"ამდენი წელია ომში ვართ, ზოგჯერ ღია სამხედრო შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობდა, ხან მხოლოდ ტერაქტებით შემოიფარგლებოდნენ, ახლა რაც ხდება, ამას მასშტაბური ომი ჰქვია... მე და ჩემს ოჯახს და ყველას, ვისაც ამერიკასთან, დასავლეთის ქვეყნებთან რაიმე შეხება ჰქონია, სიკვდილით დასჯა ემუქრება... შემომითვალეს, იმდენი გაქვს ალაჰისა და ქვეყნისთვის დაშავებული, კიდევაც რომ გაასწრო, ვერსად დაგვემალებიო. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შვილები სკოლაში დამყავდა, მათთვის განათლების მიცემა მინდოდა, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება მინდოდა, ამაში კი ამერიკა დაგვეხმარებოდა. ამიტომ ვმუშაობდი ამერიკელებთან, გერმანელებთან, ბრიტანელებთან" -ამბობს AMBEBI-GE-სთან საუბარში ავღანელი აბდულ სამი, რომელიც ჯერჯერობით ქაბულში რჩება. თუმცა, მისივე თქმით, ყოველი წუთი გადამწყვეტია.
- ვითომ 6-თვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, მაგრამ ტყუილია. ეს დროის ძალების მოსაკრებად, ახალი გეგმებისა და სტრატეგიების შესამუშავებლად სჭირდებათ, რათა რაც შეიძლება სწრაფად აიღონ ქაბული და მთელ ქვეყანაზე სრული კონტროლი გამოაცხადონ.
ვიცოდით, რომ კოალიციური ძალების გასვლას ასეთი შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას არ ველოდით... ახლა ქალაქში აქა-იქ ლოკალური შეტაკებები მიმდინარეობს, ძირითადად ძალოვან სტრუქტურებსა და ჯარზე, რომელიც თალიბების შეტევის პირველივე დღეებიდან დემორალიზებულია. დღეების, ზოგჯერ კვირების განმავლობაში არ არის დენი, ელექტროგადამცემებს ბომბავენ ან მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ესვრიან. ყანდაარი რომ ფაქტობრვად უბრძოლველად აიღეს, ამით დასრულდა ავღანეთში მშვიდობიანი ცხოვრების ამბავი. იქ ათამდე ჩემი მეგობარი დახვრიტეს, რომლებიც ერთ დროს საერთაშორისო საგანმათლებლო პროექტებში იყვნენ ჩართული.
ადგილობრივები საკუთარი თავისა და ოჯახების გადასარჩენად, სხვებზე აწვდიან ინფორმაციას. ეს სულ ასე იყო, უბრალოდ ახლა მასშტაბური სახე აქვს... მე წლების განმავლობაში ვიმუშავე საერთაშორისო მისიებში და ვიცი, რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით, სამთავრობო დონეზე - კორუფცია იყო ყველა სფეროში, უამრავი ფული იხარჯებოდა ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაში, თუმცა შედეგი ძალიან დაბალი იყო, რადგან ვიღაცები სკოლების, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ინფრასტრუქტურის შესაძენად განკუთვნილ თანხას ჯიბეში იდებდნენ.
მესმის, რომ ამერიკა ყოველთვის ვერ იქნებოდა ჩვენი კორუმპირებული ხელისუფლების მხარდამჭერი და ვერც შიდა საკითხებში ჩაერეოდა. ამაზე ჩვენ უნდა გვეზრუნა, მაგრამ პრობლემის სათავე განათლების არქონაშია, ხალხს არ აქვს საკმარისი განათლება. "თალიბანში" ამდენი ახალგაზრდა ბიჭი რომ არ მიდიოდეს, ტერორისტებს ამხელა მხარდაჭერა არ ექნებოდათ. მათ არ იციან, რომ უკეთესი ალტერანტივაც არსებობს, არც ის იციან, რომ მათი უფლებაა ხელისუფლებას ცხოვრების პირობები მოსთხოვოს... ახლა განათლების კი არა, საერთოდ ყველაფრის იმედი გადაწურული გვაქვს. არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ ავღანეთს ეშველებოდა.
რამდენიმე დღის წინ, ისმაილ ხანი დააკავეს, ის ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან ებრძოდა "თალიბანს". სულ რაღაც ერთ თვეში, აქაურობა ჯოჯოხეთად იქცა და ჯერ ყელაფერი წინ არის.
- ქვეყანა "შარიათის" კანონებით ცხოვრებას უბრუნდება?
- ავღანეთი ტერორისტების მმართველობის პერიოდს უბრუნდება, კიდევ ასი წლით დავიხიეთ უკან... თუმცა, ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, მხოლოდ ქვეყნიდან წასვლაზე ვფიქრობ, შვილების, ოჯახის გადარჩენაზე. პროვინციებიდან გამოქცეული ხალხის ნაკადი მოაწყდა ქაბულს, ყველა კუთხეში, პატარა, ატირებული და მშიერი ბავშვები და ქალები არიან შეყუჟული, მათთვის არავის სცალია, ყველა გაქცევას ცდილობს. წასვლას აპირებენ ქვეყნების საელჩოებიც, რადგან ქაბულის აღება გარდაუვალია. მიდიან ის კორუმპირებული მმართველებიც, ვისი არასწორი პოლიტიკის გამოც არის ქვეყანა ამ დღეში, თავიანთი სასახლეები აქ რჩებათ, მაგრამ დასავლეთი თავშესაფარს მისცემს... უბრალო ხალხი კი, ვინც ბაზებზე ვაჭრობდა, ტექნიკურ ან სხვა სახის სამსახურში მუშაობდა, ყველა "ალაჰის მოღალატეა" და სიკვდილს იმსახურებს. როგორც ყოველთვის, უბრალო ხალხი იჭყლიტება. მათ წასასვლელი არსად აქვთ. პაკისტანმა საზღვარი გაამაგრა, რომ ლტოლვილთა ნაკადი არ მიაწყდეს. ახლა თალიბანის "კეთილ ნებაზეა" დამოკიდებული სამაგალითო მასობრივ სიკვდილით დასჯას მოაწყობს, თუ შეიწყალებს მათ. ავღანეთი ხომ დიდი ხანია ღმერთისგან დავიწყებულ ადგილად იქცა.