ავტორი:

საგარეო უწყება - აქტიურ კომუნიკაციაში ვართ უკრაინულ მხარესთან, რათა მათი ბორტით ავღანეთიდან საქართველოს მოქალქეების ევაკუაცია მოხდეს

საგარეო უწყება - აქტიურ კომუნიკაციაში ვართ უკრაინულ მხარესთან, რათა მათი ბორტით ავღანეთიდან საქართველოს მოქალქეების ევაკუაცია მოხდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ.

„სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, - აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან. გამოცემა წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ქალაქი დატოვოს.

მედიის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.