"თალიბანმა" ქაბული აიღო, პრეზიდენტი წავიდა, საელჩოები ევაკუირებულია - გუშინ გავრცელებულ ამ ინფორმაციას მსოფლიო შფოთით და დიდი სიფრთხილით შეხვდა. რა საფრთხეებს ქმნის შექმნილი ვითარება მსოფლიოსა და საქართველოსთვის?
ამ თემაზე საუბრისას აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს:
"შეიძლება ითქვას, რომ დღეებში ჩამოიშალა ავღანეთის მთავრობა, "თალიბანმა“ სრულიად ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. მათ ავღანეთის მთავრობისა და ყველა ადგილობრივი მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლეს. ავღანეთის პრეზიდენტი, ფაქტიურად, გაიქცა დედაქალაქ ქაბულიდან.
"თალიბანმა“ სრულიად ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. მათ ავღანეთის მთავრობისა და ყველა ადგილობრივი მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლეს. ავღანეთის პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა დედაქალაქ ქაბულიდან გარბის მოსახლეობაც. ასეულ ათასობით ავღანელი, რომლებსაც არ სურთ "თალიბანის“ მკაცრი შარიათის კანონების ქვეშ ცხოვრება, ტოვებს საცხოვრებელს და ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.
ახლა ადგილზე მთავარ თემად რჩება, რამდენად შეძლებენ ამერიკული, ბრიტანული და კანადური დიპლომატიური კორპუსის ქვეყნიდან გაყვანას, რისთვისაც დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი იქნა გაგზავნილი ქაბულში.
ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. მათთან მაქვს კონტაქტი და ყველანი ცოცხლები არიან. სხვა დეტალებზე მათივე უსაფრთხოების გამო საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.
ავღანეთსა და მთლიანად რეგიონში დიდი ხნით შეიცვალა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია.
ავღანეთში ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. მათ საკმაოდ რადიკალური განწყობები და იდეოლოგია აქვთ და ეს არაერთ საფრთხესა და გამოწვევას შეიცავს არამხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. პოპულარული მოსაზრებაა, რომ ყველა შეეშვას ავღანეთს და რაც უნდათ, ის უქნიათ. შენ კი შეიძლება შეეშვა, მაგრამ ის არ შეგეშვება ისეთი დიდი პრობლემებით, რომლებიც აუცილებლად მოყვება "თალიბანის“ მკაცრი წესებით მართვას:
ასეულ ათასობით ახალი ლტოლვილი, რომლებიც აუცილებლად დაიძვრება სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, ევროპისკენაც). აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ავღანეთის მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 40 მილიონი გახდა; ავღანური ნარკოტიკების, როგორც "თალიბანის“ შემოსავლის ძირითადი წყაროს, გადინების გაზრდა რეგიონის ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც); რადიკალური იდეოლოგიისა და დაჯგუფებების გაძლიერება ავღანეთსა და მომიჯნავე ქვეყნებში".
ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით კი, რეგიონში პროცესები შესაძლოა უკიდურესად გართულდეს:
აღმოჩნდა, რომ თალიბები ძალიან კარგად არიან მომზადებული, საკუთარ იდეოლოგიაში მასობრივად ჰყავთ ჩათრეული ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის - ჩრდილოეთით მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და სხვები, რომელთა გამოყენებას დაიწყებენ ცენტრალურ აზიაში თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. მათთვის პრობლემად შეიძლება იქცნენ ჩრდილოეთით მცხოვრები თურქმენული ტომები და შიიტური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი თურქეთზეა ორიენტირებული, მეორე კი - ირანზე.
დიდი ალბათობით, ავღანეთის მთელი ეს ქაოსი დასრულდება სახელმწიფოს შექმნით, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, "ავღანეთის ისლამური იმარატი" ერქმევა. ეს ნაღმი აუცილებლად იმუშავებს დასავლეთის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით, უკვე ძალიან მალე აფეთქდება ცენტრალური აზია. "თალიბანის" მოძრაობის ვექტორი ასევე იქნება ანტირუსული და, ალბათ, ანტიჩინურიც და ეს რეალობა მსოფლიოს წინაშე მალე შეიქმნება. ეს არის ტაქტიკური სურათი. სტრატეგიულ სურათში კიდევ ერთი პუნქტი შედის, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის გამოყენებას. პოლიტიკური ისლამის მთავარი გზავნილი არის მთელ მსოფლიოში ისლამური წესრიგის დამყარება, თან იმ ტიპის წესრიგისა, რომელსაც თვითონ მისდევენ, ანუ რადიკალური ისლამის. აქედან გამომდინარე, მათთვის ყველა მეზობელი მტერია, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ პაკისტანთან და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად, ყატართან.
დარწმუნებული ვარ, კავკასია აუცილებლად გახდება მათი იდეოლოგიის იმპორტის სივრცე, განსაკუთრებით - ჩრდილოეთი კავკასია. აქ აუცილებლად გააქტიურდებიან პოლიტიკური ისლამის ის რგოლები, რომლებიც უკვე არსებობს, მათ შორის - საქართველოშიც. ეს არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე. მეორე გამოწვევად შეიძლება გვექცეს დევნილთა ნაკადი. სირია უფრო შორს არის ჩვენგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სირიიდან ლტოლვილების გარკვეული ნაკადი ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მესამე საფრთხე - ეს არის ნარკოტრაფიკი. ეს იქნება "თალიბანის" ხელისუფლების უმთავრესი შემოსავალი. ჩვენ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ". იხილეთ სტატია სრულად