34 წლის თაკო გელაშვილი-გეჯაძე კოვიდით 7 აგვისტოს გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს თაკოს და, ანი გელაშვილი უამბობს, ივლისის თვეში ვირუსით მთელი ოჯახი ერთდროულად დაინფიცირდა.
მისი თქმით, თავიდან სწრაფი ტესტი შეცდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამ ფაქტმა ინფიცირებულების სათანადო მკურნალობის პროცესი დროში გააჭიანურა.
"სიმპტომები გვქონდა და ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. როცა უკვე საბოლოოდ დაგვიდასტურდა, საკმაო დრო იყო დაკარგული. 31 ივლისს, თაკო თავისი მანქანით შვილთან ერთად მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. თავიდან კარგად იყო. შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა და 7 აგვისტოს გარდაიცვალა.
ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, სრულიად ჯანმრთელი იყო, ცოტათი წონის პრობლემა აწუხებდა მხოლოდ", - გვიამბობს კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის და.
ანი გელაშვილის თქმით, მისი და ვაქცინაზე იყო დარეგისტრირებული და აცრა 14 აგვისტოს უწევდა.
,,"ფაიზერით" უნდა აეცრა, მაგრამ ვერ მოასწრო. მე "სინოფარმის" პირველი დოზა მქონდა გაკეთებული, როცა კოვიდი დამემართა. ახლა მთელი ოჯახი აცრილი ვართ პირველი დოზით, მეორე დოზის მიღებამდე გარკვეული დროა საჭირო", - ამბობს ანი გელაშვილი.