ავტორი:

"წარმოუდგენელი უბედურება გვჭირს, დენის გათიშვის გამო, კიდევ სადმე კვდება ადამიანი?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გუდაუთაში კოვიდ-პაციენტის გარდაცვალებას

"წარმოუდგენელი უბედურება გვჭირს, დენის გათიშვის გამო, კიდევ სადმე კვდება ადამიანი?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გუდაუთაში კოვიდ-პაციენტის გარდაცვალებას

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტით გამოწვეულ პობლემებს ებრძვიან. გუდაუთის ჰოსპიტალში ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გამორთული დენის გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში ჟანგბადის აპარატზე მიერთებული 150 კოვიდ-პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ერთი მათგანი, 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, მოგვიანებით დენის ხშირი გათიშვისა და დაბალი ძაბვის გამო, გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში კომპიუტურული ტომოგრაფიის აპარატიც გადაიწვა. ე.წ. მთავრობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, მისი აღდგენა ვერ მოხერხდება.

"ეს იყო ერთადერთი აპარატი, რომელიც ჰოსპიტალს და, ზოგადად, ქვეყანას ჰქონდა, სოხუმში არსებულს ბევრად სუსტი მონაცემები აქვს. ახლის შეძენას 60 მილიონი რუბლი სჭირდება, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გვქონდეს. ეს აპარატი გუდაუთას გასული წლის სექტემბერში გადასცეს, თუმცა ერთი წელიც ვერ იმუშავა ამ საშინელი ძაბვის, მოუწესრიგებელი ენერგომომარაგებისა და კრიპტოვალუტის მაფიოზების გამო", - წერს ადგილობრივი ექიმი ლანა ფიფია.

ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება დიდი ხანია, რეგიონის მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. დამძიმებულია კოვიდ-ვითარებაც, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოდინებით არის გამოწვეული.

"ამხელა ჰოსპიტალს, სადაც 150 ადამიანი მხოლოდ სტაციონარშია, ერთი გენერატორი არ უნდა ჰქონდეს?! წარმოუდგენელი უბედურება გვჭირს. რაც შიგნით ხდება, იმის ნახვისგან და მით უფრო, იქ მოხვედრისგან, ღმერთმა დაიფაროს ყველა", - წერს ამინა ვოუბა.

"3 კი არა, 30-ზე მეტი ადამიანია მძიმე მდგომარეობაში და ხვალ კიდევ არავინ იცის, რამდენს დასჭირდება სუნთქვის აპარატი. ერთ-ერთი ბავშვია, დელტა შტამი დაუდასტურდა. სახლში რუსი დამსვენებლები ჰყავთ და სავარაუდოდ, მათგან გადაედოთ. ისინიც ინფიცირებული არიან და სოჭში გადაიყვანეს. თუმცა პირბადეს მაინც არავინ ატარებს და არც თავშეყრები შემცირებულა", - წერს მერაბ ქვარჩია.

"რამდენიმე ხნის წინ ცხინვალში მოხდა იგივე და ვერც ჩვენ ავცდით. იაგანოვმა თქვა, არ ვართ დამოუკიდებლებიო და ლამის ჯვარს აცვეს. დენის გათიშვის გამო, კიდევ სადმე კვდება პაციენტი? ალბათ აფრიკაში", - მიაჩნია სოფია პამირიანს.

"სამაგიეროდ, ტურისტები გვყავს, რომლებიც უკონტროლოდ შემოდიან და კაცმა არ იცის "დელტა" შტამი აქვთ თუ სხვა რამე. დღეს 22 წლის გოგონა იპოვეს გაგრის სანაპიროზე, ზღვამ გამორიყა. ითქვა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფს შეუცურავს. მეორე ვერსიით, ადლერში დაიხრჩო და აქ გამორიყა. ნარკომანები ადგილობრივებიც არ გვაკლდა, მაგრამ რაც წელს ხდება, ასეთი არ მახსოვს. ძალიან ცუდი გზით მივდივართ, ეს არ არის გადარჩენის გზა", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი მირანდა აბლოთია.

"ანქვაბმა თქვა, კოვიდის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა გაუმართლებელია, ანუ საქართველოში გადავიყვანთ პაციენტებს, აბა რაო. მეორე მხრივ, რა ქნას, მაინინგის ბიზნესს ვერაფერი მიუხერხეს. ახალი აპარატი რომ იყიდოს, ისიც გადაიწვება ამ პირობებში და ხალხს ხომ არ დახოცავს, საქართველოშიც მძიმე ვითარებაა, მაგრამ ჩვენ უარს მაინც არ გვეტყვიან, ეს იცის ანქვაბმა", - წერს მარიანა ბუთბა.