ავტორი:

"ანტირეკორდი მოსალოდნელი იყო..." - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე

"ანტირეკორდი მოსალოდნელი იყო..." - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე

რეგულაციები შემოღებულია სულ რამდენიმე დღეა და აქედან გამომდინარე, შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და ამის მოლოდინი არც ჩვენ არ გვქონია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებლის ზრდის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ანტირეკორდი ჯერჯერობით მოსალოდნელი იყო.

"ანტირეკორდი ჯერჯერობით მოსალოდნელი იყო, ვინაიდან 80% შედეგის დადგომა შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ 2 კვირის შემდეგ იქნება განხილვაში. რეგულაციები შემოღებულია სულ რამდენიმე დღეა და აქედან გამომდინარე, შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და ამის მოლოდინი არც ჩვენ არ გვქონია", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ვაქცინაციის შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საკმაოდ რთული ვითარების გამო, სასურველი იქნება ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

"აქცინაციის მაჩვენებელი არის ძალიან კარგი ვინაიდან პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ვაქცინაციის კალენდარს და ვმუშაობდით ჩვენს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის გათვლილი იყო, რომ დღიური ვაქცინაცია უნდა ყოფილიყო 20 ათასი დღეში, თუმცა ჩვენ აქაც გვაქვს რეკორდი და უკვე 2 კვირის მანძილზე 25 ათასს ვაჭარბებთ ვაქცინირებულების რაოდენობით. ეს არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ აღმავალ ტალღაზე და არის საკმაოდ რთული ვითარება, სასურველი იქნება ეს შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა ღონისძიება მაქსიმალურად ეფექტურად გატარდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსჯელობები გაგრძელდება ვინაიდან, ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება და ყველაფერი დროული იყოს“,-განაცხადა ტიკარაძემ.