"შეიძლება გეოცნება, მაგრამ როგორც მსახიობს, ასეთი სამუშაო არ შეგხვედროდა", - ამბობს ნინო ლეჟავა, რომელმაც ახლახან რუსუდან ვაშაძის ფილმში დრამატული, მძიმე, საინტერესო როლი შეასრულა... მსახიობობის პარალელურად, ნინო ამჟამად ზოომაღაზიაშიც მუშაობს...
- პატარაობიდანვე ვხედავდი, ჩემი ოჯახი როგორი მშრომელი იყო, ოჯახის წევრები როგორ ელოდნენ ხელფასს, რომ წასულიყვნენ და რაღაცები მოემარაგებინათ... ვუყურებდი და ვსწავლობდი. არ ვიცი, რა ასაკიდან, მაგრამ ეს აზრი მუდმივად თან მდევდა, რომ საკუთარი შემოსავალი უნდა მქონოდა. მერჩივნა, ოჯახს დავხმარებოდი, ვიდრე დახმარება მეთხოვა. 13 წლის ვიყავი, როცა სეზონური სამუშაო ვიშოვე: 31-ე ქარხნის კლუბში საახალწლო სეანსები იმართებოდა. ფიფქიას როლს ვასრულებდი. დღეში ხუთ-ხუთი სეანსი იყო (10 დღის განმავლობაში). ვერიდან მეტროთი მოსკოვის პროსპექტამდე მივდიოდი, იქიდან - ტრამვაით 31-ე ქარხნამდე...
იმ 10 დღის განმავლობაში დაგროვებული 600 მანეთი, რომელიც მაშინ საკმაოდ კარგ თანხად ითვლებოდა, ოჯახში დიდი ზარ-ზეიმით შევიტანე. ისიც კარგად მახსოვს, რომ მთლიანი თანხა დედას ჩავაბარე და ვუთხარი: - რადგან ვიშრომე, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ეს ფული მე უნდა მქონოდა. შენ უკეთ იცი, ოჯახს რა სჭირდება. უბრალოდ, როდესაც გავალ (სხვადასხვა წრეზე დავდიოდი: ცეკვაზე, მუსიკაზე...), გამომიზოგე და მომეცი-მეთქი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები ამას არ ელოდნენ. ყველა დედისთვის სასიხარულოა, როცა შვილი ასე ფიქრობს. რასაკვირველია, დედას ისიც ვუთხარი, - ეს 600 მანეთი მხოლოდ მე კი არ გამომიზოგო, საჭიროებისამებრ ოჯახსაც მოახმარე-მეთქი. მოკლედ, "ჩემიას" თემა არ ყოფილა, რადგან ყოველთვის ვაცნობიერებდი - ოჯახმა ამ ასაკამდე ისე მომიყვანა, "ჩემია" არავის უთქვამს, ე.ი. ყველაფერი ერთობლივად ხდება-მეთქი... მოკლედ, დედას უკვე თამამად ვეუბნებოდი, - კოლჰოტი დამეხა, ახალი მაქვს საყიდელი ან მგზავრობისთვის ფული მჭირდება-მეთქი და ა.შ. სხვათა შორის, ისეთი ბავშვი არ ვყოფილვარ, რომ სათამაშო ან 600-მანეთიანი ჩექმა მომეთხოვა. თავიდანვე უპრეტენზიო ვიყავი - რაღაც ყოველთვის მაშინ მინდოდა, როცა უბრალოდ არ მქონდა და საჭირო იყო, თორემ მაგალითად, თუ შვიდი მქონდა, არასდროს მითქვამს, - მერვე მინდა-მეთქი. დღემდე ასე ვარ.
- პირველივე გასამრჯელო თქვენი საქმიდან მიგიღიათ - მსახიობის ამპლუაში ყოფილხართ...
- მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ამ საქმეს უნდა ვზიარებოდი. ფიფქიას როლი მშვენივრად მოვირგე, არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
- თქვენი საქმიანობისგან განსხვავებული სამუშაო თუ შეგისრულებიათ, თუნდაც - სტუდენტობისას?
- მთელი ცხოვრება ასე ვიქცევი. სტუდენტობის დროს ჩემს ძვირფას დროს სხვა რამეს ვერ მოვახმარდი, რადგან ინსტიტუტში ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, მით უმეტეს - მაშინ, როცა ქალბატონი ლილი იოსელიანის ჯგუფში გადავედით... გოგო სადმე ღამის ცვლაში ხომ ვერ ვიმუშავებდი, მით უმეტეს, იმ შავბნელ პერიოდში, არა? ინსტიტუტში სწავლა დავასრულე თუ არა (1997 წელს), ბატონი სანდრო მრევლიშვილის თეატრში, მიშა მრევლიშვილის პიესის მიხედვით, "ბედი მგოსნისა" დაიდგა. ეკატერინე ჭავჭავაძის როლზე მიმიწვიეს. ჩემთვის რამაზ იოსელიანის პარტნიორობა დიდი სიამოვნება იყო... იცი, როგორი პერიოდი იყო? ხელფასი 23 მანეთი გახლდათ, პენსია - 7... მაშინ ჩემი პირველი შვილი 3 წლის იყო. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ კაფე ვიპოვე, რომელიც საცხოვრებელი სახლის წინა ოთახში ჰქონდათ მოწყობილი. 3 მაგიდა იდგა. ძირითადად, უნივერსიტეტის სტუდენტებზე იყო გათვლილი. იყიდებოდა მსუბუქი ალკოჰოლიანი კოქტეილები, სასმელი, ყავა, ჩაი, ფენოვანი, ბუტერბროდი... იქ 2-3 წელი ბარმენ-მიმტანად ვიმუშავე. შემდეგ კაფე სანამცხვრედ გადაკეთდა. მართალია, ძალიან დავიტვირთე, მაგრამ ღამით მუშაობა მაწყობდა.
პეროვსკაიაზე (ჯერ ისევ ასე ერქვა იმ ქუჩას) ბარ-რესტორანი ვიპოვე, რომელსაც მუსიკოსი და კარგი მომღერალი ქალბატონი ჰყავდა. მეც ამიყვანეს. იქ ვმღეროდი... შემდეგ, ეს ბარ-რესტორანი რომ დაიხურა, სხვაგან გადავედი, სადაც ნომრის შესასრულებლად ბალერინებთან ერთად გამოვდიოდი. ცხოვრებაში ბალეტზე არ მივლია, მაგრამ დიდი შრომის ფასად, ბალერინების გვერდით ვიდექი და ვცეკვავდი... პარალელურად, როცა კონცერტები იმართებოდა, წამყვანად მიწვევდნენ. სიმღერის ტექსტების შეკვეთებსაც ვიღებდი - ვწერდი... ასევე, მთელი ცხოვრება ხელნაკეთ ნივთებზე ვმუშაობდი. ასე რომ, ერთ ადგილზე არასდროს ვჩერდები. ახლაც, პანდემიის პერიოდში, ფსიქიკურად შეშლას ცხოველების მიმართ ძლიერმა სიყვარულმა გადამარჩინა: ყველაფერი რომ გაჩერდა, ზოომაღაზიაში დავიწყე მუშაობა. შევისწავლე - დიპლომის გარეშე, რომელი მსუბუქი წამლების გაყიდვის უფლება აქვს ადამიანს... თან, ზოომაღაზია ჩემს სახლთანაა... მართალია, მერე თეატრები გაიხსნა, მაგრამ აქ მუშაობა ხელს არაფერში მიშლის: არც გადაღებებში, არც - თეატრში. ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ხელს მიწყობენ. ჩემი იქ ყოფნა ყოველთვის უხარიათ. კარგი ჯგუფია. თუ 2-3 საათით ვარ გასასვლელი, მხარში მიდგანან; თუ მთელი დღით მივდივარ, ზოომაღაზიაში ვიღაც მცვლის...
- კონსულტანტად მუშაობთ?
- დიახ. ადამიანები ბედნიერები არიან, როცა მცნობენ, - ვაიმე, ნამდვილად თქვენ ხართ თუ მეშლებაო (იცინის)?!. სურათებს ვიღებთ... კარგად ვხალისობთ.
- ფინანსური ინტერესი გქონდათ, როცა ზოომაღაზიაში მუშაობას იწყებდით?
- არაფერი მაქვს დასამალი: დილის 10-ის ნახევრიდან 8-ის ნახევრამდე, "მოჭრილ" 10 ლარზე ვმუშაობ. თავად განსაზღვრეთ: 10 ლარი არის ის თანხა, რომ ფინანსური ინტერესის გამო იმუშაო (იღიმის)? თუ 150 ლარისას ივაჭრებ, გასამრჯელო 15 ლარია, თუ ორასისას - 20. ეს ის თანხები არაა, რომ თქვა, - ამის გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელიაო, სამაგიეროდ, ის 10 ლარი თუნდაც, იმის ფულია, რომ ადამიანი მშიერი არ მოკვდეს, ხომ? ამას თეატრის ხელფასიც ხომ ემატება, რომელიც განაწილებული მაქვს კომუნალური გადასახადების თუ სხვადასხვა ხარჯის დასაფარად, არა? "ზედმეტი"...წაიკითხეთ სრულად