"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განსხვავებული საარჩევნო ნომრები შესაძლოა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე მიუთითებდეს.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას მიანიშნებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განსხვავებული საარჩევნო ნომრები და ხომ არ გამოიწვევს ამომრჩევლებში დაბნეულობას, მდინარაძემ უპასუხა, რომ ნომრების ასე გადანაწილება უპრეცედენტოა და "ნაცმოძრაობაში“ ფორმალურ და არაფორმალურ ლიდერებს შორის შესაძლო უთანხმოებით აიხსნება.
"გუწრფელად რომ გითხრათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ დაბნეულობაზე ბევრს არ ვინერვიულებ, მაგრამ რას ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატის მხრიდან სხვა კანდიდატის, რომელიც პროპორციული სიით უნდა გავიდეს მათი აზრით, ნომრის „გაპიარება“, ეს არის ალბათ მთავარი კითხვა. ეს იმას ნიშნავს, მე დამიჭირეთ მხარი, როგორც ერთი პარტიის კანდიდატს და მეორე პარტიას მიეცით პროპორციულ ნაწილში ხმა იმიტომ, რომ ის გავიდეს საკრებულოში და შემდეგ თავმჯდომარე გახდესო. მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროს ვგულისხობ, ასეთი ლოგიკა არ მახსენდება, რომ რომელიმე პარტიის კანდიდატს ერთმანეთში ასე დაელაგებინოს. უპრეცედენტო რამ არის. თუ ვივარაუდებთ, ეს ამძაფრებს იმ ეჭვს და ინფორმაციას, რომელიც გამოდის ხოლმე „ნაცმოძრაობიდან“, სააკაშვილ-მელიას დაპირისპირების შესახებ, რადგან ფაქტია, მელია აიგნორებს პროპორციულ ხმებს და პროპორციული სიის ნაწილში მისი მხარდამჭერების პოზიციას. ის იბრძვის მერობისთვის, უპერსპექტივოდ, მაგრამ იბრძვის და მოუწოდებს, სხვას მისცენ პარტიულ ნაწილში ხმა. ასეთი რამ არის უპრეცედენტო და მხოლოდ ერთი რამით აიხსნება, დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ფორმალურ და არაფორმალურ ლიდერებს შორის“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ დესტრუქციული ქმედებები განხორციელდება.
"მგონია, რომ ეს არის ნიკა მელიას გამიჯვნა თავის რეალური ლიდერისგან. რაც შეეხება დესტრუქციას, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივი მოლოდინი არსებობს“, -განაცხადა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, ქვეყანაში დესტრუქციაზე, ტყუილებსა და ბოროტებაზე აგებული საარჩევნო კამპანია ადგილს ვეღარ დაიმკვიდრებს და შედეგს ვერასდროს მიიღებს.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა. ამასთან, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 50 პარტიას საარჩევნო ნომრები მიანიჭა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერია-5, ხოლო „დროას“-32.