ავტორი:

"ჩემი ცხოვრება მე თვითონ დავანგრიე" - თავდამსხმელის საოცარი ალღო, დიდი წარმატებები, ალკოჰოლი და მოხუცთა თავშესაფარში დასრულებული სიცოცხლე

"ჩემი ცხოვრება მე თვითონ დავანგრიე" - თავდამსხმელის საოცარი ალღო, დიდი წარმატებები, ალკოჰოლი და მოხუცთა თავშესაფარში დასრულებული სიცოცხლე

75 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველა დროის ერთ - ერთი საუკეთესო ფორვარდი, ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი გერდ მიულერი, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო აღმავლობითა და დაცემით...

"აი, ამ მძიმე წონოსან ბიჭთან რაზე ვიმუშავო, რა გავუკეთო, საერთოდ“, - ეს იყო თურმე "ბაიერნის“ მწვრთნელის, ზლატკო ჩაიკოვსკის პირველი სიტყვები, როდესაც პატარა გერდ მიულერი კლუბში პირველად დაინახა. 20 წლის ასაკში გერდი სიმაღლეში 1.76 მეტრი იყო და 90კგ-მდე იწონიდა. თანაგუნდელებმა დიდი აზარტით დაიწყეს მოუქნელ ბიჭუნაზე სიცილ-ხარხარი.

მიულერი პირველი სამი თვე "ბაიერნის“ გაფართოებულ განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა და თვეში 200 მარკას (დაახლოებით 105 ევროს) იღებდა. მტვირთავადაც დაიწყო მუშაობა, მაგრამ ჯამური შემოსავალიც კი ეცოტავებოდა და კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა. ეს რომ გაიგო "ბაიერნის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა ვილჰელმ ნოიდეკერმა, მივიდა ჩაიკოვსკისთან და უთხრა, რომ ამ სქელთეძოიან ბიჭუნას თუ არ ათამაშებდა, ფეხბურთს ცხოვრებაში აღარ უყურებდა. პრეზიდენტის მუქარით შეშინებულმა მწვრთნელმა ბოლოსდაბოლოს გერდს შანსი მისცა.

მიულერმა პირველივე მატჩში გოლი შეაგდო, ორ კვირაში კი უკვე პოკერი იზეიმა. მეტიც, რეგულარული ვარჯიშებით 10 კგ დაიკლო და ბევრად მობილური გახდა.

"პირველი, რაც თვალში მომხვდა - მისი ვარჯიშების გიჟური ტემპი იყო. ვერც ერთი ჩვენგანი მას ვერ ეწეოდა. პირველად მაშინ ვიფიქრე: "რა კარგია, რომ ეს ბიჭი ჩვენთან თამაშობს“, - იხსენებს ფრანც ბეკკენბაუერი.

იმჟამინდელი კლასიკური შემტევებისგან, გერდი რადიკალურად განსხვავდებოდა. ის იყო დაბალი, მოძრავი და აქტიური. მისი ჩანაფიქრის ამოცნობა არავის შეეძლო, რადგან თავადაც არ იცოდა, რას მოიმოქმედებდა შემდეგ ეპიზოდში. "თავდამსხმელი თავის ინტუიციას უნდა ენდობოდეს. დაფიქრდი - ანუ დამარცხდი", - იმეორებდა მიულერი.

ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონში (1965/66) გერდი "ბაიერნის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მომდევნო 13 სეზონის განმავლობაშიც არაფერი იცვლებოდა - კლუბში ყველაზე მეტი ბურთი მას გაჰქონდა.

"თუ ხელ-ფეხს შეუკრავთ, მაშინ მისი გაჩერების შანსი გექნებათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთ შემთხვევაშიც კი არანაირი გარანტია არაა, რომ რამდენიმე გოლი მაინც არ გაგიტანოთ“, - ამბობდა "ფრანკფურტის“ მცველი გერტ ტრინკლიანი.

ღამის კლუბების სიყვარული უკვე პატარა ასაკში ეტყობოდა. ერთხელ მიულერი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ღამის კლუბში წავიდნენ. უკვე გვიანი იყო, როცა მათ მოულოდნელად გუნდის მთავარი მწვრთნელი ლატტეკი თავზე დაადგა. "25 000-მდე დავითვლი და როცა მოვრჩები, კაციშვილი აქ არ უნდა იყოთ, სხვა შემთხვევაში პრობლემები გექნებათ“, - განუცხადა მწვრთნელმა, რომელსაც მკაცრი იერი ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის უბრალოობითა და მეგობრულობით გამოირჩეოდა.

1970 წელ L’Equipe მიულერს ბუნდესლიგაში გატანილი 38 გოლის გამო, "ოქროს ბურთით“ აჯილდოვებს. France Football-მა მოგვიანებით ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

1970/71 წლის სეზონში "ბაიერნმა“ ჩემპიონობა "მენჰენგლადბახს“ ბოლო ტურში დაუთმო.

გერდი ისე გამწარებულა, უარი თქვა დასვენებასა და შვებულებაზე და ფიტნესდარბაზიდან არ გამოდიოდა. სეზონის წინ, როცა მისი გუნდელები დაბრუნდნენ, თვალებს არ უჯერებდნენ - გასუქებისკენ მიდრეკილი მიულერი მათ 72 კილოგრამი დახვდათ.

"ყველა გოლი უხაროდა, თუნდაც ვარჯიშზე გაეტანა, სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო. არც მანამდე და არც შემდეგ, არ მინახავს თავდამსხმელი, რომელსაც ასე ძალიან უყვარდა თავის საქმე", - იხსენებდა ზეპ მაიერი.

ახალ სეზონში გერდმა 40 გოლთან ერთად აქტივში 17 საგოლე გადაცემა მიიწერა.

"ერთი მიულერი, ორ ბეკენბაუერს ჯობია“ - დამწუხრებულმა განაცხადა "აინტრახტის“ მწვრთნელმა ერიკ რიბეკმა მას შემდეგ, რაც გერდმა მისი გუნდის კარი სამჯერ აიღო.

იმ სეზონში "ბაიერნმა“ 101 გოლი გაიტანა და ეს რეკორდი დღემდე ხელუხლებელია.

"შენ ან იბადები საგოლე ალღოთი, ან - არა. ამას ვერავინ გასწავლის. მე ვგრძნობდი მოწინააღმდეგეების სივრცეებს და ზუსტად ვიცოდი, სად უნდა გავჩენილიყავი. ზოგჯერ სირბილი არც მიწევდა“, - აღიარა ერთხელ მიულერმა.

და მართლაც, ის მოედანზე "ზარმაცი“ იყო. მატჩის განმავლობაში, საშუალოდ, 3.5 კმ-ს გარბოდა. ცნობისთვის, ბუნდესლიგის თანამედროვე მეკარეები 5კმ-ზე მეტს დარბიან.

71/72 წლის სეზონში მას კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა. ბავარიელების პრეზიდენტის ნოიდეკერის თქმით, ბოროტმა ადამიანებმა გერდს ხმები მიუტანეს, რომ ბეკენბაუერს უფრო მეტს უხდიდნენ, ვიდრე მას. გაბრაზებული თავდამსხმელი კლუბიდან წასვლით იმუქრებოდა, თუ ხელფასს არ გაუზრდიდნენ. საბოლოოდ, მან მიზანს მიაღწია და კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაახანგრძლივა.

1979 წელს "ბაიერნის“ მწვრთნელმა პალ ჩერნაიმ განაცხადა, რომ 34 წლის მიულერს ძირითადში არ დააყენებდა, რის გამოც გერდმა გერმანია დატოვა და ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ლიგის გუნდში "ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსში“ გადავიდა. საიდანაც მისი ტრაგედიები დაიწყო: ამერიკაში ფეხბურთელმა რესტორანი გახსნა, თუმცა საქმე არ აეწყო და ეს იდეა დიდი ვალებით მიატოვა. ცოლმა განქორწინება მოსთხოვა. გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, გერდი ყოველდღე სასტიკად სვამდა. იმდენად ბევრს სვამდა, რომ სერიოზული პრობლემები დაეწყო. "ბაიერნმა“ ფეხბურთელს ვალების ნაწილის დაფარვა შესთავაზა, მაგრამ მიულერმა ცივი უარი განაცხადა.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ, გერდი თავის თავთან მარტო დარჩა. ჩოგბურთის, საუნისა და საღამოს ტვ-გადაცემების გარდა, მას აღარაფერი აინტერესებდა, შესაბამისად, მუდმივად ალკოჰოლისკენ იწევდა. "ჩემი ცხოვრება მე თვითონ დავანგრიე“, - აღიარა გერდმა 1982 წელს, როცა სამშობლოში დაბრუნდა - "ყოველდღე დავდიოდი ბარში, ვხვდებოდი ნაცნობებს და მნიშვნელოვან მატჩებზე ვესაუბრებოდი. შემდეგ ვტიროდი და სახლში მივდიოდი, სადაც ვისკისა და კოლას ერთმანეთში ვურევდი და მთელი საღამო ვსვამდი. ასე ვაკეთებდი კვირაში 7 დღეს".

1991 წელს გერდმა საკუთარ თავთან მარცხი აღიარა და მშობლიურ კლუბს დახმარებისთვის მიმართა. მენეჯერმა უილი ჰენესსმა იზრუნა იმაზე, რომ ყოფილ თანაგუნდელს შესაბამისი მკურნალობის კურსი გაევლო. ყოველდღე სამსახურის მერე ჰენესსი მიულერთან მიდიოდა, 70 კმ-ს გადიოდა და მეგობარს ნახულობდა. "არადა, თამაშის დროს ჩვენ სულ ვკამათობდით, მაგრამ მაშინ უილი, როგორც ნამდვილი მეგობარი ისე მოიქცა, უზომოდ მადლობელი ვარ ამისთვის“, - განაცხადა მიულერმა მოგვიანებით.

განკურნების შემდეგ, ჰენესი შიშობდა, რომ მეგობარი კვლავ დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო და სმა არ დაეწყო, ამიტომ ის "ბაიერნის“ დუბლების მწვრთნელის ასისტენტად დანიშნა, სადაც გერდმა 20 წელზე მეტი იმუშავა. უფრო დიდხანსაც იმუშავებდა, რომ არა ალცჰაიმერის დაავადება.

დაავადების ნიშნები პირველად 2011 წელს გამოვლიდა. მიულერი დუბლებთან ერთად ტრიენტში ჩავიდა, გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაბრუნებულიყო სასტუმროში, მაგრამ დაიკარგა. კლუბმა ჟურნალისტებს გულმოდგინეთ სთხოვა, რომ ეს ამბავი არ გაესაჯაროვებინათ.

უკანაკსნელი 4 წელი მიულერი დაავადებას მოხუცთა თავშესაფარში ებრძოდა.

"ბაიერნი“ გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი მიულერის დამსახურებით გახდა. რომ არა გერდი, ჩვენ დღემდე ზებენერ-შტრასეს ხის სახლში ვიქნებოდით, რომელიც 50 წლის წინ ჩვენი ბაზა იყო“, - სიამაყით ამბობს ბეკენბაუერი.

მიულერის რეკორდს მრავალი წელი ვერავინ ხსნიდა, მეტიც, ვერც უახლოვდებოდნენ. 47 წლის განმავლობაში მხოლოდ 4-მა თავდამსხმელმა მოახერხა 30+ გოლის გატანა. თუმცა გასულ სეზონში, ლევანდოვსკიმ 40 გოლის თამასას მაინც გადააჭარბა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურის უკანასკნელ წუთზე მან 41-ე გოლი გაიტანა. რასაკვირველია, "ბაიერნის“ ფორვარდმა პირველ რიგში გერდი გაიხსენა.

მოამზადა ანრი კურტანიძემ