დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია - ძალიან მძიმე სიტუაციაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა.
როგორც იმნაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სისტემა აღნიშნულ ეპიდვითარებას ჯერ კიდევ უძლებს, თუმცა, „ყველაფერს თავის საზღვარი აქვს“.
„დღეს ქვეყანაში აბსულუტური რეკორდი გვაქვს, ქვეყანაში ერთდროულად ინფიცირებულია 50 ათასი ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი 10%-არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ნაწილი, 20-25 პროცენტით მეტია, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია. აქედან გამომდინარე, თუ გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ დაახლოებით, ყოველი 50-ე და 60-ე ჩვენი თანამოქალაქე ინფიცირებულია. ეს რეალობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა.
შესადარებლად, თუ 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით, ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, რაც ინდოეთში იყო, კადრები ყველას რომ გვახსოვს, რა ხდებოდა ამ დროს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს. შეზღუდვები, რომელიც გუშინ დაანონსდა და ძალაში ხვალ შევა, იმიტომ არის, რომ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს“, - აღნიშნავს იმნაძე.