ავტორი:

"რად უნდათ ტანკების შემოჯლიგინება, მინიმალურ ფასად შეუძლიათ საფრთხე შეგვიქმნან" - ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?

"რად უნდათ ტანკების შემოჯლიგინება, მინიმალურ ფასად შეუძლიათ საფრთხე შეგვიქმნან" - ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?

საქართველოში ანტივაქსერული ჯგუფები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აგიტატორებმა სოციალურ ქსელში გაჩაღებული პროპაგანდა საკმარისად არ მიიჩნიეს და ქუჩაში გამოვიდნენ.

ანტივაქსერთა პირველი საპროტესტო აქცია სწორედ იმ დღეს გაიმართა, როცა საქართველომ აშშ-სგან ნახევარი მილიონი დოზა "ფაიზერის" ვაქცინა საჩუქრად მიიღო.

ვინ არიან ანტივაქსერები და საიდან იღებს სათავეს ანტივაქსერული მოძრაობები?

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე საკუთარ ბლოგში - "ვინ არიან და რა ამოძრავებთ ანტივაქსერებს“ ანტივაქსერული მოძრაობის პრეისტორიას მოგვითხრობს. ექსპერტი საერთაშორისო სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ანტივაქსეთა გზავნილები საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. ისინი იმავე ცრუ არგუმენტებით აპელირებდნენ მეთვრამეტე საუკუნეშიც, რასაც დღეს ვისმენთ პირად საუბრებსა თუ სოციალურ ქსელებში.

"ანტივაქსერული მოძრაობა არახალია, პირველი ანტივაქსერები ედუარდ ჯენერის მიერ 1796 წელს ყვავილის ვაქცინის შემუშავების პერიოდიდან გაჩნდნენ. ყვავილი უმძიმესი დაავადება იყო, რომელიც კლავდა ყოველ მესამე ინფიცირებულს და რომელიც სწორედ ვაქცინაციის შედეგად სრულად აღმოიფხვრა მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც ეს ცოტა ხანში მოხდა მეორე უმძიმესი დაავადების – პოლიომიელიტის შემთხვევაში, რაც კაცობრიობის ისტორიაში მედიცინის და ზოგადად მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ჯენერის პერიოდიდან მოყოლებული, ანტივაქსერები ცდილობდნენ მოგვლენოდნენ „თეთრ რაინდებად“, რომლებიც საზოგადოების შიშებს და ეჭვებს გამოხატავდნენ და ავრცელებდნენ, რათა საკუთარი თავები საზოგადოების ინტერესების დამცველ გმირებად წარმოეჩინათ.

ანტივაქსერების აქცია თბილისში - ფოტო: სპუტნიკი

ასე, მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიის მკვლევარს, პოლა ლარსონს "გარდიანის" სტატიაში მოაქვს დოქტორ ალექსანდრე როსის (ექიმის!) იმ დროისთვის პოპულარული პამფლეტი, რომელიც კანადაში ფართოდ გავრცელდა, როდესაც მონრეალში იყო ყვავილის ეპიდემია 1885 წელს: ის არწმუნებდა მკითხველს, რომ ვაქცინაცია არ ახდენს ყვავილის პრევენციას, მაგრამ იწვევს ისეთი „საზიზღარი“ დაავადებების გავრცელებას, როგორიც სიფილისია (ათაშანგი) და თვითონ ყვავილიც ასევე აცრის შედეგად ვრცელდება და „უცბად“ კლავს ბავშვებს (როსის სხვა თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს აცრა ასევე იწვევს უნაყოფობას)! მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ „მონრეალში რეალურად ყვავილის ეპიდემია არ არის და გვატყუებენ" და რომც იყოს, ყველაზე საუკეთესო საშუალება არის "სუფთა ჰაერი, ჰიგიენის დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი (ალკოჰოლისგან თავის შეკავება)“. "მტკიცებულებებად" როსი სთავაზობდა რამდენიმე ინდივიდის აზრს, რომელთა წოდებები იწყებოდა შთამბეჭდავი პრეფიქსებით: "პროფ"; "დოქტორი", "სერ" და ა.შ...

ხომ არ გეცნობათ ეს ყველაფერი? დარწმუნებული ვარ, გეცნობათ და არაერთი მსგავსი არგუმენტი მოგისმენიათ და „პამფლეტი“ წაგიკითხავთ კოვიდ-19-ზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ანტივაქსერული მოძრაობა ამ პამფლეტში ასახულ ნაცად ტაქტიკას და ხერხებს იყენებდა და იყენებს მთელი მისი ისტორიის მანძილზე“ - წერს ზოიძე.

ანტივაქსერები და საქართველო

მედიის განვითარების ფონდი კომპანია "ფეისბუქთან" თანამშრომლობით აქტიურად იბრძვის ქართული ანტივაქსერული პროპაგანდის წინააღმდეგ. ორგანიზაცია ინტენსიურად ადევნებს თვალ-ყურს ტრადიციულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო გზავნილებს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი გვეუბნება, რომ "ფაიზერით" ვაქცინაციის გააქტიურების პარალელურად, გაიზარდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაკადი. მისი თქმით, 24 ივლისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ნაჩუქარი 0.5 მლნ დოზა ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდა, ყალბად სულ მცირე 200 პოსტი მონიშნეს.

"2020 წლიდან არაერთი ყალბი ანგარიში გამოვავლინეთ. მას შემდეგ, რაც "ფაიზერის" ვაქცინა ჩამოვიდა, ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის ნაკადის გაზრდა, რაც გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ანტივაქსერულ მოძრაობას აქვს ორგანიზებული სახე. ამას მოწმობს ისიც, რომ მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჩანდნენ არამხოლოდ ანტივაქსერები, არამედ ლევან ვასაძის მოძრაობის წარმომადგენლებიც. ისინი აქციის მედიით გაშუქებასაც უზრუნველყოფდნენ. სწორედ ამ ჯგუფებთან არის დაკავშირებული ის ფეისბუქ-ანგარიშები, რომლებიც ინტენსიურად ცდილობენ მანიპულაციური და დეზინფორმაციის შემცველი ცნობები გაავრცელონ სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ჩინური ვაქცინის ჩამოსვლისას ასეთი მძლავრი ანტივაქსერული ტალღა არ ყოფილა“, - ეუბნება Ambebi.ge -ს თამარ კინწურაშვილი.

ყველაზე მეტად ვის აძლევს ხელს ანტივაქსერული კამპანიის გაჩაღება საქართველოში - დგას თუ არა რუსეთი ამის უკან?!

BBC-ის ინფორმაციით, "ფეისბუქმა" წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში.

“ფეისბუქის“ თანახმად, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ.

სპეციალისტების თქმით, არ არის გამორიცხული ქართული ანტივაქსერული მოძრაობების უკანაც რუსული ინტერესები იდგეს.

"მედიის განვითარების ფონდის" კვლევამ ამ მხრივ არაერთი საგულისხმო მიგნება აღმოაჩინა. თამარ კინწურაშვილის თქმით, ისინი, ვინც სხვადასხვა საშუალებით ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რუსული ვაქცინის უპირატესობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

"თუ ანტივაქსერი ხარ, ყველა ვაქცინის მიმართ უნდა იყო ანტივაქსერი. ადამიანთა გარკვეული ჯგუფები კი წერდნენ, რომ ყველა ვაქცინა ცუდია, გარდა რუსულისა. ისინი ამბობდნენ, რომ თუ მაინცდამაინც გადაწყვეტდნენ ვაქცინის გაკეთებას, ეს მხოლოდ რუსული წარმოების იქნებოდა. ეს და სხვა გარემოებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ანტივაქსერული განწყობების უდიდესი ნაწილი უფრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ვიდრე ადამიანური შიში", - ეუბნება Ambebi.ge ს თამარ კინწურაშვილი.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნა ყველაზე მეტად აძლევს ხელს რუსეთს. მისი დაკვირვებით, ანტივაქსერულ ჯგუფებში გავრცელებული ცრუ ინფორმაციების დიდი ნაწილი რუსულენოვანი წყაროებია.

"ეს არის რუსულად ნათარგმნი, ან რუსული საიტებიდან აღებული ცნობები. მოდით, ასე ვთქვათ, რად უნდათ რუსებს ტანკების შემოგლიჯინება, როდესაც შეუძლიათ ძალიან მინიმალურ ფასად ჩააგდონ ვაქცინაციის პროცესი და ამით რეალური საფრთხე მიაყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. საკმარისია, მათ ეს მოახერხონ, რომ ჩამოიშალოს ქვეყანა და მუდმივად დაზაფრულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მათთვის ეს არის იდეალური და იაფფასიანი საშუალება ჩვენს გასანადგურებლად" - გვეუბნება აკაკი ზოიძე.

როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ანტივაქსერებს?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტრო იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით. მისი თქმით, იგეგმება სპეციალისტების ვიზიტები რეგიონებში და მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები.

აკაკი ზოიძის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად დაგვიანებულია.

"სამწუხაროდ, გვიან ვიწყებთ პროვაქსერულ კამპანიას, ეს მინიმუმ 4-5 თვით ადრე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ახლა შედეგი გვქონოდა. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს უნდა იყოს მასობრივი ძალისხმევა და ამაში მოქალაქეებმაც უნდა შევუწყოთ ხელი სახელმწიფოს. ჯერჯერობით ეფექტიანი, მიზანმიმართული და თანმიმდევრული კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან არ წარმოებს, მაშინ, როდესაც კოვიდ-19-თან ერთად გააქტიურებული ანტივაქსერული მოძრაობა აგრესიულ, კარგად ორგანიზებულ და თანმიმდევრულ კამპანიას აწარმოებს კოვიდ-19- ის საფრთხის ნიველირებისა და ვაქცინების საწინააღმდეგოდ გლობალურად და საქართველოში, სახელმწიფო მუდმივად უნდა აკონტროლებდეს, თუ რა ინფორმაციას ავრცელებენ ანტივაქსერები, რა ახალ ბერკეტებს იმუშავებენ ხალხის შეცდომაში შესაყვანად და მიზანმიმართულად ებრძოლოს მათ. გარდა ამისა, კარგი იქნება გარკვეული ბენეფიტების შემოღება აცრილთათვის, რათა ეს სტიმული გახდეს სხვებისთვის" - გვეუბნება აკაკი ზოიძე.

როგორ უნდა ვებრძოლოთ თითოეული ჩვენგანი

ყველა თანხმდება იმაში, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდი როლი თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და თვითშეგნებას ენიჭება. რეგულაციების დაცვისა და აცრის გარდა, ახლა სახელმწიფობრივად მოაზროვნე თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთი ვალი აქვს - შეიტანოს საკუთარი წვლილი ანტივაქსერული პროპაგანდის გაუვნებელყოფაში.

ჯანდაცვის ექსპერტი ფსიქოლოგიურ მეცნიერებებზე დაფუძნებულ რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობს.

"არავითარ შემთხვევაში პოლემიკაში არ შეხვიდეთ ანტივაქსერებთან სოციალური ქსელის მეშვეობით. საუკეთესო გამოსავალია იგნორი და დაბლოკვა. გარდა ამისა, ნუ გააზიარებთ თუნდაც უარყოფით კონტექსტში მათ პოსტებს, რადგან ისინი ამით სარგებელს ნახულობენ. ვინც ფულის სანაცვლოდ ეწევა ასეთ პროპაგანდას, გასამრჯელოს სწორედ მოპოვებული გაზიარებებისა და ნახვების შესაბამისად იღებს.

თუ ანტივაქსერი ჩვენი ახლობელია, ვესაუბროთ პირადში და ვეცადოთ, რომ გადავარწმუნოთ. ბოლო კვლევებით, ჩვენი მოსახლეობის 50% მზად არის, რომ აიცრას. ამიტომ თუ ჩვენ ვეცდებით, მათი შიშების გაქარწყლებას რეალური ინფორმაციის მიწოდებით, მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ჭეშმარიტი ანტივაქსერი, რომელიც რელიგიური ფანატიზმის დონეზე ქადაგებს, სულ 5-10 %-ია. დანარჩენი ნაწილი უბრალოდ, ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად, მათი გადმობირება კვალიფიციური ახსნა-განმარტებითა და ყველა მათ კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია" - გვიხსნის აკაკი ზოიძე.

ანტივაქსერულ მოძრაობას მომავალი არ აქვს

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია - 715919 ადამიანი. მხოლოდ ერთ დღეში, 11 აგვისტოს 25933 პირი აიცრა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილში აცრებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა, თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ საბოლოოდ, დომინირებას მაინც მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული განწყობები ახერხებდნენ. სწორედ ასე შეძლო მედიცინამ დაემარცხებინა კაცობრიობის ისტორიაში არაერთი მკვლელი დაავადება და ადამიანებისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა. წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი, ტეტანუსი - ეს იმ ვერაგი დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომელებიც ვაქცინამ სრულად გააუვნებელყო.

თუმცა არცერთ ასეთ გამარჯვებას ძალისხმევის გარეშე არ ჩაუვლია. აქტიური საინფორმაციო კამპანიების წარმოება თუ პირადი მაგალითების მიცემა ყოველთვის საჭირო იყო.

1956 წელს, ედ სალივანის შოუში, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული ამერიკელი, ელვის პრესლი პოლიომიელიტზე საჯაროდ აიცრა, რის შედეგადაც ამერიკაში აცრების რაოდენობა 0.6%-დან 80%-მდე გაიზარდა.

არსებობს ისტორიული ცნობა, რომ როდესაც ქართლში შავი ჭირის და ყვავილის ეპიდემიები მძვინვარებდა, ერეკლე მეორემ 1772 წელს თავისი ვაჟი იულონი საჯაროდ ააცრევინა, რის შემდეგაც ხალხი ენდო სიახლეს და მათაც მასობრივად დაიწყეს საკუთარი შვილების აცრა.

მთავარი ფოტო: მედიის განვითარების ფონდი