ავტორი:

"მის ხმასთან ერთად, თაობები გაიზარდნენ" - დამშვიდობება "სასიტყვეთში" მოგზაურთან

"მის ხმასთან ერთად, თაობები გაიზარდნენ" - დამშვიდობება "სასიტყვეთში" მოგზაურთან

15 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში ცნობილი ფილოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა.

ბატონი თამაზი 1975 წლიდან 1990 წლამდე საქართველოში ყველა ოჯახის სატელევიზიო და საკვირაო სტუმარი იყო, საუბრობდა ქართულ ლიტერატურაზე, ადამიანზე, სიტყვის არსზე, დანიშნულებასა და ბევრ საინტერესო საკითხზე. მას უსმენდა ყველა - მოსწავლე, სტუდენტი, აბიტურიენტი, მშობელი და სოციალური ფენის თითქმის ნებისმიერი წარმომადგენელი.

პოპულარული ტელელექციების პარალელურად, ის სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა, იყო თსუ-ს ლექტორი, ჟურნალისტი, რედაქტორი, მოგვიანებით, განათლების მინისტრი, უფრო გვიან კი, პარლამენტის წევრიც...

"წლების განმავლობაში მაყურებელს წინ ვეჯექი, ობიექტივის მომტყუებელი ადამიანი არ დაბადებულა, შეიძლება, პიროვნება მოატყუო, ობიექტივს - ვერა...

არ დავმალავ, სახელი უფრო ტელევიზიის საშუალებით ვიშოვე, ვიდრე საუნივერსიტეტო მოღვაწეობით, თუმცა იმ სატელევიზიო საუბრებს ის საუნივერსიტეტო მოღვაწეობა ედო საფუძვლად. თუ როგორ ვიხარჯებოდი, ეს ეკრანზეც კარგად ჩანდა, ოფლი წურწურით მომდიოდა. ჩემდა საბედნიეროდ, ვერ მივეჩვიე სატელევიზიო გამოსვლას, ისევე ვღელავდი ყოველი გამოსვლის წინ, როგორც პირველი გამოსვლის წინ...

იმ წლებში ყველანაირ სიმართლეს ეკრანიდან ვერ ვამბობდი, მაგრამ რასაც ვამბობდი, იმას გულწრფელად ვამბობდი...

კი, ჭირის ოფლი მასხამდა და ეს საჭირო ოფლი იყო. საკუთარი თავი კიტრივით რომ მოგვწონდეს, - მე ვარ და ჩემი ნაბადიო, არ ივარგებს, უთვალავი ფერით მოცემული სამყარო ერთ ფერად კი არ უნდა გადავთხიპნოთ. ეს თეორიულად კი ვიცით თითქოს, ბევრს გვასწავლის, ჭკუას გვარიგებს, მაგრამ ურემი ხშირად იქ არის, სადაც გადაბრუნდა“... - ყვებოდა თამაზ კვაჭანტირაძე, როდესაც წარსულ სატელევიზიო მოღვაწეობაზე ეკითხებოდნენ.

"ადამიანი, რომელიც არასოდეს წაიფორხილებს, იმ ადამიანის მიმართ, მე პირადად, როგორც კერძო კაცს, რწმენა შეიძლება არ მქონდეს. ე.ი. ის არ არის ცხოვრებას მიხლილ-მოხლილი, არ არის აქტიურად ცხოვრებაში ჩართული, რადგანაც ცხოვრება ორგემაგეა. ამიტომ, ჩემი აზრით, აღარ უნდა დავეცეთ, მაგრამ წაფორხილება და დაცემაც შეიძლება, ის მოუცილებელია ადამიანური ცხოვრებისთვის. შეიძლება, ზოგმა ისიც იფიქროს, ამ დაცემით გამოიწრთობა, გამოიჯირკვება, ყალიბდება ერიო, მაგრამ სულ დაცემა, სულ ძირს გდება და მუხლებზე ფორთხიალი, ერს გადააგვარებს... გონება და სინდისი უფრო ძლიერი იარაღია და მომავალში კიდევ უფრო იქნება, ვიდრე მკლავი და მუშტი. ავანტიურაზე არ უნდა წამოეგო, - დედლობას, მონობას კი არ ვქადაგებ, პირიქით, ერთი სიტყვის მსახური, უბრალო კაცის პირობაზე ვიტყვი, რომ მეც ვებრძვი ამ ამბავს, მაგრამ არანაკლები დაუნდობლობით ვებრძვი ისეთ ნაბიჯებს და პოლიტიკას, რომელიც შენ პირადულ ვნებას და გულს მოგაჯერებინებს, მაგრამ ქვეყანას განსაცდელს შეუქმნის. პიროვნებამ შეიძლება, გასწიროს თავი, მაგრამ ერი არ შეიძლება გაიწიროს რამის გულისთვის... დრო, დრო გამოსცდის ხოლმე ყველაფერს", - ამბობდა თამაზ კვაჭანტირაძე 2013 წელს, თამაზ ტყემალაძის საავტორო გადაცემაში "შეხვედრები მცხეთაში“.

მართლაც დიდია ბატონი თამაზის მიერ გაწეული ღვაწლი და გაცემული სიკეთე. მისი გარდაცვალების დღეს სოციალური ქსელი გადაივსო ნამოწაფრების, ნასტუდენტარების თუ უბრალოდ ტელემაყურებლების მოგონებებით, რომლბიც მისი მსმენელები იყვნენ, მის სასიტყვეთში მასთან ერთად სიამოვნებით მოგზაურობდნენ. არ დარჩენილა თემა, მწერალი, საჭირბოროტო საკითხი, ის რომ არ შეხებოდა და მასზე არ ემსჯელა.

"სასიტყვეთში მოგზაურობას თავისი მიზანი აქვს - ეს მიზანი ქართულ სიტყვათა შეცნობაა, შინაარსების მნიშვნელობათა სიღრმისეული წვდომა. თუ სიტყვათა გულისგულს ჩავწვდებით, მერე თვითონ ეს სიტყვები დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში - შევიცნოთ ჩვენი საზოგადოება და თვით სამყარო. ამიტომ არის ფასეული სიტყვათა სამყაროს წვდომა... თავისუფლების ცნება მარადიულ განახლებას გულისხმობს. თავისუფლება, ისევე როგორც სიყვარული და მიჯნურობა, ყოველდღე ხელახლა მოსაპოვებელია და სისხლხორცეულად არის დაკავშირებული პასუხისმგებლობის გრძნობასთან... წინ, ჩვენი წარსულისაკენ, წინ თავისუფლებისაკენ!“ – ეს ნაწყვეტია თამაზ კვაჭანტირაძის საავტორო "ტელექადაგებებიდან“, რომელზეც უკვე 2002-2004 წლებში მუშაობდა.

ზვიად კვაჭანტირაძე, პოლიტიკოსი:

"თამაზ კვაჭანტირაძე აღარ არის. 81 წლის იყო... წლებია, კაცურად ებრძოდა ვერაგ დაავადებას. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი... სიტყვები უძლურია გადმოვცე, რასაც ახლა განვიცდი. ყველაფერმა ჩამირბინა თვალწინ. რა დამავიწყებს მის ამაგს, მის სიკეთეს, გვერდში დგომას, ჯერ კიდევ ბავშვობიდან. რა დამავიწყებს მის, განსაკუთრებულად სიტყვაკაზმულ საუბრებს, შეგონებებს. დიდი ქართველი დავკარგეთ, ჩვენი ჭირის და ლხინის გამზიარებელი, უდიდესი მასწავლებელი და მოღვაწე.

გულით გისამძიმრებთ მთელს ოჯახს, ჩემო ძვირფასებო და გისამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ დიდებული ადამიანის სახელი, რომელმაც ასე უზომოდ შეგვაყვარა მშობლიური ენა, მშობლიური ლიტერატურა, ჩვენი ისტორია და დაგვიტოვა ყველაზე დიდი ვალდებულება, მუდმივად აღსასრულებლად - "მოვუაროთ საქართველოს“.

ნინო კვაჭანტირაძე, ჟურნალისტი:

"კვირა დღე, 12 საათი, სახლში ვთიშავთ ყველაფერს, რაც ხმას გამოსცემს, ტელელექცია იწყება, მარტო მისი ხმა ისმის - თამაზ კვაჭანტირაძის ხმა. მე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ტელევიზორის წინ დაფენილ ფარდაგზე ვზივარ, დიდი ბლოკნოტით და საწერ კალამით მომაჯვებული, მარცვალ-მარცვალ ვკრეფ მის სიტყვებს და ვიცი, ბოლოს მოგვცემს დავალებას, რომელიც უნდა დავწერო... ასე, მის ხმასთან ერთად, თაობები გაიზარდნენ, მის ქართულ, გემრიელ, ნაღდ სიტყვებთან ერთად გავიზარდეთ ჩვენც... მადლობა, ბატონო თამაზ, იმ სწავლებისთვის, შთაგონებისთვის, შეგონებისთვის, იმ წუთებისთვის!

დღესაც კვირააა და მისი ხმა უკვე სამუდამოდ უნდა დავიმახსოვრო და მისი დავალება - "მოუარეთ საქართველოს“.

თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა!“

ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი:

"თამაზ კვაჭანტირაძე ისტორიის ნაწილი გახდა. მისი ბრწყინვალე სატელევიზიო ლექციები, მისი ექსკლუზიური ტემბრი არასოდეს დამავიწყდება. მშვიდობით, ბატონო თამაზ!“

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

"მოგზაურობა სასიტყვეთში“ - ასე ერქვა იმ სატელევიზიო ლექციებს, რომელსაც სიტყვის დიდოსტატი თამაზ კვაჭანტირაძე კითხულობდა. სულ პირველი ჩემი ეკრანზე გამოჩენა სწორედ ამ ლექციებს უკავშირდება, სადაც სტუდენტ მსმენელს "ვთამაშობდით“ მე და ჩემი "თეატრალურის“ რამდენიმე ჯგუფელი. ერთ-ერთი დიდი შთაბეჭდილება ჩემს სიყმაწვილეში განათების, კამერისა და პროცესის დროს. დაღლას ვერც ვიგებდით, ისე მონუსხულნი ვუსმენდით. გვამოგზაურებდა ქართული სიტყვისა და მის ჯადოსნურ სამყაროში. ძალიან მიყვარხართ, ბატონო თამაზ. მშვიდობით“.

ხატია მოისწრაფიშვილი, ჟურნალისტი:

"თამაზ კვაჭანტირაძე საოცარი ისტორია მაკავშირებს ამ დიდებულ მეცნიერთან. თსუ-ში რომ ვაბარებდი, ისტორიის ფაკულტეტზე, ერთ ადგილზე 40 კაცი მოდიოდა (იყო ასეთი დრო) 4 გამოცდიდან, 4 ხუთიანი იყო მხოლოდ გამსვლელი. ქართულ წერაში 4 მივიღე და დანარჩენ სამ ხუთს, არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ბატონი თამაზი იმხანად საპროტესტო კომისიას ხელმძღვანობდა. იმედი არ მქონდა, თუმცა მაინც შევიტანე საპროტესტო განაცხადი. მახსოვს ხალხით გადაჭედილი უზარმაზარი აუდიტორია, ბატონი თამაზი ფურცლებით ხელში და მისი გამორჩეული ტემბრით ნათქვამი სიტყვები: "ეს არის ერთ-ერთი აბიტურიენტის მიერ დაწერილი თავისუფალი თემა, სხვათა შორის ერთადერთი თავისუფალი თემა წელს. შეფასებულია 4-ზე და მე ამ ნიშანს უპირობოდ ვცვლი 5-ით. ვულოცავ აბიტურიენტს მინიჭებული ნომრით... დარბაზში ტაშის ხმა გაისმა და დიდხანს ვერ მივხვდი, რომ ეს აბიტურიენტი მე ვიყავი. ვისაც ახსოვს ის დრო, იმასაც მიხვდება, რა სირთულის და მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო მაშინ ამ არაჩვეულებრივმა პიროვნებამ. სამართლიანობის ეს საოცარი აქტი მთელი ცხოვრება მომყვება. მადლობა ბევრჯერ მითქვამს მოგვიანებით მისთვის და ახლაც მადლობას ვეუბნები. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ისტორიები ბევრ სხვასაც ექნება“.

ბატონ თამაზზე მეც მაქვს ერთი ასეთი მოგონება, როდესაც პირველად, წლების წინ, ინტერვიუს შესათანხმებლად დავურეკე, ხუმრობით მომიგო, - ალბათ ბევრ სხვა თემასთან ერთად, სავარაუდოდ, ჩემს როლინგზეც შემეკითხებით. გამეცინა, რადგან ამის კითხვას არ ვაპირებდი, თუმცა მაშინვე მკაფიოდ გამახსენდა ის კადრები, როცა ის ყოველ კვირა, იმ სატელევიზიო ლექციებს სწორედ თეთრ როლინგში გამოწყობილი ატარებდა.

არ გკითხავთ, მაგრამ თუ თავად მოისურვებთ, სიამოვნებით მოვისმენ ამ შეკითხვაზე პასუხს-მეთქი, - მივუგე. მართლაც ვკითხე და მიპასუხა, - როლინგის სტაბილურობა უფრო ჩემი ხასიათიდან მოდის. იმჟამად ეკრანიდან ჩვეულებრივად "ჩაგალსტუკებული“ ხალხი გვმოძღვრავდა. ჰალსტუხი იმ პერიოდში ნომენკლატურულობის სიგნალად აღიქმებოდა, და ჩემი, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო პროტესტი უჰალსტუხობაშიც გამოიხატებოდაო...

  • ambebi.ge უსამძიმრებს საქართველოს დიდი მეცნიერის, პედაგოგის და ქართული სიტყვის დიდი ქომაგის გარდაცვალებას!