ავტორი:

"სამივე დაჭრილი ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“ - წინანდლის სისხლიანი გარჩევის დეტალები

"სამივე დაჭრილი ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“ - წინანდლის სისხლიანი გარჩევის დეტალები
  • ფოტოკოლაჟზე: ზურაბ ზვიადაური და მისი გარდაცვლილი ძმა ზვიადი

ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაკავებულია, გამოძიება მას 27 წლის მამაკაცის - ნიკოლოზ კენჭოშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. 16 აგვისტოს, საღამოს, წინანდალში, მუხიანის ტყეში ყოფილი დეპუტატის ძმა და მისი მეგობარი ML- ის მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს. მოკლულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით და დანით აქვთ მიყენებული. კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ზურაბ ზვიადაურის გარდა, სამართალდამცველებმა მომხდარის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

გუშინ წინანდლის ტყეში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ორმხრივი სროლის შემდეგ, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაიჭრა. სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, ცხედრები თელავის რეფერალური საავადმყოფოდან გვიან ღამით გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, სამივე მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მათ სხეულზე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდათ. დანარჩენი 2 დაჭრილი კი ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილის მხრიდან, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნიკა კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ცოცხალაშვილი, 1976 წელს დაბადებული ზვიად ზვიადაური, 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ცოცხალაშვილი და ზვიადაური შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული კენჭოშვილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს".

ქეთევან სულიაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობს, "ტვ პალიტრას“ უყვება:

"დაახლოებით 7 საათი იყო, კაცების ჩხუბი შემომესმა, კაი ხანს ყვიროდნენ, დაახლოებით 10 წუთი. ყვირილი სროლის შემდეგ გავიგე, არ გამირჩევია, რას ამბობდნენ. ავტომატის ხმა იყო, კი ვარჩევ პისტოლეტის ხმისგან. აქვე კოტეჯები შენდება, როგორც ადგილობრივი, ისე დასავლეთიდან ჩამოსული მუშებიც მუშაობენ. არ ვიცი, მათ შორის იყო კონფლიქტი თუ - არა. ტელევიზიით გავიგე, ძმები ზვიადაურებიც აქ ყოფილან. მეც ბიჭების პატრონი ვარ და ძალიან მეშინია“.

ambebi.ge-ს წყარო შემდეგს უყვება:

"მუხიანის ტყეში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდაპირველად მუშებს შორის დაიწყო დაპირისპირება. ახმეტელი მუშა უცემიათ, რომელმაც დასახმარებლად ზვიად ზვიადაურის მხარეს დაურეკა. საქმის გასარჩევად ზვიადაურები, მეგობრებთან ერთად, ასულან. მათ მუშებს მიუთითეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც მოჰყვა შელაპარაკება, შემდეგ კი შეიარაღებული დაპირისპირება. როგორც ამბობენ, პირველმა ცეცხლი ზვიადაურის მეგობარმა ვასილ ცოცხალაშვილმა გახსნა მუშების მისამართით. მეორე მხრიდან ნიკა კენჭოშვილმა ისროლა და ორი ადამიანი მოკლა (ზვიადაური და ცოცხალაშვილი), ორი კი დაჭრა. ამის შემდეგ გახსნა ცეცხლი ზურაბ ზვიადაურმა კენჭოშვილის მისამართით. სამივე დაჭრილი, მათ შორის ისიც, ვისაც თვითონ ესროლა, ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“, - ამბობს წყარო.

"გარდაცვლილებიდან ორი, ზვიადაური და ცოცხალაშვილი ახმეტელები არიან, მესამე გარდაცვლილი ვინ არის, არ ვიცი. სავარაუდოდ, მეორე მხარეა, არ ვიცი ზუსტად. ზვიად ზვიადაური ძალიან კარგი ბიჭი, 4 შვილის მამა იყო, მისი მეგობარია ცოცხალაშვილი, მას ერთი შვილი დარჩა. საშინელი ამბავია, დიდი უბედურება მოხდა", - განაცხადა kvirispalitra.ge- ისთან ახმეტაში მერის წარმომადგენელმა გელა ჯუგაშვილმა. იხილეთ სრულად

ზვიადაურების ოჯახი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.