურსმნით არის მიკრული, მეორე ლურსმანი "კანონიერ ქურდებს“ აქვთო“.
საქართველოს ომბუდსმენის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის აზრით, "კრიმინალური სუბკულტურა ისევ ცოცხლობს. სამწუხაროდ, საპყრობილეების ადმინისტრაცია უარყოფს იმას, რომ პენიტენციურ სისტემაში ქურდების მხრიდან შიდა კონტროლი დაბრუნდა, რომელიც "დამკვირვებლების“ ფუნქციას შეადგენს ("დამკვირვებელი“ ერთ-ერთი პატიმარია, რომელიც "კანონიერი ქურდის“ მოვალეობას ასრულებს).
საერთოდ კი, ყბადაღებული "კანონიერი ქურდების“ ღირსების კოდექსი უკვე დიდი ხანია აღარ მოქმედებს. ახლა საქმე მხოლოდ ფულს ეხება. ძარცვითა და გამოძალვით მიღებული ფულის ერთი ნაწილი ე.წ. ობშაგში შედის, რითაც კრიმინალური სამყაროს ხელმძღვანელები ფინანსდებიან: კანონიერი ქურდი თვითონ საზღვარგარეთ ცხოვრობს და იმ ოლიგარქს ჰგავს, რომლებიც ოდესღაც რუსეთში ლიდერობდნენ - ქვეყანაში, სადაც უყვართ ასეთი გამოთქმა: "დღისით ხელისუფლება ვლადიმერ პუტინს აქვს, ღამით კი კანონიერ ქურდებს“. ამჟამად რუსეთის მთელი ეკონომიკა "კანონიერი ქურდების“ ხელშია“, - წერს ავტორი.
ხატია დეკანოიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ "კანონიერი ქურდების“ იმიჯი ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და გარე გავლენასთან ბრძოლას გულისხმობს, კიდევ ერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი "კანონიერი ქურდი“ უცხოეთის ინტერესებს ემსახურება. "რუსეთი ამ გზით უკვე ერევა საქართველოს საქმეებში, "კანონიერი ქურდები“ მოსკოვის ინსტრუმენტებად იქცნენ სოციალურ კონფლიქტებში და სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერაში. "ესე იგი, რაც უფრო სუსტია მთავრობა, მით უფრო ძლიერები არიან "კანონიერი ქურდები“, - ასკვნის სტატიის ავტორი, ჟაკ ფოლორუ.
ავტორი: სიმონ კილაძე