ავტორი:

"პლანეტა სახიფათოდ ცხელდება, დამნაშავე კი ადამიანია“ - მეცნიერების შემაშფოთებელი ვერდიქტი: რა კლიმატურ ცვლილებებს პროგნოზირებენ სპეციალისტები

"პლანეტა სახიფათოდ ცხელდება, დამნაშავე კი ადამიანია“ - მეცნიერების შემაშფოთებელი ვერდიქტი: რა კლიმატურ ცვლილებებს პროგნოზირებენ სპეციალისტები

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის, BBC-ის რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "მეცნიერთა დასკვნით, "პლანეტა სახიფათოდ ცხელდება, დამნაშავე კი ადამიანია“. ამ ვერდიქტს მთელი მსოფლიო ეთანხმება“, რომელშიც მეცნიერები კაცობრიობას პლანეტარული მასშტაბის მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებენ.

ამას წინათ, მთელი მსოფლიოს მეცნიერებმა დაასრულეს დედამიწის მრავალწლიანი დისპანსერიზაციის პროცესი და დიაგნოზი ერთხმად დასვეს: "გლობალური დათბობა სრული სვლით მიდის, მის ჭეშმარიტ მიზეზს კი ადამიანი წარმოადგენს“.

"არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ატმოსფერო, ხმელეთი და ოკეანე კაცობრიობის ზემოქმედების შედეგად ცხელდება“, - ნათქვამია ეპოქალურ კლიმატურ ანგარიშში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა.

"თუ განვითარებული ქვეყნები არ შეასრულებენ პარიზის შეთანხმების დებულებებს, 2050 წლისათვის ტემპერატურის მატება 1,5 გრადუსის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული - მაშინ დედამიწა დასაშვებზე მეტად ვადამდე 10 წლით ადრე - 2040 წლისთვის გაცხელდება“, - გვაფრთხილებენ მეცნიერები. მათი მტკიცებით, მომდევნო ზღვარი 2 გრადუსით დათბობაა, რომელსაც კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია: ასეთი დრო 21-ე საუკუნის ბოლოს დადგება, თუ ჩვენ ისევ ძველებური ტემპებით გავაგრძელებთ ცის გაჭვარტლას და ტყეების კაფვას.

საერთოდ, მეცნიერთა პოზიცია გლობალურ დათბობაზე დიდი ხანია ცნობილია, მსგავსი მოხსენებები და ანგარიშები რეგულარულად ქვეყნდება, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ მოხსენებას განსაკუთრებული ხასიათი აქვს და არა მარტო იმის გამო, რომ მის მომზადებაში წვლილი 200-მა მეცნიერმა შეიტანა ბოლო ათწლეულში ჩატარებული 14 ათასი კვლევის საფუძველზე.

მთავარი ისაა, რომ მათ დასკვნებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ეთანხმება, ანუ ის, რაც მოხსენებაშია ნათქვამი, დღეისათვის უკვე კონსენსუსს წარმოადგენს არა მხოლოდ მეცნიერებისათვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისათვის მთლიანობაში.

ახლა იმ 195 ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მოხსენებას, უკვე აღარ აქვთ მიზეზი დაიმოწმონ სკეპტიკოსები და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადონ. ახლა მათ შესაძლებლობა აქვთ, აიღონ ახალი ვალდებულებები, რასაც ნოემბერში შვეიცარიაში დაგეგმილ მსოფლიო კლიმატურ სამიტზე დაადასტურებენ.

გაეროს ეგიდით შექმნილი მეცნიერთა ჯგუფი (IPCC - The Intergovernmental Panel on Climate Change) დედამიწის კლიმატს 1990 წლიდან აკვირდებოდა და ჩვენი პლანეტის მდგომარეობის შესასწავლად ექვსი გლობალური კვლევა ჩაატარა. ბოლო - მეექვსე კვლევა 8 წელი გრძელდებოდა.

195 ქვეყნის ხელმოწერა მეცნიერთა ამ მოხსენებას მსოფლიოს მთავარ კლიმატურ დოკუმენტად აქცევს. მათთვის მოხსენება ხდება საერთაშორისო სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას.

3949-გვერდიან მოხსენებაში ჩაწერილია, რომ:

ა) გასული ათწლეული ყველაზე ცხელი პერიოდი იყო ბოლო 125 ათასი წლის მანძილზე;

ბ) 21-ე საუკუნეში ატმოსფეროში გამოფრქვეული "სათბურის ეფექტის“ მქონე გაზები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ტეპერატურამ 1,5 გრადუსით აიწიოს მე-19 საუკუნესთან შედარებით;

გ) კლიმატის დათბობის ბუნებრივი ფაქტორების - მზისა და ვულკანების მიმდინარე ზემოქმედება თითქმის ნულის ტოლია;

დ) იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო მკვეთრად შეწყვეტს მავნე ნივთიერებების გაშვებას ატმოსფეროში, ზოგიერთი მავნე პროცესი უახლოეს ასწლეულში (და ათასწლეულშიც) მაინც არ შეწყდება: უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ოკეანის უკვე მომატებულ ტემპერატურასა და დონეს, აგრეთვე პლანეტის უკვე დაკარგულ ყინულოვან საფარს;

ბოლო წლებში მეცნიერებმა შეძლეს, რომ უფრო უკეთესად იქნას განსაზღვრული კავშირი ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებს - სიცხეს, გრიგალებს, წყალდიდობებს შორის. ისინი თვლიან, რომ გლობალური დათბობის პროცესის გაგრძელებით კიდევ უფრო მეტად მატულობს გვალვები და წყალდიდობები, მოულოდნელი წაყინვები და ისეთი სიცხეები, რომლებიც ტყის ხანძრებს იწვევენ.

სულ უფრო ხშირად ფიქსირდება ექსტრემალური ტემპერატურები, რომლის შეჩერება აღარ ხდება - სიცხე ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ მიიწევს თერმომეტრის წითელი ხაზისაკენ. 1950 წლიდან უჩვეულო სიცხეების ეპიზოდების სიხშირე და ინტენსივობა მნიშვნელოვნად არის მომატებული, მაშინ როცა სიცივეების ტემპერატურა მუდმივად კლებულობს.

და თუ შევძლებთ და გლობალური დათბობას 1,5 გრადუსის ფარგლებში შევაჩერებთ, ამ შემთხვევაშიც კი კაცობრიობა უპრეცედენტო ისტორიული კლიმატური კატაკლიზმების მოწმე გახდება. საქმე იქამდეც კი მივა, რომ სექტემბერში არქტიკაში უკანასკნელი ყინული დადნება. ამ პროცესის შეჩერებას ადამიანები უკვე ვეღარ მოახერხებენ. სამწუხაროდ, კაცობრიობამ მშობლიური პლანეტის ბუნების დაცვაში უდიდესი შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორება უკვე შეუძლებელია..

მოხსენების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ 1990 წლიდან დაწყებული, არქტიკული ყინულების დნობასა და ხმელეთზე მყინვარების ფართობის შემცირებაში, მთავარ დამნაშავეს სწორედ ადამიანი წარმოადგენს.

ავტორი: სიმონ კილაძე