ავტორი:

ახალი ღვინოები თბილღვინოსგან

ახალი ღვინოები თბილღვინოსგან

„თბილღვინომ“ ღვინის მოყვარულებს ახალი ამბერ ღვინო წარუდგინა.

ქარვისფერი ღვინო მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამჯერად, „თბილღვინომ“ ქარვისფერი ამბერ რქაწითლისა და ამბერ ქისის წარმოება დაიწყო.

„ღვინის მოყვარული ადამიანების გულსა და გონებაში, 2020 წელს ქარვისფერმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. მას აწარმოებენ, ყიდიან და მიირთმევენ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.“ - საიმონ ვულფი, დეკანტერი.

„მომხმარებლები ყოველდღიურად გამოხატავენ დიდ ინტერესს ქარვისფერი ღვინისადმი“ - აღნიშნავს ლორენა ასენსიოსი, Astor Wines-ის შესყიდვების მენეჯერი, ნიუ-იორკის ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრე.

საინტერესოა ქარვისფერი ღვინის მომზადების წესი, რომელიც სტანდარტულისგან მკვეთრად განსხვავდება. უფრო კონკრეტულად, ევროპული თეთრი ღვინისგან განსხვავებით, ყურძნის კანი კონტაქტში რჩება წვენთან დღეების ან ზოგ შემთხვევაში, თვეების განმავლობაში, სწორედ ამიტომ, ქარვისფერი ღვინო კანთან კონტაქტის მეთოდით დადუღებული თეთრი ღვინის სახელითაცაა ცნობილი.

„მეღვინეობის ეს მეთოდი არის თეთრი ღვინოების დამზადების უძველესი ფორმა, რომელიც საუკუნეებით თარიღდება. საქართველოს არასდროს შეუწყვეტია ამ გზით

თეთრი ღვინის წარმოება“, - ერიკ აზიმოვი, The New York Times.

არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, 8000 წლის წინ საქართველოში მზადდებოდა ღვინო და ინახებოდა თიხის ჭურჭელში ანუ ქვევრში. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი კი ამჟამად გაერო-ს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის არის შეტანილი. ქარვისფერი ღვინის ფესვები კი სწორედ ამ უნიკალურ ტექნოლოგიას უკავშირდება.

„თბილღვინოს“ ამბერ რქაწითელი და ქისი დახვეწილი, ელეგანტური და ექსკლუზიური გემოთი გამოირჩევა, რომელიც ყველა კლასიკური ღვინისგან მკვეთრად განსხვავდება.

ამბერ რქაწითელი და ქისი „თბილღვინოს“ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება, დროული და ქრონოლოგიური პროცესები კი სიფრთხილითა და კონტროლით მიმდინარეობს.

ახალი, ამბერ ღვინის გემოს შესაცნობად, რა თქმა უნდა, ის თავად უნდა დააგემოვნოთ, თუმცა ვეცდებით, აღვწეროთ, როგორ შეგრძნებებს ტოვებს ამბერ რქაწითელი და მშრალი ქისი: კომშისა და გარგარის ჩირის არომატი, საშუალო სხეულიანი, დაბალანსებული სიმჟავისა და ტანინის გემო.

„თბილღვინოს“ ამბერ ღვინო ევროპული კლასიკური მეთოდით დაყენებულ თეთრ ღვინოზე სხეულიანია და ამიტომაც, ისევე ეხამება სადილს, როგორც ქვევრის ღვინო. რეკომენდებულია, დაწყვილდეს ხორცის მრავალფეროვნებასთან: ქათამთან, თევზთან. საინტერესო შეხამებას ვიღებთ ძეხვეულთან, მძაფრი არომატის მქონე ყველთან, ზეთისხილთან და სოკოსთან ერთად.

„თბილღვინოს“ ამბერ ღვინო იდეალურია მათთვის, ვისაც ახალი გემოს აღმოჩენა სურს.

R