ავტორი:

"იყო დიდი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა... ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში" - ლელა წურწუმია

"იყო დიდი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა... ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში" - ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მკურნალობას განაგრძნობს და ექიმების გადაწყვეტილებით, ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნება. მომღერალი ტელეკომპანია "მთავარის“ ეთერში ჩაერთო და პირველად გასცა იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც ამ დღეებში საზოგადოებას აწუხებდა.

წურწუმიას თქმით, ის კორონავირუსით ინფიცირებას ბათუმის კონცერტს არ უკავშირებს და კმაყოფილია, რომ აცრილია, რადგან სხვა შემთხვევაში ფიქრობს, რომ მისი გართულებული მდგომარეობა მკურნალობას ასე მარტივად არ დაექვემდებარებოდა.

ლელა წურწუმია:

- სამი წლის წინ გავიკეთე ყელზე ოპერაცია და ალბათ ეს თვისება აქვს ამ საშინელ ვირუსს, რომ იქ გარტყამს, სადაც სუსტი წერტილია. კლინიკაში მოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ხრჩობა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან მიშველა. პირველად სტაციონარში რომ შემოვედი, მკითხეს, ვიყავი თუ არა აცრილი. დღის მეორე ნახევარში უკვე ფეხზე ვიდექი, ჩემი მდგომარეობა ძალიან ადვილად დაემორჩილა მკურნალობას. არ ვიცი სხვა შემთხვევაში როგორ იქნებოდა, ყელი შიგნიდან და გარედან შეშუპებული მქონდა.

იყო ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა, მე კლასტერი არ მყოლია, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც არ დამიინფიცირებია. დღეს კლინიკაში ვარ და აქ წოლა არ მეხალისება, ესენი - ხალხი, ექიმები არიან გმირები. ის კი არა, რომ ლელა წურწუმია ვარ და მე მექცევიან ასე, ყველა პაციენტს ასე ექცევიან.

ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში. კედელზე მიყუდებულებს 15 წუთი თუ ჩათვლემს პერსონალს.

კორონავირუსით ბათუმში დავინფიცირდი, დაუცველი სიტუაციაა. ბევრი ტურისტია, რომლებიც არ იცავენ რეგულაციებს. თავიდან წვიმაში მოვყევი, ძალიან გავცივდი და ტანზე შემაშრა ტანსაცმელი. იმის გამო, რომ იმუნური სისტემა დამიქვეითდა, ალბათ, ამიტომ დავინფიცირდი ადვილად. როგორც კი მივხვდი, რაღაც არ იყო წესრიგში, სწრაფი ტესტი გავიკეთე და არ დამიდასტურდა. შემდეგ პსრ ტესტით გადავიმოწმე და დადებითი იყო. მაშინვე წამოვედით თბილისში, გზაში ორჯერ გავჩერდით, ვიხრჩობოდი, დილას კლინიკაში რომ შემომიყვანეს, იმედი გამიჩნდა...

ეს ვირუსი ისეთი მოდებულია, რომ ყველგან არის. ძალიან ცოტა ადამიანი თუ გადაურჩება. ყველაფერს ვიცავდი, ორი წელი როგორ შევინახე თავი, არ ვიცი. როდესაც დამიდასტურდა, გულწრფელად გეუბნებით, აცრილი რომ ვიყავი, არ მეშინოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ომი, ყველაფერი თავიდან მოდის. სასურველი იყო, რომ აქ არ მოვხვედრილიყავი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვამბობ, არცერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა ორჯერ აცრილზე.

ბევრი გამოხმაურებაა, წერენ, ლელას კლასტერი და ბათუმის კონცერტი, ეს არის ჩემი სამსახური და ეს არ არის ჩემი გართობა. როგორც თქვენ მუშაობთ, ისე ვმუშაობ მეც. მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა ჩემი მაყურებლისა და ოჯახის წევრების, ახლობლების მიმართ. გაუფრთხილდით ერთმანეთს. სოლიდარობა ყველას, ვინც ახლა ვირუსს ებრძვის".