იქ, სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს, მოსახლეობის აცრა ისეთი ვაქცინით უნდა მოხდეს, რომელთა დოზებს შორის არის მაქსიმალურად მოკლე ინტერვალი, ამ შემთხვევაში ასეთი გვაქვს „სინოვაკის“ ვაქცინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა, არის ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა.
"ზოგადად სტრატეგია ინფექციის შეკავების, განსხვავებით შარშანდელი წლისგან წელს რამოდენიმე მთავარ მიმართულებაზე დაიყვანება, ერთ-ერთი იარაღია ვაქცინა, ამიტომ ვაქცინაციის ინტენსიფიცირება და სწრაფად მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა.
მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინებს პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი აქვთ სხვადასხვა, ამიტომ დღეს ერთ-ერთი რეკომენდაცია გვაქვს ასეთი - იქ სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს სწრაფად მოხდეს მოსახლეობის აცრა მაქსიმალურად მოკლევადიანი ვაქცინით, ამ შემთხვევაში „სინოვაკის“ მარაგი არის, რათა ქვეყანაში სწრაფად მივიღოთ საკმარისი იმუნური ფენა“, - განაცხადა გამყრელიძემ.