ავტორი:

პატრულის ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ხელმძღვანელობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულდებდა, შსს განცხადებას ავრცელებს

პატრულის ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ხელმძღვანელობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულდებდა, შსს განცხადებას ავრცელებს

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, თამაზ ჯოხაძის ვიდეოჩართვასთან დაკავშირებით, სადაც ის საკუთარ ხელმძღვანელობას პოლიტიკურ დევნაში ამხელდა, შსს განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ.მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, თამაზ ჯოხაძის თქმით, ხელმძღვანელობამ მას სამსახურიდან წასვლა ისე მოსთხოვა, რომ მიზეზი არ განუმარტავს. "დაწერე პატაკი და წადი", - ასე მიმართა უფროსობამ პატრულ ინსპექტორს, როგორც ამას თავად ჯოხაძე ფეისბუქ ჩართვაში ამბობს.

"დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო, წადი. რას ქვია წადი? სამი შვილის მამა ვარ, ესენი შემინახავენ ოჯახს, თუ რა არის? ამათი მე ვერ გავიგე და ვერც თვითონ იგებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი იყო და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი", - ამბობს ჯოხაძე ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში.