ავტორი:

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური თვითმართველობა და კულტურის პალატა ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური თვითმართველობა და კულტურის პალატა ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის სახელით, ქვეყანაში პანდემიური ვითარების გართულებასთან დაკავშირებით, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მიმართვას ავრცელებს.

„ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთად აღმოვჩნდით ამ სასტიკ რეალობაში. თითოეული ჩვენგანი და ჩვენი ოჯახები ერთი საფრთხის წინაშე ვდგავართ. საფრთხე რეალურია და დაუნდობელი. უხილავი მტერი - კორონავირუსული ინფექცია ყოველი ჩვენგანის სიახლოვესაა ჩასაფრებული.

რთულია შექმნილ ვითარებასთან გამკლავება, მაგრამ ეს ერთიანი ძალებით უნდა შევძლოთ - უხილავი მტრის წინააღმდეგ კაცობრიობა ერთად უნდა დადგეს, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ერთიანი სახლი, დედამიწა ადამიანების გარეშე არ დარჩეს. მისი ძლევა მხოლოდ ერთმანეთის მოფრთხილებით, ზრუნვით, სიყვარულითა და თანაგრძნობით არის შესაძლებელი.

ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ დადგენილი რეგულაციები, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ამით, მივცეთ საშუალება ექიმებს, ცივი გონებითა და მაღალი პროფესიონალიზმით დაამარცხონ კორონავირუსი.

დღეს ცალ-ცალკე დგომის დრო არ არის, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად იმისთვის, რომ ისევ შევხვდეთ, მოვეფეროთ, მოვეხვიოთ ერთმანეთს!

ამ ეტაპზე კი, კოვიდინფექციის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს - რეგულაციების დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია! ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის მხარში დგომა, რომ სიყვარულით, მოთმინებითა და მიტევებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის, ჩვენი ოჯახების, მშობლებისა და შვილების გადაჩენა! გთხოვთ, მოვუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთამანეთი!“ - აღნიშნულია დავით ოქიტაშვილის მიმართვაში.