კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ვოვა ჯუღელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შიდა ქართლის პოლიციის უფროსი იყო. მამაკაცს ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა. სოციალურ ქსელში ვოვა ჯუღელს განსაკუთრებულად იხსენებენ. ჟურნალისტი ია თინიკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი, გამორჩეული კაცობით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით - ვოვა ჯუღელი! ვისაც ოდესმე გქონიათ მასთან შეხება, აუცილებლად გეცოდინებათ, როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორი ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის კონფლიქტის ზონაში თუ შსს-ს სხვა პოზიციებზე მუშაობისას. შიდა ქართლის პოლიციის უფროსის პოსტზე დანიშვნისას გავიცანი, ყველასგან ისეთი გამორჩეული იყო, სულ მიკვირდა, უზომოდ მტკივა გული. ფილტვების ძალზე მაღალი ხარისხის დაზიანების მიუხედავად, იმედი მქონდა, რომ აუცილებლად აჯობებდა, თუნდაც იმ სიკეთისთვის დაიფარავდა ღმერთი, რაც ოდესღაც ჩემთვის გააკეთა, იმედი მქონდა, რომ დედაჩემის ლოცვაც შეეწეოდა... დანაშაულებრივი სისტემისგან უსამართლოდ შევიწროვებულს, განწირულს, თავისი დიდი ადამიანობით ფარულად გამომიწოდა ხელი და სასოწარკვეთილებამდე მისულს უფსკრულში გადაჩეხვის უფლება არ მომცა! კიდევ ერთხელ გმადლობ, ვოვა, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ცრემლით გემშვიდობები და არასდროს დავივიწყებ შენს სიკეთეს..."