ავტორი:

"მოსიარულე წმინდანი იყო, მთელი საქართველოს მასწავლებელი, რომელმაც მგალობელთა თაობები დაზარდა. ესეც კორონას მორიგი დარტყმა" - რას იხსენებენ ლია სალაყაიაზე ცნობილი მოსწავლეები

"მოსიარულე წმინდანი იყო, მთელი საქართველოს მასწავლებელი, რომელმაც მგალობელთა თაობები დაზარდა. ესეც კორონას მორიგი დარტყმა" - რას იხსენებენ ლია სალაყაიაზე ცნობილი მოსწავლეები

ფოლკლორისტები და სასულიერო მუსიკის წარმომადგენლები მას კარგად იცნობდნენ, რადგანაც ლია სალაყაიას საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. უამრავ ადამიანს შეასწავლა ქართული გალობა, ათეული წლების განმავლობაში თაობები გამოზარდა... საქართველოს მთავარი რეგენტი, გასულ კვირას, სამწუხაროდ, კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა.

ნიკოლოზ რაჭველი მის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:

„ლია სალაყაია დაიღუპა კორონათი. ეს მერამდენე უძვირფასესი და დიდი (და სათანადოდ დაუფასებელი) ადამიანი წაგვართვა ამ წელმა... დიდი მოღვაწე ქართული მუსიკის და ეკლესიის. თავდადებული და წმინდა ადამიანი. ჩემი უძვირფასესი მასწავლებელი. გამწარებული ვარ. ყველა, ვინც საჯაროდ და ხმამაღლა ანტივაქსერობთ, მკვლელები ხართ!..

უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი ლია სალაყაიას გარდაცვალებას... სასულიერო მუსიკის წრემ კარგად იცის მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ქალბატონი ლიას უსაზღვრო თავმდაბლობის გამო ფართო საზოგადოებამ შესაძლოა - ნაკლებად... ერთი წინადადებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ის იყო მოსიარულე წმინდანი!

ისე როგორც ლია სალაყაია ქართულ გალობას, ახალგაზრდობას, სამშობლოს და ქრისტიანობას ემსახურა, არც კი ვიცი, ჩვენს ეპოქაში მოიძებნებიან თუ არა მსგავსნი...

უდიდეს სევდასთან ერთად განსაკუთრებული მადლიერებით ვარ სავსე, რომ ბევრი საუკეთესო მოგონება მაკავშირებს მასთან, სწორედ მისი დამსახურებით გავაცნობიერე, რა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ღირსეულმა წინაპრებმა, გენიოსებმა, ვინც ქმნიდნენ დედამიწის მასშტაბის შედევრებს - ქართულ საგალობლებს... ლია სალაყაია სამოთხის სამოთხეში დაიმკვიდრებს სასუფეველს და ახლა მას ვავედრებ ჩვენს სულებსა და ჩვენს სამშობლოს. და ესეც კორონას მორიგი დარტყმა“...

ემოციური იყო სამების ვაჟთა გუნდის ხელმღვანელის სვიმონ ჯანგულაშვილის პოსტიც:

„1995 წელს გავიცანი და დავემოწაფე. გალობა მისგან ვისწავლე. გალობასთან ერთად, ადამიანობის და სიკეთის, სიყვარულის და რწმენის მასწავლებელი იყო. მთელი საქართველოს მასწავლებელი იყო. ის რომ არ ყოფილიყო, ქართული გალობა არ გავრცელდებოდა მთელ საქართველოში. მან მოძებნა შესრულების და სწავლების მანერა და სტილი, მოძებნა რეპერტუარი და მეთოდი, მოძებნა გზა და სიყვარული, რითაც მთელ საქართველოს მოჰფინა ქართული გალობა.

საქართველოში დადიოდა 30 წელი, რაც მე ვიცნობდი და მანამდეც, მთელი ცხოვრება... აფხაზეთიდან საინგილომდე, ყაზბეგიდან - ჯავახეთამდე - ყველგან. თანაც, ყოველდღიურად... უანგაროდ. უხელფასოდ. ყველას შეაყვარა შუა საუკუნეების საეკლესიო მუსიკა, რომლის აღქმაც, სხვადასხვა მიზეზების გამო, თავიდან ყველას უჭირდა... მისი მადლია, ამ გუნდის ხელმძღვანელი რომ ვარ. მისი მადლია, რაც მაქვს.

იცხოვრა ადამიანებისთვის, გალობისთვის, ქართული მუსიკისთვის, ეკლესიისთვის, პარტიარქისთვის, სამშობლოსთვის, სამყაროსთვის, ღმერთისთვის...

კი, არ იცხოვრა, თავდადებით ემსახურა, შეეწირა, სანთელივით დადნა - ტკბილად და მშვენიერად...

აქ ყველა სიტყვა და მეტაფორა უაზრობაა. უძვირფასესი და დიდი ადამიანი დავკარგეთ.

ახლაც ყურში მიდგას მისი ტკბილი ხმით ნამღერი და ნაგალობევი. მათ შორის, ჩემთან სახლშიც.

90-იან წლებში მის სახლში ვრეპეტიციობდით ხოლმე ათეულობით და ასეულობით ადამიანი, სადაც ფეხით მივდიოდით. ერთოთახიანი პატარა ბინა თითქოს ქართული გალობის გამავრცელებელი უზარმაზარი ტაძარი იყო... გაკვეთილების მერე, ან რომელიმე ტაძრის კურთხევის ან დღესასწაულის წინ, რამდენჯერ მასთან დავრჩენილვარ - უფულოდ ვიყავით 90-იანებში. ხანდახან მხოლოდ პომიდორი, აჯიკა და ზეთი ჰქონდა და გვაჭმევდა, რაც ჰქონდა, ყველას გვინაწილებდა. დედა ჩიტივით იყო, ბარტყებს რომ შემოიკრებს ფრთებქვეშ და ვერ იჯერებ, ამხელა ფრთები თუ აქვს, ამ პაწია ფრინველს...

სულ ლოცულობდა. ახალგაზრდული დეპრესია მჭირდა და გადამარჩინა. ღმერთის რწმენა და ღმერთზე მინდობა, ღმერთისთვის მინდობა, ცხოვრების, გასაჭირის, საქმეების, სათხოვარის - მასწავლა...

სულ უჭირდა. არ იმჩნევდა. უბრალოდ, თავის დისშვილებზე დარდობდა მუდამ...

მწარედ ვტირი და ვბოდავ თითებით... რა დიდი ადამიანი იყო. რა წმინდა ადამიანი, რა მუსიკოსი, რა პედაგოგი...

ოცნებობდა - სკოლაში სიმღერა-გალობის სწავლების დანერგვაზე, მართლაც უნიკალური და გენიალური მეთოდი ჰქონდა - უსმენოებსაც ამღერებდა...

სულ სიყვარულს თესავდა. სულ მშვიდობისმყოფელი იყო. არასდროს განიკითხავდა და სულ ღმერთის მოიმედე იყო.

მის ათიათასობით მოსწავლეს რომ ჰკითხოთ, ყველანი აბსოლუტურად იმავეს იტყვიან.

ანგელოზი იყო და ღმერთის შვილი და წაიყვანა უფალმა. როგორი მფარველი და სიყვარული დავკარგეთ. რა საშინელი წლებია ღმერთო... მუსიკაში და ხელოვნებაში მაინც რამდენი დიდი ადამიანი წავიდა...

ანზორი და ლია მაინც ერთნაირები იყვნენ - მთელი საქართველოს მასწავლებლები, გადამრჩენები.

...როგორ დავიჯერო, რომ ვერასდროს ვეღარ ვნახავ, ვერასდროს ვეღარ გვასწავლის, დაგვარიგეს, გვაგალობებს, გვიგალობებს და გვიმღერებს?

ანგელოზი. უფლის მგალობელი ჩიტი როგორ დაადნო ამ ვერაგმა სენმა. მაპატიეთ. დავკარგეთ სიყვარული.

ვინღა ვრჩებით? ერთმანეთის მჭამელი ჭია-ღუები.

დიდი ხალხი მიდის“...

საქართველოს პატრიარქის კურთხევით ლია სალაყაია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაიკრძალა.

თავიდან მუსიკის მასწავლებელს, კონსერვატორიის კურსდამთავრებულს, ალბათ, თავადაც არ ეგონა, თუ ქართული გალობის მიმართულებით ასეთ ფასდაუდებელ შრომას გასწევდა. ეკლესიაში შემთხვევით მოხვდა და კუკიის წმინდა ნინოს ტაძარში პირველად იგალობა.

როგორც თავად ყვებოდა, იქ საკმაოდ თამამი ჩაცმულობით - მოკლე კაბით, ღრმა დეკოლტეთი შესულა და მოძღვრისთვის უკითხავს, - აქ თუ გალობს ვინმე? არავინ. თუ გინდა, მოდი და იგალობე - უთქვამს მოძღვარს. ისიც მივიდა და ასე დაიწყო მისი ცხოვრების სხვა, სულიერი ეტაპი.

„კაბის სიგრძეც თავისთავად დაგრძელდა, თავსაბურავიც დავიფარე და ასე ნელ-ნელა დავედი უბრალოებამდე“, - იხსენებდა ხოლმე ქალბატონი ლია.

ათეული წლების მანძილზე საქართველოში მოგზაურობდა, ასწავლიდა ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს. სულ დაკავებული იყო, თავისუფალი დრო არასდროს ჰქონდა. მის გრაფიკში ყოველ დღეს თავის სახელი ჰქონდა - დუშეთის სალოტბარო სკოლის დღე, პატიმარი ქალების დღე, სამცხე-ჯავახეთის დღე, სამების სამრევლო სკოლის გოგო-ბიჭების დღე და ასე გრძელდებოდა 40 წელი...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. „ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ფეხით აქვს მოვლილი მთელი საქართველო და აი, ამ მოგზაურობის დროს, ორმოცი წელია, მოღვაწეობს და ასწავლის ქართულ საგალობლებს, ხალხურ სიმღერებს, კითხულობს ლექციებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, გვინდა, დავაჯილდოვოთ უმაღლესი ჯილდოთი საქართველოს ეკლესიის სახელით, წმინდა გიორგის ორდენით,“ - აღნიშნა 2019 წელს, საკუთარი იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ლია სალაყაიამ კი მაშინ ასე თქვა - „საქმე რომელიც გულით გიყვარს, აკეთებ, შენია, იმაში ჯილდო როგორ უნდა გადმოგცენ?! თუმცა, უმადური არასდროს ყოფილა და ამ ჯილდოს გამო მადლიერება გულით გამოხატა.

ეს კი ლია სალაყაიას სიტყვებია - „ქართული მუსიკალური ენა და ქართული საეკლესიო გალობა კაცობრიობის მუსიკალური კულტურის მწვერვალია. ეს არის ქართული ფენომენი“. ფენომენი, რომელსაც ადამიანმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა...

***

ქალბატონი ლია აფხაზეთში იყო გაზრდილი და ძალიან ეამაყებოდა ეს მხარე, მისი წინაპრები. მის გვარში ბაბუა - ლადო სალაყაია სახალხო მომღერალი იყო და ამასთან, ავტორი მეგრული სიმღერებისა - „სისა ტურა,“ „ართი ვარდი გამკოპწილი,“ „ვაი, შური საყვარელი“...

გამორჩეუად უყვარდა მამა, ეამაყებოდა და მასზე ამბებს ყვებოდა. იმ ცოცხალ მაგალითებზე გაზრდილი ქალბატონი, ცხოვრებას ალბათ სხვანაირად ვერც გააგრძელებდა და ლია სალაყაიას დედამიწაზე გატარებული სიცოცხლე ამის მაგალიათია. მას ხომ დედამიწის ანგელოზს ეძახდნენ...

ეს კი მისი მოგონება აფხაზეთზე, იქაურ ურთიერთობებსა და მამაზე:

„მამაჩემი სენაკიდან სამუშაოდ აფხაზეთში გააგზავნეს. მოსამართლე იყო, გუდაუთაში მუშაობდა. მე, ჩემი და-ძმებიდან, როგორც ნაბოლარას, პატივი მერგო, აფხაზეთში დავბადებულიყავი. კი ეს არის პატივი, რადგან, ჯერ ერთი, მოციქულის სხეული აფხაზეთის მიწაზეა, გარდა ამისა, პირველ მსოფლიო მართლმადიდებლურ კრებაზე მონაწილეობდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი. ეს ყველაფერი ისე არ ქრება...

აფხაზეთიდან განსაკუთრებული ურთიერთობები მახსოვს... ჩვენი ოჯახის ისტორიიდან რამდენიმე ამბავს მინდა, მოვყვე, რაც ყველაზე მეტად ბავშვობიდან დამამახსოვრდა. მამა აფხაზ ახალგაზრდას მეორე ქურდობაზე ასამართლებდა. მაშინდელი კანონებით 10-15 წლამდე უნდა მიესაჯა. მამამ 10 წელი მიუსაჯა. დამთავრდა პროცესი, მამა შენობიდან გავიდა და მას ფაფახიანი ასაკოვანი აფხაზი დახვდა, რომელმაც უთხრა - ჩვენ მადლიერები ვართ, შეგეძლოთ, მეტიც მიგესაჯათ. თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს - შვილს 10 წლით ვემშვიდობებით, მთელი ნათესაობა შეკრებილები ვართ. ამ სუფრაზე ერთი ღამით გამატანეთ.

ეს მოსამართლისთვის გაუგებარი თხოვნა იყო. მახსოვს, აფხაზეთში იყო ასეთი ფრაზა, - ვინმეს კარგად რომ ახასიათებდნენ, იტყოდნენ - აფხაზივით კაციაო, ე.ი. მტკიცე და სიტყვის პატრონი... მამამ გაატანა პატიმარი, რომელიც დილის 9 საათზე დაუბრუნეს... ის აფხაზი კაცი წლების მანძილზე მამისა და ჩვენი ოჯახის მიმართ მადლიერებას გამოხატავდა. თავის დაწურულ ღვინოს, როგორც უმცროს ძმას, მამას ისე მოართმევდა ხოლმე.

იყო ასეთი ამბავიც - ერთ ინჟინერს სახელმწიფო ქონების გაფლანგვა დაბრალდა. 25 წლით პატიმრობა ემუქრებოდა. პროცესზე მამამ ამ კაცის სიმართლე იგრძნო. გადადო სასამართლო, თავიდან დაიწყო გამოძიება და ეს კაცი საერთოდ გათავისუფლდა... მთელი ბავშვობა მეგონა, რომ ის ადამიანი ჩემი სისხლის ნათესავი იყო. ათეული წლები გაგრძელდა ჩვენი ოჯახების მეგობრობა...

გავიზარდე გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა და დიდი მეგობრობა ჰქონდათ. დღემდე მახსოვს ის უდიდესი სიყვარული, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა...

როდესაც მადლი კლებულობს, მერე ბოროტი სული ახერხებს ადამიანების ერთმანეთის მიმართ გადამტერებას. როცა მადლმა იკლო, ერთმანეთს დავცილდით კიდეც, რაც ძალიან სამწუხაროა. 40 წლის წინ აფხაზეთში ყოფნისას, ერთ-ერთი კლუბის სცენის ხის იატაკის ქვეშ მითხრეს, რომ აქ სიმონ კანანელის საფლავიაო. სვიმონ კანანელი დიდ პატივს იმსახურებს და არა იმას, რომ სადღაც ასე ყოფილიყო მისი სხეული დამარხული... მაგრამ ეს და ისიც, რაც აფხაზეთის დაკარგვით და მას შემდეგაც მოხდა, ეს ბოროტმა სულმა შეძლო... მჯერა სიკეთის, მაინც გაიმარჯვებს. ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს დაიბრუნებენ და ეს მადლი მოახერხებს ბოროტზე გამარჯვებას და პატივისცემის ისევ აღდგენას“.

ვუსამძიმრებ ქვეყანას ამ დიდი ადამიანის გარდაცვალებას!