ავტორი:

"დელტას" შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ" - იმნაძის თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს

"დელტას" შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ" - იმნაძის თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსალოდნელია კორონავირუსით გარდაცვლილთა ზრდა. როგორც მან დღევანდელ ვებინარზე განაცხადა, „დელტას“ შტამი გაციებას ჰგავს და თუ მოქალაქეებს მსგავსი სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად ტესტი უნდა ჩაიტარონ.

პაატა იმნაძის თქმით, ინფორმაცია აქვთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი მოქალაქე არ იცავს წესს, საჯარო სივრცეში გადაადგილდება და ვირუსს ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“,-განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, პაატა იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, ჩანაწერი გააკეთებინოს, რა მიზეზით ეუბნება უარს.

როგორც მან ვებინარზე განაცხადა, არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ის ექიმები, ვინც ჩაწერენ, რომ მოქალაქეს აცრაზე უარს ბავშვობაში გადატანილი „ჭინჭრის ციების“ გამო ეუბნებიან. აღნიშნულით ის გამოეხმაურა შემთხვევას, როდესაც მოქალაქეებს აცრაზე უარს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ალერგიის გამო ეუბნებიან.

„ჩემთვის ნამდვილად ძალიან მძიმე კითხვაა. იცით, დიდი ხანია, აღარ ვარ კლინიცისტი მე ამას ვუდგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან, თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ეს ვაქცინა აბსოლუტურად მისაღებია. არ არსებობს უკუჩვენება, რასაც ჰქვია ალერგია. ბიძინა კულუმბეგოვმა თითქმის ყველა ექიმს ჩაუტარა ტრენინგი და კიდევ რაღაც მითიურ ალერგიებს იშველიებენ.

მინდა, მოსახლეობას მივამართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა „ჭინჭრის ციება“, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე“, - აღნიშნავს იმნაძე.