ბათუმში, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 63 ბავშვია მოთავსებული. როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ხუთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"დილის მდგომარეობით 63 პაციენტი გვყავს, მათგან 5 რეანიმაციაში არის მოთავსებული, ოთხი ახალშობილი და ერთი მოზარდია, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ ეტაპზე რეანიმაციაში ოთხი ადგილი გვაქვს თავისუფალი, ხოლო პედიატრიაში სრულად დაკავებულია. 58 პაციენტი 50 საწოლზე არის მოთავსებული, ანუ ვგულისხმობთ ბავშვები მშობლებთან ერთად.
გუშინ 17 პაციენტი გაეწერა, რამდენიმე ადგილი დღეს გათავისუფლდება და შეივსება ისევ“, - აცხადებს კლინიკის დირექტორი თამარ ბახტაძე.