ავტორი:

აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია - სამებაში მათი პანაშვიდი გაიმართება

აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია - სამებაში მათი პანაშვიდი გაიმართება

1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს, 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ახლობლების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით.

მათივე ინფორმაციით, ნეშტების ექსჰუმაცია განხორციელდა 2018-2020 წლებში სოხუმსა და გაგრაში წჯსკ-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს, „1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ წჯსკ-ს ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით 2010 წლიდან მოქმედებს.

ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონია 13 და 14 აგვისტოს ჩატარდება თბილისში.

როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი აღნიშნავს, ხუთი ადამიანია ამოცნობილი და მათი ნეშტები დღეს ოჯახებს გადაეცემა.

„მათ მიიღეს პასუხები, თუმცა 2300-ზე მეტმა ოჯახმა დღემდე არაფერი იცის საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ. იმისათვის, რომ მოძიებისა და იდენტიფიკაციის პროცესი და ასევე, ოჯახების მხარდაჭერა უფრო ეფექტური და მდგრადი გახდეს, საჭიროა კონფლიქტის ყველა ყოფილი მხარის მეტი ჩართულობა. წჯსკ-ს დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხებში კავკასიაში ამჟამად ყველა მხარესთან განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა. 2021 წლის შემდეგ მხარეებმა ეტაპობრივად საკუთარ თავზე უნდა აიღონ იმ ამოცანების შესრულება, რომლებსაც ამჟამად წჯსკ ახორციელებს, ასევე, უნდა გააძლიერონ არსებული საკოორდინაციო მექანიზმების როლი და შესაძლებლობები, რომლებშიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით აფხაზი, ქართველი, რუსი და ოსი მონაწილეები არიან ჩართული. ეს ორი ნაბიჯი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის პასუხის გასაცემად უფრო ეფექტურ და მდგრად საქმიანობას უზრუნველყოფს მომავალში და გაუჩინარებული ადამიანების საკითხებზე რეგულარული დიალოგისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. იგი, ასევე, შესაძლებელს გახდის კავკასიაში მომხდარი სხვა კონფლიქტების, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის, მონაწილე მხარეებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას”, - აღნიშნავს სევერინ შაპაზი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ინფორმაციით, 2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) 589 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 211 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. მთლიანობაში, 2 345 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

დღეს სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

იდენტიფიცირებული 5 ადამიანიდან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

იდენტიფიცირებულთაგან 1 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე მოხდება.