ავტორი:

"სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის" - თამარ გაბუნია ეპიდვითარების შესახებ

"სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის" - თამარ გაბუნია ეპიდვითარების შესახებ

ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრევენციული ზომები ზედმიწევნით, მკაცრად უნდა იყოს დაცული.

"გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე.

გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა", - აღნიშნავს გაბუნია და დასძენს, რომ ამ ეპიდვითარების ფონზე "ვაქცინებზე მოქალაქეების აქტიურობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, 25 ათასი აცრა ტარდება ყოველდღიურად".

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალი თბილისშია მოწყობილი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში არსებობს გეგმა, რომ დანარჩენ რეგიონებშიც განთავსდეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჯერ კიდევ არის ჰოსპიტალურ სექტორში რესურსის მობილიზების შესაძლებლობა.

„სავალე ჰოსპიტალი დღეს თბილისშია უკვე გაშლილი. ასევე არის მეორე, სარეზერვო ლოკაციაც. ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არის ჰოსპიტალურ სექტორში რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, ამაზე მიდის მუშაობა. როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონში ემატება საწოლები. ზოგ რეგიონში ახლა დაიწყო ინფექციის აღმავლობა, იქ არის მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ჯერ საველე ჰოსპიტლები თბილისშია, თუმცა, რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, რომ თუ საჭირო იქნება სხვაგანაც შესაძლებელია ამის გაკეთება",- აღნიშნავს გაბუნია.

როგორც გაბუნია დასძენს, კორონავირუსის მართვაში ჩართულები არიან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, მათ შორის, ინდოეთიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულები. " სამედიცინო სკოლებში ბევრი ინდოელია. კარგია, რომ მათაც გამოთქვეს სურვილი, კვალიფიკაცია აქვთ შესაბამისი, მათი ჩართულობა დაგვეხმარება", - აღნიშნავს გაბუნია.