ავტორი:

"ვიცოდი, რომ ჩემი ასაკის გამო გაკვირვება იქნებოდა... წვერიც ამომივა და გავიზრდები კიდეც" - როგორ მოხვდა "პოლიტიკურ გაუგებრობაში" 24 წლის ცოტნე კობერიძე?

"ვიცოდი, რომ ჩემი ასაკის გამო გაკვირვება იქნებოდა... წვერიც ამომივა და გავიზრდები კიდეც"  - როგორ მოხვდა "პოლიტიკურ გაუგებრობაში" 24 წლის ცოტნე კობერიძე?

"გირჩი - მეტი თავისუფლების" 24 წლის ვიცე-მერობის კანდიდატის პოლიტიკურ განაცხადს საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა - ზოგმა დიდი გაოცება გამოთქვა მისი ასაკის გამო, ზოგმაც ეს ჯაფარას მორიგ ეპატაჟად მიიჩნია, თუმცა, როგორც ცოტნე კობერიძე ამბობს, თავად მისი ასაკის განკითხვა არ გაჰკვირვებია. მას ის უფრო აღელვებს, რა შეფასებები და კრიტიკა მოჰყვება მის ნათქვამსა, თუ - ნაბიჯებს.

"სხვა როლში მიწევს ყოფნა. ახლა უფრო მეტად ის საფიქრალი მაქვს,როგორ ვაწარმოოთ კამპანია დანარჩენ სამ პარტნიორთან ერთად და მეორეს მხრივ, არ დავკარგოთ ჩვენი "გირჩის" იდენტობა და ამომრჩეველთან სასაუბრო ენა" - ამბობს და გვიყვება, როგორ მოხვდა "პოლიტიკურ გაუგებრობაში" ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-მერობის კანდიდატი.

- რომ გითხრათ, ბავშვობიდან ვიცე-მერობაზე მქონდა ამბიცია-თქო, მოგატყუებთ. აქამდე კამპანიაში არც ყოფილა ჩართული ვიცე-მერობის კანდიდატი, "გირჩს" ეს კვოტა შეთანხმებიდან გამომდინარე ჰქონდა მიღებული და პარტიას უნდა გადაეწყვიტა. ზურა ჯაფარიძე რომ დამდგარიყო კანდიდატად, მე რა თქმა უნდა, არ ჩავერთვებოდი პრაიმერისში და კონკურენტად არ დავუდგებოდი. ამ შეთანხმებაში "გირჩი“უნდა მონაწილეობდეს საკუთარი იდენტობით და არ არის მხოლოდ ვიცე-მერის არჩევნები ხვალ ასფალტს ვინ დააგებს, არამედ ეს ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ცვლილებას ეხება. ამ კუთხით მქონდა ამბიცია, ჩემს წევრებში მომეპოვებინა ეს ლეგიტიმაცია პრაიმერისის მხრივ. მე რომ პირდაპირ ვინმეს ავერჩიე, ცხადია, დღეს ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი, მაგრამ როცა პარტიამ მომანიჭა ლეგიტიმაცია, თავდაჯერებულობაც მომემატა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ამისთვის პარტიას, ეს მნიშვნელოვანი პროცესი იყო. ჩვენი პარტიის წევრები არა მარტო მხარდამჭერები, პოლიტიკის მკეთებლები და გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. რომ არ დაგიმალოთ, მეგონა, რომ მოვიგებდი. სხვათა შორის, არც ისეთი დიდი უპირატესობით მომიგია, ძლიერი კანდიდატები იყვნენ.

- ცოტნე, როგორ მოხვდით "გირჩში" და მანამდე რას საქმიანობდით?

- ბავშვობიდან მიყვარდა პოლიტიკა, ძირითადად, "მოამბეს" ვუყურებდი. ჩავაბარე ილიაუნიში პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე და დავინტერესდი მინიმალისტური სახელმწიფოს იდეით, კლასიკური ლიბერალიზმით. ამასობაში ვნახე, რომ პოლიტიკაში ასეთი ფიგურა იყო ზურაბ ჯაფარიძე, მოხიბლული ვიყავი მისი გამოსვლებით. „გირჩი“ როცა შეიქმნა, პირველივე პრეზენტაციაზე მივედი. ჩემს მეგობართან ერთად, ჩემს უბანში -მუხიანში დავჯექი პარკში და ვისაუბრეთ იმაზე, პარტიაში ხომ არ მივსულიყავით, მინდოდა, ამ საქმეში ბოლომდე ჩამეხედა. თავიდან პარტიას ვეხმარებოდი სხვადასხვა საქმეებში, მერე, 2016 წლის არჩევნების დროს, ვიყავი „გირჩის“ კოორდინატორი მთაწმინდაზე.

დიდი გამოცდილება იყო, როცა უცხო ადამიანების კარზე ვაკაკუნებდი და მოგების გადასახადის შემცირებაზე ვესაუბრებოდი. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, რასაც მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. აგვისტო იყო, ძალიან ცხელოდა, მაგრამ მთელი მთაწმინდა მოვიარე. ამის შემდეგ, "გირჩის" პირველ - დათესვის აქტში მივიღე მონაწილეობა. ძალიანაც ვინერვიულე, მეგონა, დამიჭერდნენ, მაგრამ გადავრჩი. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. არაფერი დასამალი არ მაქვს, ამ ეტაპზე გავეშვი, რადგან ბევრი საუბარი და ეთერები მიწევს, მოწევა ხელს შემიშლიდა, თორემ, ზოგადად, მოვიხმარდი. უბრალოდ, მაქვს თვითკონტროლის კარგი უნარი - რა წამშიც რაღაც ჩემთვის ხელისშემშლელი ხდება, იმას ვემშვიდობები. მერე ვწერდი ბლოგებს, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის სტატიებს. ამით გაიგეს პირველად პარტიაში ჩემი აზრი მიმდინარე პროცესებზე და მაშინ შემამჩნია ჯაფარამ.

- ჯაფარას საყვარელი სფერო და "სუსტი წერტილიც" ეკონომიკაა და ცხადია, არ დარჩებოდა შეუმჩნეველი...

- ალბათ... შემდეგ ჯაფარამ პროდიუსერს უთხრა, ცოტნემაც ისაუბროს ეთერში ჩვენი სახელითო და აღმოჩნდა, რომ ის ეთერი იყო "კავკასიაზე", კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუასთან დებატები კულტურის სამინისტროს გაუქმებაზე. ესეც დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ადამიანები, ვისაც იმხანად ტელევიზორში ვუყურებდი, ძალიან, ძალიან კომპეტენტურები მეგონა და უცებ, აღმოჩნდა, მასთან მომიწია დებატები. პროდიუსერმა რომ დამინახა, ეს ბავშვი ვინ არისო, - თქვა და გაეღიმა.

როცა გადაცემა დასრულდა, მივხვდი, ჩემი იდეები მოეწონათ და ის ანტიპათია სიმპათიაში გადავიდა, რამაც სტიმული და მოტივაცია მომცა. კიდევ იყო ეთერები და ასე ვიზრდებოდი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს მხარი დამიჭირა - თანაპარტიელებთან. მერე უკვე დავაფუძნე "გირჩი ტვ". როცა იქ მივედი, მითხრეს, შენ ხარ ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დამფუძნებელიო. ეს იყო ჩემი მეორე გამოცდილება. ამის შემდეგ ვიყავი წამყვანი ტვ-ზე და მქონდა საკუთარი გადაცემა „პოლიტიკური აგორა“, იქ გავიცანი მთელი პოლიტიკური ნომენკლატურა. "გირჩი" როცა გაიყო და ზურას გამოვუცხადე მკაფიო მხარდაჭერა, გადმოვერთე პოლიტიკაში და გავაგრძელე მაგისტრატურაში სწავლა ილიაუნში, ისევ პოლიტიკის მეცნიერებაზე.

- როგორც კი თქვენი პოლიტიკური განაცხადის შესახებ შეიტყვეს, საზოგადოების ნაწილი, იმ პროდიუსერისა არ იყოს, ხუმრობს, ვინაა ეს ბავშვი და რა უნდაო...

- ამას მიჩვეული ვარ... ადამიანების გარკვეული ჯგუფები იდენტობას აკრავენ ზოგს ასაკის გამო, ზოგს იმის გამო, რომ პროვინციიდან არის და ა.შ. წინასწარ ვიცოდი, ასაკის გამო გაკვირვება რომ იქნებოდა, ისიც ვიცოდი, ამის გამო, ბევრი ყურადღებას მომაქცევდა. რადგან ავიღე პასუხისმგებლობა, ვთვლი, რომ ამას თავს გავართმევ. მე ის უფრო მადარდებს, რასაც ვიტყვი, იმის გამო თუ გამაკრიტიკებენ, ასაკის გამო - არა. თუ არ მოვკვდი, ვერ გავექცევი იმას, რომ "წვერიც ამომივა და გავიზრდები კიდეც". განსაკუთრებით გამათამამა უკანასკნელმა პერიოდმა, როცა ახალგაზრდები იყვნენ ძირითადი პოლიტიკური აქტორები.

ახალგაზრდა მიტინგზე თუ იდგება და რეზინის ტყვიებთან პოლიტიკის კეთება თუ „ოქეი“-ა, ახალგაზრდები მარტო ქუჩაში სარბენად ხომ არ ვართ, რა პრობლემაა, ვერ ვხვდები. ბოლო პერიოდში, ხშირად გვესმის, რომ პოლიტიკაში ძველი სახეები არ მოსწონთ და ახალგაზრდები უნდათ. და თუ ეს მოთხოვნა მართლა გულწრფელია, მაშინ რა პრობლემაა? არაა აუცილებელი, სპორტში წახვიდე, მსახიობი გახდე, იქ დააგროვო კაპიტალი და მერე მოხვიდე პოლიტიკაში. მგონია, აქამდე ჩემით მოვედი და "გირჩმა" რადგან გადაწვიტა ჩემი ვიცე-მერობა, დაე, ასე იყოს.

- გულწრფელად ვთქვათ, არც პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ და არც დიდი ცნობადობა. მარტო ის პრივილეგია, რომ ახალგაზრდა ხართ, დაგეხმარებათ იმაში, რომ გახდეთ ვიცე-მერი?

- წარმატების იმედი იმიტომ მაქვს, რომ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც მეტ თავისუფლებას ჰპრდება მოსახლეობას და ჩვენი პოლიტიკოსობაც განსხვავებული სპეციფიკური საკითხია. ჩვენთვის იდეაში, ყველა არჩევნებში გამარჯვება ნიშნავს იმას, რამდენად მოვახერხებთ ამ იდეების მეტად გავრცელებას. ამიტომ მჯერა, რომ ამ არჩევნებში "გირჩი - მეტი თავისუფლება" წარმატებას მივაღწევთ. უკვე წარმატებული ვარ, როცა ახლა თქვენ გესაუბრებით. "ქართულ ოცნებას" აქვს მილიარდები, მაგრამ დღეს მათი პოლიტიკა ნიჰილიზმს იწვევს. ყველა ადამიანმა უნდა გავიაზროთ, რომ პოლიტიკოსები ვართ ჩვენს უბანში, მეგობრებთან და ყველგან, სადაც ჩვენი მომავალი გვაწუხებს.

- რას სთავაზობს "გირჩი" თბილისს, გარდა - მეტი თავისუფლებისა?

- გვაქვს პროგრამა "რძე და ყველი" და ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იმ ტიპის რეფორმები, რაც ითვალისწინებს ცენტრალურ ხელისუფლებაში ცვლილებებს, გადასახადების შემცირებას, ეკონომიკის წნეხისგან გათავისუფლებას, ლარის გამყარებას (მისი მიბმა დოლართან, ან ოქროსთან), ცვლილებები საკუთრებასთან მიმართებაში - პრივატიზაციის პროპექტი ჩვენი მთავარი ფუნდამენტური იდეაა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საკუთრებები უნდა გადავიდეს მოქალაქეების ხელში და მათ წამიერი გამდიდრება უნდა იგრძნონ, სასამართლო ცვლილებები (რა აზრი აქვს ქონებას, თუ ის ნებისმიერ დროს შეიძლება უკანონოდ წაგართვან), ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოვებას, ასევე დეცენტრალიზაციას იმ კუთხით, რომ ადამიანებს თვითონ ჰქონდეთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარ ოლქში ვინ შეიძლება იყოს მოსამართლე და ა.შ. მეტი თავისუფლება და უფლებები ხალხის ხელში უნდა იყოს და ცუდი ხელისუფლება რომც მოვიდეს, მას იმდენი უფლებები უნდა ჰქონდეს დარჩენილი, ისიც ავიტანოთ.

ვფიქრობ, ალტერნატიული ქალაქები სხვებიც უნდა არსებობდეს, ეკონომიკური ჰაბი მარტო თბილისი არ უნდა იყოს. თბილისელების ძირითადი პრობლემა მაინც ეკონომიკური გაჭირვება მგონია. თბილისი შვიდჯერ მდიდარია სხვა რეგიონების ქალაქებზე და ეს ცალკე ტიპის პრობლემაა, არ შეიძლება ასეტი ტიპის განსხვავება არსებობდეს. თბილისს აკლია ინფრასტრუქტურული მიდგომა, არ აქვს დამოუკიდებლად ბევრი რამის კეთების საშუალება. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ კახი კალაძეა ლიდერი და შესაბამისად, გვგონია, რაც ხდება, ერთი ჟანრია. თბილისი უფრო მეტად უნდა გახდეს თვითმართველი ქალაქი, ცენტრალური ხელისუფლებიდან ძალაუფლება უფრო მეტად უნდა წამოვიდეს თბილისში და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მაგ. ცენტრალურ ხელისუფლებას აკომპლექტებდეს სხვა პარტიები, დედაქალაქში კი საერთოდ სხვა პარტია იყოს.