ავტორი:

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თბილისში, 702 200-მდე ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს - დაკავებულია 11 პირი

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თბილისში, 702 200-მდე ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს - დაკავებულია 11 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით დაირეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის ნაკვეთი, ჯამში 10 756 კვ.მ., რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 702 183 ლარს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაუბრუნდა 53 758 ლარის ღირებულების 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.