ავტორი:

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ერთი ვაქცინის მეორეთი ჩანაცვლება - პაატა იმნაძის განმარტება

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ერთი ვაქცინის მეორეთი ჩანაცვლება - პაატა იმნაძის განმარტება

იმ მიზეზით, რომ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას ნამდვილად არ ჩავანაცვლებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ერთი ვაქცინის მეორეთი ჩანაცვლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს პირველი დოზით ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდება.

„რაც შეეხება ვაქცინის ჩანაცვლებას, მისი ჩანაცვლება ქვეყანაში თავიდანვე შესაძლებელი იყო, ოღონდ აქ საუბარია მძიმე, ალერგიულ, ანაფილაქსიურ რეაქციებზე. რა თქმა უნდა, იგივე ვაქცინით ან იგივე კომპონენტების შემცველი ვაქცინით ადამიანის აცრა არ შეიძლება. ასეთი რამ დაშვებული იყო, განცხადებით მიმართავენ ადამიანები, მაგრამ, იმ მიზეზით, რომ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას ნამდვილად არ ჩავანაცვლებთ“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე ასაკობრივი ზღვარის დაწესებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თუ ეს საკითხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან იქნება აღიარებული, საქართველოც ზოგიერთ ვაქცინაზე ასაკობრივ ზღვარს დაწევს.

„ასაკის დაწევასთან დაკავშირებით ველოდებით საერთაშორისო რეკომენდაციებს. ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა, მაგრამ ცალკეული ქვეყნებია და ფართოდ არ არის აღიარებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება, ჩვენ მზად ვართ დავწიოთ ზღვარი შესაბამის ვაქცინებზე“,-განაცხადა იმნაძემ.