ახალ ზელანდიაში, თებერვლის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების პირველი და ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა ქვეყნის მასშტაბით, სრული ლოკდაუნი გამოაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს იყო დელტას გადამდები ვარიანტი, თუმცა გენომის გამოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლის განცხადებით, ვირუსი ოკლენდში მცხოვრებ 58 წლის, აუცრელ მამაკაცს დაუდასტურდა. მან ქვეყნის სხვა ნაწილებშიც იმოგზაურა და აშკარაა კავშირებიც ჰქონდა სხვა პირებთან.
აქედან გამომდინარე, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ახალი ზელანდია მკაცრი რეკომენდაციების ქვეშ იქნება. გამოცხადდა მკაცრი შეზღუდვები, პრემიერმა ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიაში მკაცრი იზოლაცია ერთი წლის წინაც იყო გამოცხადებული. უშუალოდ ოკლენდში და კორომანდელის ნახევარკუნძულზე, სადაც პაციენტი მოგზაურობდა, სავარაუდოდ, ერთკვირიანი მეოთხე დონის კარანტინი გამოცხადდება.
CNN - ის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში სრულად იმუნიზირებულია მოსახლეობის 20% -ზე ნაკლები. ამ თვის დასაწყისში, ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან გეგმავს დაბალი რისკის ქვეყნებიდან ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნას, რაც პანდემიის გამო შემოღებული მკაცრი სასაზღვრო კონტროლის შემსუბუქებაზე მიუთითებს.
მოამზადა თეონა რამაზაშვილმა