სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა დღეს "ფეისბუქ" პოსტით ამცნო საზოგადოებას მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ. როგორც გოგაშვილი წერს, ის ძველ გზას - "სახალხო პარტიას" უბრუნდება, საიდანაც პოლიტიკაში შემოვიდა. ავტორი წერილში "ოცნების" მიერ დანგრეულ ოცნებებზეც საუბრობს.
AMBEBI.GE სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დაუკავშირდა და მისი სამომავლო პოლიტიკური გეგმების გარკვევას შეეცადა. როგორც რესპოდენტი ამბობს, ის "სახალხო პარტიის" ძველ პლეადას თავისი ახალი გუნდით შეუერთდება.
სოსო გოგაშვილი:
- მოგეხსენებათ, "სახალხო პარტია" პასიურ რეჟიმში იყო გადასული, 20/20-ის არჩევნებში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ იმ პერიოდში იქ არ ვიყავი ჩართული. ახალი წამოსული ვიყავი გუნდიდან და არც ერთ პარტიაზე არ მიმუშავია, საერთოდ გავერიდე პროცესებს. რაღაც დროის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, ისევ იქ დავბრუნებულიყავი, საიდანაც დავიწყე, ახალი მოძრაობის და პარტიის შექმნას, ისევ "სახალხო პარტია" ვამჯობინე. ამ პარტიას აქვს თავისი იდეოლოგია, ინფრასტრუქტურა, ჰყავს თავისი ერთგული წევრები და არის პარტია, კლასიკური სახით, უბრალოდ, მას განახლება, ადამიანური რესურსი სჭირდება, ინტელექტუალური რესურსით შევსება სჭირდება და იმ პარტიულ გამოცდილ მუშაკებთან ერთად ახალი ძალის, ახალი გუნდის შესვლა. შემდეგ უკვე პოლიტიკური ამბიცია, რა თქმა უნდა.
- ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას?
- კი, რა თქმა უნდა. ახლა სიების შედგენის პროცესში ვართ, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენ რაიონსაც გავწვდებით, იმდენ რაიონში გვექნება სია და გვეყოლება კანდიდატი. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ სხვა არანაირი ფინანსური დაინტერესება არ გვაქვს. გვაქვს იდეა და გვინდა განაცხადი გავაკეთოთ, რომ ერთ თვეში ამ პარტიამ, ფაქტობრივად, უსახსროდ და მხოლოდ იდეით რაღაც შედეგი დავდოთ. შემდეგ, ვადამდელ არჩევნებშიც მივიღებთ აუცილებლად მონაწილეობას.
- პარტიას ვინ დააფინანსებს?
- ჩვენი საკუთარი სახსრებით, რა თქმა უნდა. ვართ ძველი და ახალი გუნდი, ასევე, გამოვაქვეყნებთ ჩვენს ანგარიშს და თუ ვინმე გაბედავს თანხის შემოწირვას, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებით. ვფიქრობ და ჩემი პირადი აზრია, რომ პარტია შემოწირულობებით უნდა იყოს და არა სახელმწიფო დაფინანსებაზე. კლასიკური პარტიები როგორც არსებობენ, ის უნდა არსებობდეს, შემოწირულობებით - საარჩევნო კამპანიაც და პარტიული სტაფიც. პარტია სახელმწიფოს არ უნდა დააწვეს, მით უმეტეს, ისეთ გაჭირვებულს, როგორიც ჩვენია.
- შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი შემოსავლების შესახებ?
- რაც "ოცნებიდან" წამოვედი, ჩემი შემოსავალია სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია, ამავდროულად, კრიპტოვალუტის ფერმები, რომლებიც შევიძინე, გამიმართლა და ძალიან კარგ ფასად გავყიდე. ამ თანხას მოვახმარ ჩემს პარტიას. მეტი არანაირი შემოსავალი არ მაქვს, თორემ არაფერი დაიმალებოდა.
- პარტიაში ვინ არიან ძველებიდან და ვინ იქნებიან თქვენი ახალი თანაგუნდელები?
- მამუკა გიორგაძე, ზაზა პატარიძე, თემო კუპატაძე, ბათუ ჭუმბურიძე, მიხეილ ჯიბუტი, ზაზა მგალობლიშვილი, ანუ ძველი პლეადა ვინც იყო, ისევ არის და მათ მე შევუერთდები ჩემი გუნდით. პრესკონფერენციას ვგეგმავთ და ჩემი გუნდის წევრებსაც მალე დავასახელებ.
- მერობის კანდიდატად ხომ გიხილავთ თბილისში?
- არა, მე საიდან, მე ვარ ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი...
- თქვენი პლატფორმის შესახებ რას იტყვით, რაზე იქნება პარტია ფოკუსირებული, რას შესთავაზებთ ამომრჩეველს ახალს და სიანტერესოს?
- გვაქვს ძალიან საინტერესო სოციალური პაკეტი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გამოიყვანს მძიმე სოციალური მდგომარეობიდან, გვაქვს საინტერესო ეკონომიკური პაკეტი, სახელმწიფო სტრუქტურების ამბიციური რეფორმა, ასევე, საინტერესო საინვესტიციო რეფორმები და ეს ყველაფერი უკვე დაწერილია და გამზადებული, უბრალოდ, ამას უნდა მიეცეს, ასე ვთქვათ, სააგიტაციო მასალის ფორმა, მათ შორის - კლიპები, პლაკატი, ბუკლეტი, თუ ფლაერი იქნება, ამ ყველაფერს მივიტანთ ამომრჩევლამდე, ხალხამდე. ფოკუსირება, ძირითადად, ხალხის კეთილდღეობაზე გვაქვს და საგარეო პოლიტიკის უზრუნველყოფით იმ გარემოს შექმნაზე, რომელიც ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს შოკურად, ძალიან სწრაფ ვადებში.
- წინასაარჩევნო კამპანიისთვის ძალზე ცოტა დრო გაქვთ - თვენახევარი...
- რა ვქნათ, შევეჭიდებით, პატარა ბიჭები აღარ ვართ, გამოცდილებაც არის და იმედიც, რომ წარმატებას მივაღწევთ. ღმერთით ყველაფერს მივაღწევთ.
- თქვენს პოსტში არის ფრაზა - "ოცნებები "ოცნებამვე" დამინგრია"... რომელ დანგრეულ ოცნებებს გულისხმობთ?
- ის ოცნება, რის გამოც მივედი ამ გუნდში, რის განხორციელებასაც ვპირდებოდით ჩვენს მოსახლეობას, რომ დავასრულებდით იმ რეჟიმს, სათანადოდ უნდა დასჯილიყვნენ დამნაშავეები, აღდგენილიყო სამართლიანობა და ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, გადავედით პოლიტიკურ იწილო-ბიწილოზე და 9 წლის განმავლობაში მიდის მხოლოდ ორი პარტიის ერთმანეთში ქიშპობა და ბრძოლა. ამასობაში, ჩვენს გვერდზე ქვეყნები ვითარდებიან და წინ მიდიან, სერიოზულ წარმატებებს აღწევენ, საქართველო პირიქით - უკან მიდის. აქ სერიოზული ფინანსური პრობლემებია, ადამიანების უმრავლესობა მშიერი იძინებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი და, ფაქტობრივად, ჩემი დანაზოგია, თუ ოჯახის შემოსავალი, დიდ ნაწილს იმ ადამიანებს ვახმარ, რომლებიც გაჭირვებას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს. ვერ შევძელით ჩვენ ამის გამოსწორება, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოჩნდნენ პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც უსაზღვროდ არიან გამდიდრებულები და ეს ხდება უდიდესი, 99%-ის ხარჯზე. საშუალო ფენა რომ აღარ არსებობს, ეს ყველასთვის ცხადია.
- "ოცნების" მიმართ პირადი წყენებიც ხომ არ დაგიგროვდათ ამასობაში? ბოლო დროს, რაც გახმაურდა, ყოფილმა თანაგუნდელებმა ეჭვი ირიბად თქვენზე მიიტანეს. მაგ. გვარამიას მიერ სუს-ის დოკუმენტაციის გასაჯაროვების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს გაბრაზებული პოსტიც მიუძღვენით...
- მე დავწერე, რომ "ქართული ოცნების" კონტროლირებად სააგენტოებში ჩაიშალა დავალება. იქ ვიყავი და ყველაფერი ვიცი, რა და როგორ კეთდება. ეს იყო გულსატკენი, თორემ არც ერთ საჯარო მოხელეს და ყოფილ თანაგუნდელს ჩემს წინააღმდეგ არაფერი გამოუთქვამს. რადგან ეს დავალება ჩაიშალა, მათგან იყო შეცდომა იმიტომ, რომ ის, რასაც მე არ ვაკეთებ, არ უნდა დამაბრალო, თორემ ადამიანს ნებისმიერ საქმეს შეუკერავ. არ ვარ დაკავებული ლობიოს რჩევით და მეც მაქვს გამოცდილება. პოსტში კახურად იმიტომ „გავჭედე“, ამ სააგენტოებში რომ ჩაიშალა ეს დავალება, ეს სპონტანური არ იყო და ზუსტად ვიცი, ეს დავალება საიდან და ვისგან წამოვიდა. თუ მართლა მე გავაფუჭე რამე და გამბედაობა ჰყოფნით, გამოვიდნენ და პირდაპირ, ღიად თქვან, ხელი დამადონ, არა სააგენტოების მოქსევით და რაღაც ფეისბუქზე დასაქმებული 20 ლარიანი პოსტების წერით. ამაზე მე დროს არ დავკარგავ. დაახლოებით 5-მა სააგენტომ გაავრცელა ეს დავალება და მივხვდი, ეს იყო გაფრთხილება ჩემი მისამართით, წყნარად იყავიო.